არსებობს თუ არა გამოსავალი თურქეთის მიერ ნატოში შვედეთისა და ფინეთის მიღების დაბლოკვით

ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მე-10 მუხლი განმარტავს ნატოში ახალი წევრის მოწვევის წესს - ეს ხდება მხოლოდ ერთხმად, ყველა წევრის თანხმობის საფუძველზე. ანუ, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი მხარს არ დაუჭერს, შვედეთს და ფინეთს ნატოში ოფიციალურად ვერ მიიწვევენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი კახა გოგოლაშვილი წერს.

მისივე თქმით, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება მნიშვნელოვნად გაზრდის ალიანსის შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ბალტიის ზღვის აუზში, სადაც პრაქტიკულად სრულ სტრატეგიულ უპირატესობას მიაღწევს რუსეთზე. 

 

"ეს ხომ უბრალოდ ორი პატარა ქვეყნის გაწევრიანებას არ ნიშნავს. შვედეთს ძალიან ძლიერი საჰაერო ძალები ჰყავს, უახლესი 450 მეოთხე+ თაობის მოიერიშე-ბომბდამშენები, ხოლო ფინეთს კი რეგიონში საუკეთესოდ გაწვრთნილი და შეიარაღებული სახმელეთო ძალები და უაღრესად ბრძოლისუნარიანი მრავალ ასეულ ათასიანი მოტივირებული რეზერვი.    

 

მაშინ, როდესაც ნატოს ყველა დანარჩენი ქვეყანა მათი წევრობის მოსურნეა, რა გამოსავლის  მოფიქრებაა შესაძლებელი, თუკი თურქეთი დაბლოკავს ნატოში შვედეთისა და ფინეთის მიღებას? ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ყველაზე უბრალო, მაგრამ ძვირადღირებული გამოსავალია ახალი ალიანსის შექმნა ნატოს პარალელურად. ანუ, ნატოს ყველა წევრი ქვეყანა გარდა თურქეთისა (ან კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნის გამოკლებით) ქმნის ახალ კავშირს ანალოგიური კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებით და იქ შეჰყავს ფინეთი და შვედეთი.  

 

როგორც ბოლო დროინდელმა მოვლენებმა გვიჩვენა, ასეთი ალიანსის შექმნაში შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და კიდევ რამდენიმე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფო. ფორმალურად ეს აბსოლუტურად შესაძლებელი ვარიანტია. მხოლოდ რთულდება ახალი ალიანსის მიზნებისთვის ნატოს ერთიანი ინფრასტრუქტურის - გაერთიანებული შტაბების, სამდოვნოს, კომიტეტების, სამხედრო ბაზების, სხვათა გამოსაყენებლად მანდატის საკითხი. ამავე დროს პარალელური სტრუქტურების შექმნა ძვირადღირებული საქმეც იქნება.  ამიტომ, მნიშვნელოვანია თურქეთის იმაზე მაინც დაყოლიება, რომ მან არ დაბლოკოს ნატოს სტრუქტურებისა და ინფრასტრუქტურის გამოყენება ახალი ალიანსისთვის. ტექნიკურად ეს შესაძლებელია, რადგან, მაგალითად 2003 წელს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირი დიდი ხანია იყენებს ნატოს სამხედრო შტაბებს საკუთარი სამხედრო ოპერაციების დაგეგმვისა და მართვისთვის. თუმცა, ამ ახალ ალიანსთან ნატოს მიერ გაფორმებული შეთანხმებით მას ალბათ არ ექნება უფლება გამოიყენოს იზმირში ნატოს სამხედრო-საჰაერო ბაზა. მაინც პრობლემატურად დარჩება ნატოს შტაბებისა და სამსახურების ამ ახალი ალიანსისთვის გამოყენება, რადგან იქ თურქეთის წარმომადგენლებიც საქმიანობენ. ასევე გასათვალისწინებელია ნატოს სამდივნოს, შტაბების, სამსახურების, ცენტრების, სამხედრო ძალების (მათ შორის სწრაფი რეაგირების ძალების), სადაზვერვო და სხვა სტრუქტურების შენახვის ხარჯებში თურქეთის ფინანსური კონტრიბუციაც. ახალი ალიანსის მიერ აღნიშნული ადმინისტრაციული და სამხედრო საშუალებების გამოყენებისთვის კვლავ  აუცილებელი იქნება თურქეთის თანხმობა და, თუ თურქეთი პრინციპულად წინააღმდეგი იქნება, ამას ვერ შეძლებენ.  თუმცა  გამოსავალი აქაც შესაძლოა იყოს ნატოს სტრუქტურების შენახვაზე თურქეთისთვის დაწესებული ფინანსური გადასახადის შემსუბუქება.  

 

არის კიდევ ერთი სამართლებრივი გზა, რომელზეც შესაძლოა თურქეთი დაითანხმონ.  მართალია, ჩრდილო ატლანტიკური შეთანხმების ძირითადი დედაარსი, სწორედ მის მეხუთე მუხლში დევს,  შეიძლება შესთავაზონ, რომ თურქეთმა თავი შეიკავოს (დათქმის სახით) ამ მუხლით დაწესებულ ვალდებულებაზე შვედეთსა და ფინეთთან მიმართებაში. მან შეიძლება დაუშვას და მოაწეროს ნატოში მათ გაწევრიანებას ხელი, მაგრამ ამ სახის დათქმით.   

 

მოკლედ, გამოსავალი შეიძლება ყოველთვის მოიძებნოს, მაგრამ მგონია, რომ თურქეთს მაინც დაითანხმებენ ყველაზე მარტივზე, შვედეთის და ფინეთის ნატოში მიღებაზე, ხოლო ვის რა დაუჯდება და რა ფასს გადაიხდიან ამაში თავად აპლიკანტი ან მათი მხურვალე მხარდამჭერი ქვეყნები ამის შესახებ ისტორიკოსები მხოლოდ 50 წლის შემდეგ დაწერენ,"- წერს კახა გოგოლაშვილი. 

 

შეგახსენებთ, რომ ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ უკრაინაში საომარი ვითარების დაწყების შემდეგ განაცხადეს.

წაკითხვა 263 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.