"ოცნების" ყველა დისიდენტი ამ გზას გადის - ურტყამს ბიძინას ვეზირებს, მაგრამ თავად ბიძინას უფრთხილდება"

ბიძინა ივანიშვილისათვის საკუთარი ერთგულების დამტკიცებისა და კობახიძე-ღარიბაშვილის „ჩაშვების“ მცდელობად აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას ანალიტიკოსი გია ნოდია. ნოდია მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ გზას დაადგა, რომელსაც „ოცნებიდან“ მისი წინამორბედი „დისიდენტები“ ადგებიან ხოლმე.

„სალომე ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლაში ყველაზე საინტერესო იყო მცდელობა, „ოცნების“ ლიდერები „ჩაეშვა“ ივანიშვილთან, ანუ ბიძინასთვის ეთქვა: კობახიძე-ღარიბაშვილი შენზე კარგად არ მუშაობენ, მათი ბრალია, რომ ასეთი ცუდი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა. ჩემზე რომ დაგედო ფსონი, მე ევროპაში უფრო კარგად მოვაკვარახჭინებდი საქმეს.

 

ყველა „ოცნების“ დისიდენტი ამ გზას გადის: ურტყამს ბიძინას ვეზირებს, მაგრამ თავად ბიძინას უფრთხილდება: იქნებ ის აზრზე მოვიდეს და მიხვდეს, ვინ არის მისი ნამდვილი მეგობარი. სალომემაც მიანიშნა თლა-უფროსს, რომ კობახიძის და ღარიბაშვილის ტყვეობიდან მისი გამოხსნა უნდა. აქამდე ამ თამაშიდან არავის არაფერი გამოსვლია, მეეჭვება სალომემაც რამეს მიაღწიოს. თუმცა, ბიძინასას რას გაიგებ. არ გამოვრიცხავ, რომ მან რომელიმე თავისი ვეზირის დასჯა მაინც გადაწყვიტოს - ეს სხვა საქმეა,“- წერს გია ნოდია.

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისათვის მოგებიანი ნაბიჯია პრეზიდენტის მიერ დაანონსებული 16 ივნისის შეკრებაც.

 

„აქციების გაორებაც ბიძინასთვის, წესით, მოგებიანია, თუმცა ირაკლებისთვის არასასიამოვნოა, რაკი ინიციატივა სალომესგან მოდის.

 

რაც შეეხება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭებას, ამ საკითხთან სალომეს ინიციატივა საერთოდ არ არის კავშირში. თუ რაიმე გადაწყვეტილება 17-ში უნდა გამოცხადდეს, 16-ის მიტინგი მასზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს,“- წერს გია ნოდია.

 

ცნობისათვის, აქტიური გამოხმაურებები მოჰყვა პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს, სადაც პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებები გააჟღერა. პრეზიდენტმა გააკრიტიკა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილისათვის პერსონალური სანქციების მოთხოვნის შეტანა და ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას დააკისრა.

 

„გაფუჭებული საქმე არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ყველაზე კარგად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა, იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციაში,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 226 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.