"ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა ჩემ წინააღმდეგ შეთითხნა ცრუ ბრალდებები, მისი გასაჯაროებით კი ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს"

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, ოჯახური ძალადობის შესახებ ბრალდებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია 2 წლის წინანდელ ფაქტს ეხება, სადაც ის არა მოძალადე, არამედ თავად იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

ამის შესახებ თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ეს საკითხი ეხება ჩემ პირად ცხოვრებას და ძალიან მძიმეა ჩემთვის. 2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისაგან ჩემზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის თვიდან გავდიოდი მკურნალობას. ამ ეტაპზე, საქმე სასამართლოშია. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას. ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა, თეიმურაზ შერგელაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბრალდებები, მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით. მისი გასაჯაროებით ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიასა და სხვა საფრთხეებზე. ასე იყო 2021 წელს, „ნამოხვანის“ დროსაც. მაშინაც ააგორეს კამპანია ჩემ წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებლობების თემებთან მიმართებაში გაკეთებულ ჩემს განცხადებებსა და პოზიციას. ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემს გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს! არ გავჩუმდები! ქალზე ძალადობის „გაპრავებაც“ და საქმის მოტრიალებაც არ გამოვა! ყველა დაჩაგრული ქალის ინტერესს დავიცავ“, - წერს თეა გოდოლაძე.

 

ცნობისთვის, „რუსთავი 2-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თეა გოდოლაძეს ბრალი წარუდგინა 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ამჟამად თეა გოდოლაძეს 2 000 -ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება.

წაკითხვა 202 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.