"ელექტრონული რეცეპტების სისტემა გვაქვს, მაგრამ ეს უნდა მუშაობდეს" - მაია ბუწაშვილი

ოფიციალურად ჩვენ ელექტრონული რეცეპტების სისტემა გვაქვს და ძალიან კარგი სისტემა შეიქმნა, მაგრამ ეს უნდა მუშაობდეს, ისევ ურეცეპტოდ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მედიკამენტის ყიდვა აფთიაქში და ამაზე კონტროლი თვითონ ჯანდაცვის მუშაკების მიერ უნდა იყოს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა და კლინიკა „ნეოლაბის“ ხელმძღვანელმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება.

 

„ჩვენთან მედიკამენტების გაყიდვები დიდ მასშტაბებს აღწევს, ისედაც პაციენტებისგან ყოველთვის ექიმზე არის წნეხი, რომ რაც შეიძლება მეტი წამალი უნდა დაენიშნოს. რაღაცნაირი განწყობა აქვს ადამიანებს, რომ აუცილებლად მედიკამენტით უნდა მოირჩინონ დაავადება. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ჯანდაცვის მუშაკებშიც გვაქვს და დასამალი არ არის, რომ ზოგჯერ არასაჭირო მედიკამენტები ინიშნება, ზოგჯერ კი ერთი და იგივე დანიშნულების ორი და სამი მედიკამენტი ინიშნება. სერიოზული მუშაობაა საჭირო და ალბათ, შესაბამისი სტრუქტურებიდან მეტი კონტროლი გვჭირდება. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ჩვენთან ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, სულ ამაზეა საუბარი, მაგრამ ეს საკითხი არ მოგვარდა და კიდევ უფრო უარესდება. კოვიდის პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა ეს საკითხი, იმიტომ, რომ ადამიანებს კოვიდის დროსაც განცდა ჰქონდათ, რომ აუცილებლად რაღაც წამალი უნდა მიეღოთ“,- განაცხადა ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

 

ინფექციონისტის განმარტებით, საქართველოში მოქალაქეები ჭარბად ანტიბიოტიკებთან ერთად ექიმის დანიშნულების გარეშე ჰორმონებს იღებენ, რაც კოვიდის დროს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო.

 

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კოვიდის მქონე პაციენტების ძალიან დიდი ნაწილი სრულიად უსარგებლოდ იღებდა დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკებს, რასაც მივყავართ იქამდე, რომ წამალ გამძლე ბაქტერიების დიდი პრობლემაა. ისედაც 21 საუკუნის პრობლემა იყო და ახლა კოვიდის შემდეგ კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. გარდა, ანტიბიოტიკებისა, ასევე, ადამიანები ჰორმონებს იყენებენ, რომელიც კოვიდის დროს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო. მაგალითად: დექსამეტაზონს, იმაზე ბევრად უფრო მეტი გამოყენება აქვს, ვიდრე ეს საჭიროა. სამწუხაროდ, ეს პრეპარატები ურეცეპტოდ გაიცემა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიძინოს მეზობლის და ახლობლის რჩევით. ამ თემასთან სერიოზული ბრძოლა გვჭირდება. ზოგადად ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება სერიოზულ პრობლემა ქმნის, მაგალითად: დიაბეტის რისკის მხრივ, შეიძლება კუჭიდან სისხლდენა გამოიწვიოს და ბევრი სხვადასხვა დაავადების გამოწვევის მიზეზი გახდეს“, -აღნიშნა ბუწაშვილმა.

 

მაია ბუწაშვილის თქმით, რესპირაციული ინფექციის შემთხვევაში სხვებს უნდა მოვერიდოთ.

 

„ჩვეულებრივი ყველა სეზონზე და ახლაც დომინირებს გრიპის ვირუსი. როგორც A ასევე, B ტიპის ვირუსი, წელს H3N2 ვირუსი აქტიურობს. ხშირად ამბობენ ადამიანები, რომ შარშან ავიცერი და ახლა რატომ უნდა ავიცრა? ყოველ წელს ხელახლა გვჭირდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, იმიტომ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველ წელს, რომელი შტამიც ცირკულირებს, მის საწინააღმდეგო ვაქცინას ქმნის. თუ ჩვენ გვაქვს რესპირაციული ინფექცია, მნიშვნელობა არ აქვს ეს კოვიდია თუ არ არის კოვიდი, მაინც სხვებს უნდა მოვერიდოთ. თუ გარეთ გასვლა აუცილებლად გვჭირდება, აუცილებელია გავიკეთოთ პირბადე, რომ გარშემო მყოფები დავიცვათ, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა, ახველებს და სურდო აქვს, სკოლაში ან საბავშვო ბაღში არ უნდა გავუშვათ“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

წაკითხვა 208 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.