May 17, 2024

"დასავლეთს არ სურს, რომ მსოფლიომ დაინახოს ეს ომი, როგორც კონფლიქტი მათსა და რუსეთს შორის"

სამწუხაროდ, უკრაინის ომი კაი ხანს გაგრძელდება. მე მახსოვს რამდენიმე ომის მსვლელობა, მათ შორის სეპარატისტული ომები 1990-ების დასაწყისში, კერძოდ აფხაზეთის ომი. ეს იყო როგორც მესმის ტიპური "მართვადი კონფლიქტი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკოლოგი დავით თარხნიშვილი წერს.

 

ისივე თქმით, რუსეთი მთელი ძალით არ ჩართულა თავიდან ომში, "აცალა", მისცა საშუალება თავისი ტერიტორიიდან შემოსულიყო ბოევიკები და იმდენ იარაღს აწვდიდა საკუთარ პროქსის, რომ კონფლიქტი გაწელილიყო. 

 

"თანდათან, როდესაც საქართველო ჩათრეული იყო ომში და წინსვლას ვერ ახერხებდა, საზოგადოებრივი აზრი მსოფლიოში ამ ომს აღიქვამდა როგორც შიდაქართულ პრობლემას, რომელსაც ქვეყანა თავისი ძალით ვერ წყვეტს, ჩაერია სულ უფრო, მათ შორის ავიაციით და მიიყვანა ისეთ დასასრულამდე, რომელიც მას სურდა. ამის შედეგად არც არავის დიდად უსაყვედურია რუსეთისთვის, რადგანაც მან დაარწმუნა გარე მოთამაშეები, რომ რაღაცნაირ წესრიგს მაინც ამყარებს რეგიონში. ანალოგიურად ბევრი სხვა კონფლიქტიც ვითარდებოდა. 

 

რატომღაც ვიფიქრე, რომ ახლა უკრაინის ომი გარკვეულად ანალოგიურად ვითარდება (იმ განსხვავებით, რომ იმ ომის დაწყებაში "ძლიერ მოთამაშეს", ანუ რუსეთს, გადამწყვეტი როლი მიუძღვის, ხოლო ახლანდელი ომი ერთმნიშვნელოვნად რუსეთის დაწყებულია და ამერიკა/ ევროპა უნებლიედ აღმოჩნდნენ სიტუაციაში, როდესაც რაღაც უნდა მოიმოქმედონ). დასავლეთს არ სურს, რომ მსოფლიომ დაინახოს ეს ომი, როგორც კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაშიც რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს მსოფლიო.  ამიტომ უკრაინის დახმარება შეზღუდულია და კონფლიქტი სულ უფრო იწელება. 

 

გარკვეული დრო უნდა გავიდეს, როგორც ჩანს, რომ მთელმა მსოფლიომ, მათ შორის განვითარებადმა ქვეყნებმაც და ამერიკის ან ევროპის მოსახლეობის ხისთავიანმა ნაწილმაც, დაინახონ, რომ რუსეთი ნამდვილად ვერაფერს ახერხებს და მეტი დახმარების დროა, ისეთის, რომელიც ამ ომში საბოლოო წერტილს დასვამს. თუმცა დიდი ანალიტიკოსი არ ვარ და შესაძლოა ვცდები.

 

P.S. ცხადია არსებობს პრინციპული განსხვავებები ამ კონფლიქტებს შორის. საქართველო იცავდა საკუთარ საზღვრებს, რუსეთი აგრესიას ახდენს და დამპყრობლურ ომს ეწევა. საქართველო მაშინ დასავლეთის გზისთვის და დემოკრატიისთვისაც იბრძოდა, რუსეთს კი ფაქტობრივად მსოფლიოში დომინირება სურს და არაადამიანური, საზიზღარი რეჟიმის ექსპორტი. ლაპარაკია მხოლოდ საომარი მოქმედებების ლოგიკაზე, - წერს დავით თარხნიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ომი 24 თებერვალს დაიწყო. 24 თებერვლიდან 8 მაისამდე პერიოდში, რუსეთმა უკრაინასთან ომის დროს 25 500 სამხედრო დაკარგა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ლიკვიდირებულია 1 130 ტანკი (ბოლო 24 საათში 8), 2 741 ჯავშანტექნიკა (ბოლო ერთ დღეში 28), 509 საარტილერიო სისტემა და 179 სარაკეტო სისტემა, 86 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 199 თვითმფრინავი და 156 შვეულმფრენი, 1 961 მანქანა და ტანკერი.

 

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, განადგურებულია ასევე 12 ხომალდი, 360 ოპერატიულ-ტექნიკური დრონი, 39 სპეციალური ტექნიკა და 92 საკრუიზო რაკეტა.

წაკითხვა 269 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.