April 30, 2024

"მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ" - გიორგი ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობიდან“ მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ. თუ ამ საკითხში შეუთანხმებლობა მდივნობასთან შეუთავსებლად ჩაითვლება, მზად ვარ, თავმჯდომარეს ამ თანამდებობიდან წასვლაზე მივმართო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე „ფეისბუქის“ გვერზდე წერს.

გიორგი ბარამიძის თქმით, სჯერა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ძველი მებრძოლი დაბრუნდება.

„ჩემს „ნაციონალური მოძრაობის“ თანამებრძოლებსა და მეგობრებს (ალბათ მედიასაც) დააინტერესებთ, რა პოზიცია მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ ნიკა მელიას მიმართ „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე. უმეტესობამ იგი აღიქვა, როგორც მისი გარიცხვის გადაწყვეტილება, თუმცა ასე პირდაპირ ეს არ თქმულა. მე მაინც მინდ, საჯაროდ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რაც არაერთჯერ სხვადასხვა ეთერში მითქვამს. კატეგორიულად არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ, ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიისა, მაგრამ მე „ნაციონაური მოძრაობიდან“ მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წესდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, თუმცა მე არ ვიზიარებ ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ზოგადად, ცივილიზირებული პარტიული დემოკრატიისთვის და ენმ-სთვისაც აზრთა სხვადასხვაობა უცხო არაა, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა თავმჯდომარის ან მთლიანად პარტიის გადაწყვეტილებებს (მაგალითად პარლამენტში შესვლაზე) არ ვიზიარებდი, მაგრამ, ცხადია, უმრავლესობის აზრს ყოველთვის პატივს ვცემდი. ახლაც ზუსტად ასეა და ამას საჯაროდ ვამბობ. მე ვიყავი და ვიქნები მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი და ვაპირებ მასთან ერთად ბრძოლას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიშას გუნდი. ამავდროულად „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო, გენერალური მდივანი და სამდივნო. ამ საკითხში პარტიის თავმჯდომარესთან ჩემი შეუთანხმებლობა, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩემს პოლიტიკურ მდივნობასთან შეუთავსებლად თუ ჩაითვლება, მზად ვარ, თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ჩემი ამ თანამდებობიდან წასვლაზე მივმართო. ცხადია, ესეც წესდებით მათი უფლებამოსილებაა, რომ გადაწყვიტონ. თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მას მშვიდად მივიღებ. მეტიც, თუ საჭირო გახდა, პოლიტიკურ საბჭოსაც დავტოვებ და ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი და ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიშა იქნება, მე ვიქნები მიშას გვერდით, მიშას გუნდში. „ნაციონალური მოძრაობა“ და მიშას გუნდის რიგითი მებრძოლის სტატუსიც ძალიან საპატიოდ მიმაჩნია.

მჯერა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ძველი მებრძოლი დაბრუნდება და ახლებიც დაგვემატებიან. მჯერა, მთავარი მიზანი არ დაგვავიწყდება და ფოკუსი არ აგვერევა. მიშასთან ერთად და მიშას ლიდერობით, საქართველო მოღალატეთა რეჟიმისგან ერთად უნდა გავათავისუფლოთ. ესაა მთავარი და ამ ბრძოლაში რიგითად ბრძოლაც საპატიოა. მჯერა ჩვენი გამარჯვების. საქართველოში უნდა გათენდეს. თავისუფლება მიშას“, – წერს გიორგი ბარამიძე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

წაკითხვა 139 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.