"სასიამოვნოდ გამაოცა საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობის აწონილმა პოლიტიკამ"- თინა კანდელაკი

ჟურნალისტი თინა კანდელაკი  საქართველოს შესახებ, სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და  პასუხობს კითხვას, თუ რატომ არ წერს ხოლმე თავისი მშობლიური ქვეყნის შესახებ და საქებარ სიტყვებს არ იშურებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ.

 

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

 

„ძალიან ხშირად მეკითხებიან, რატომ ვწერ ჩემს მშობლიურ საქართველოზე ასე იშვიათად.

 

ცუდის შესახებ წერს არ მინდა, ბოლო წლებში კი კარგი ამბავი იქიდან არ მოსულა. ხან პარლამენტში გავრილოვი არასწორ სავარძელში ჩასვეს, ხან პოზნერს ჩაუშალეს დაბადების დღე. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ინციდენტის უკან იდგა ყოფილი მმართველი პარტია, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობს, მისი ელექტორატი ყოველ წელს უფრო მცირდება, ეს კი თავის მხრივ პოლიტიკური სისტემის სტაბილიზებას უწყობს ხელს.

 

სასიამოვნოდ გამაოცა საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობის აწონილმა პოლიტიკამ. უკრაინელმა ტექნოლოგებმა, ბოლო მოვლენების კონტექსტში, რამდენჯერმე სცადეს „ქართული კარტის“ გათამაშება. უკრაინის ოფიციალური პირები საქართველოსგან ითხოვდნენ „მეორე ფრონტის“ გახსნას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და რაღაც ზეციური სანქციების შემოღებას რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინელმა პროპაგანდისტმა არესტოვიჩმა, რომელსაც ცნობადობა არ აკლია, აღნიშნა, რომ სააკაშვილი არც დაფიქრდებოდა, ისე დაუჭერდა მხარს მოძმე უკრაინას, მათ შორის, სამხედრო გზითაც. როგორც ჩანს, ბატონ არესტოვიჩს დაავიწყდა, რომ ქართველები ჯერ კიდევ ათი წლის წინ გამოემშვიდობნენ მიშას და ის გასტროლებზე გაგზავნეს უკრაინაში.

 

„ქართული ოცნების“, საქართველოს მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ გამოხატა მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიული პრობლემების სამხედრო გზით გადაჭრასთან დაკავშირებით, ხოლო რუსეთის მიმართ სანქციების გამოცხადება საკუთარ ფეხში ტყვიის სროლად შეაფასა.

 

გარდა ამისა, მსოფლიო ფსიქოზის მიუხედავად, რასაც ჩვენ ვხედავთ პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და სხვა ქვეყნებში, ამ წელს გამარჯვების დღე საქართველოში ძალიან თბილად და სწორად აღნიშნეს, ვეტერანების პარკებისა და მემორიალების რესტავრაციით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენელთა შეხვედრებით, სახელმწიფოს მხრიდან ფულადი ჯილდოების მათთვის გადაცემით და სხვა მრავალი ნაბიჯით.

 

რაც უნდა ეცადონ დასავლელმა პარტნიორებმა, რომ ამოშალონ მეხსიერებიდან ერთიანი  საბჭოთა ნაციის დიდებული გმირობის შესახებ, საქართველოში ამის გაკეთება შეუძლებელია. საქართველოს მოსახლეობის 1/5 (700 000 კაცი) ფრონტზე წავიდა 1941 წელს და უკან ცოცხალი დაბრუნდა ნახევარზე ცოტა მეტი. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 164 ქართველ მებრძოლს მიანიჭეს. რაიხსტაგზე გამარჯვების ალამი რუს ეგოროვთან ერთად ქართველმა ქანთარიამ ასწია. ბოლოს და ბოლოს, მაშინდელი ქვეყნის პირველ პირებს შორის იყო ორი ქართველი – ჯუღაშვილი და ბერია.

 

ამის შესახებ მოგონება უნდა შენარჩუნდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც. არანაირ სააკაშვილს არ შეუძლია ამის წინააღმდეგ წასვლა. სააკაშვილი უკვე დავიწყებულია და წარსულშია, ის, რაც დავიწყებული არაა, ეს გახლავთ დიდი საბჭოთა ფილმი, რეზო ჩხეიძის „ჯარისკაცის მამა“, რომელიც ჩემზე უკეთ განმარტავს, რას ნიშნავს თითოეული ქართველისთვის ფაშიზმზე გამარჯვება, გამარჯვება კაცობრიობის მთავარ ბოროტებაზე.

 

ვიმედოვნებ, რომ საქართველოდან ამ დადებით სიგნალებს ვხედავ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი კოლეგები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. დიახ, ქვეყნებს შორის არცთუ მარტივი ურთიერთობებია. არის უამრავი გადაუწყვეტელი საკითხი და განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დადგა დრო, მეგობრობის თუ არა, მინიმუმ ამ მიმართულებით მოძრაობის დაწყების. ამისთვის პირველი ნაბიჯი შეიძლებოდა გამხდარიყო საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება.

 

აქვე ინფორმაციისთვის დავამატებ:

 

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასასვლელად ვიზა არ სჭირდებათ.

 

საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს ევროკავშირში.

 

ჩვენი წინაპრები კუბოში გადატრიალდებოდნენ, რომ იცოდნენ, ქართველებს მოსკოვში არ უშვებენ, ხოლო ბერლინში – კი ბატონო…“- წერს თინა კანდელაკი.

წაკითხვა 571 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 23 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.