"აქეთ კი გვაბრალებს, თუმცა ვინ არ იცის, რომ ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით კავკასიის ხალხთა ხოცვა-აყრა-გადასახლებები რუსეთის იმპერიული პოლიტიკაა"

ისტორიკოსი ბუბა კუდავა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება.

მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთთან დაკავშირებით რამდენიმე ისტორიული ფაქტი გაიხსენა.

 

“რამდენი ტყუილი ჩაატია პუტინმა „ისტორიული ექსკურსისას“?

რამდენ მნიშვნელოვან ფაქტს აუარა გვერდი?

რამდენი რამ გაგვახსენა ამ 3 წუთში?

ძალიან მოკლედ და ძალიან მარტივად:

 

– ისტორიას XVIII საუკუნით იწყებს, თითქოს, მანამდე კავკასიასა და მისთვის საინტერესო რეგიონებში არაფერი ხდებოდა. ამიერკავკასიაში, სხვადასხვა ეპოქაში, ერთიანი საქართველოს სამეფო ან სხვადასხვა ქართული სამეფო-სამთავრო არსებობდა, მაგრამ პუტინმაც კი ვერ მოახერხა, იქ სადმე რაიმეს ჩასჭიდებოდა.

 

– კარგი, დავიწყოთ XVIII საუკუნით. „სამხრეთ ოსეთი“, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობდა მაგ დროს. არ არსებობდა არამცთუ სახელმწიფო, ან ადმინისტრაციული ერთეული, ან სახელმწიფოს ნაწილი, მხარე… არამედ არ არსებობდა ისტორიულ-გეოგრაფიული ცნება „სამხრეთ ოსეთი“, არ არსებობდა არც ასეთი ტერმინი.

 

– 1774 წელს დღევანდელი ცხინვალის რეგიონი გეოგრაფიულად ქართლის, პოლიტიკურად კი ქართლ-კახეთის სამეფოს ნაწილი იყო. ის ერთიანი რეგიონიც კი არ ყოფილა, რაიმე ნიშნით გაერთიანებული (არამცთუ „ერთიანი ოსეთის“ ნაწილი). ცხინვალის რეგიონის ცალკეული ნაწილები ჩვეულებრივი ქართული სათავადოების შემადგენლობაში იყო მოქცეული.

 

– ქართლ-კახეთის სამეფო (თითქმის, მთელი აღმოსავლეთ საქართველო), თავის „ცხინვალის რეგიონიანად“ (ისევ ვიმეორებ: თანამედროვე ტერმინია), სწორედ პუტინის პოლიტიკურმა წინაპრებმა დაიპყრეს 1801 წელს, სამეფო გააუქმეს და მმართველი დინასტიის წარმომადგენლები რუსეთში გადაასახლეს.

 

– დაპყრობილი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთმა ტფილისის გუბერნია შექმნა. სწორედ ის გუბერნია, აბა, საქართველო სად იყოო, თავს რომ იკატუნებს. იმ გუბერნიაშიც კი არ არსებობდა ტერიტორიული ერთეული „სამხრეთ ოსეთი“, არც რამე მსგავსი.

 

– ყველა ქართული პოლიტიკური ერთეული (ქართლ-კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო, გურიის სამთავრო, სამეგრელოს სამთავრო, აფხაზეთის სამთავრო, სვანეთის სამთავრო) XIX ს-ის სხვადასხვა პერიოდში რუსეთის იმპერიამ ძალით, მოტყუებითა და მოსყიდვით შეიერთა. ამ პატარ-პატარა ქართული სახელმწიფოების არცერთ მმართველ საგვარეულოს სუვერენიტეტი საკუთარი ნებით არ დაუთმია.

 

– ტერმინების – „აფხაზეთისა“ და „საქართველოს“ პარალელურად გამოყენება რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის ერთ-ერთი ხრიკია. ერთმანეთის პარალელურად მხოლოდ „ქართლის“, „კახეთის“, „იმერეთის“, „სამეგრელოს“, „აფხაზეთისა“ და ამგვარი ტერმინების ხმარებაა ლოგიკური. პოლიტიკურ-გეოგრაფიული ცნება – „საქართველო“ ყოველთვის გულისხმობდა და მოიცავდა აფხაზეთსაც.

 

– 1918 წელს, როცა საქართველომ, რუსეთისთვის სამწუხაროდ, დამოუკიდებლობა აღიდგინა, ცხადია, შეეცადა პოლიტიკური, დიპლომატიური თუ სამხედრო რესურსების გამოყენებით სახელმწიფო კონტროლი დაემყარებინა საქართველოს ყველა ისტორიულ რეგიონში. სადღაც ეს გამოვიდა, სადღაც ვერა. მაგალითად, ვერ გამოვიდა მესხეთის მნიშვნელოვან ნაწილში. უპირველესად სწორედ ეთნიკური აფხაზების დამსახურებაა, რომ გამოვიდა აფხაზეთში.

 

– როდესაც ეს უბადლო ისტორიკოსი საქართველოს სახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე საუბრობს, იქ ტერმინ „დაპყრობას“ ხმარობს („აფხაზეთი დაიპყროო საქართველომ“), რუსეთის იმპერიულ ინტერესებზე ლაპარაკისას კი „შევიდა რუსეთის შემადგენლობაშიო“, გვიმტკიცებს. ტერმინებით ბრძოლაში ბადალი არ ჰყავთ, ვაღიაროთ!

 

– 1920 წელს რუსეთმა ცნო არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობა, არამედ მისი ტერიტორიული მთლიანობაც. ერთი წელიც კი ვერ გაძლო, დაეცვა დადებული პირობები და მალევე დაიპყრო პატარა, ახალშექმნილი დემოკრატიული რესპუბლიკა.

 

– აქეთ კი გვაბრალებს, თუმცა ვინ არ იცის, რომ ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით კავკასიის ხალხთა ხოცვა-აყრა-გადასახლებები რუსეთის იმპერიული პოლიტიკაა აგერ უკვე 2 საუკუნის მანძილზე: ჩრდილოკავკასიელები, აფხაზები, მუსლიმი ქართველები (იმპერიის პერიოდი), ინგუშები (საბჭოთა პერიოდი), ჩეჩნეთი (აგერ სულ ახლახან). დამოუკიდებელი საქართველო კი 1918-1920 წლებში მხოლოდ თავს იცავდა – რუსი აგრესორებისა თუ მათ მიერ მართული შინაური ექსტრემისტებისგან (სხვათა შორის, ქართველებისგანაც). თუ ჩახშობებზეა საუბარი, იქნებ XIX-XX საუკუნეებში ქართველთა არაერთი ამბოხებება და მათი სასტიკად ჩახშობებიც გაგვეხსენებინა.

 

– საბჭოთა პერიოდში პირიქით, აფხაზეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა საქართველოო. ეს პასაჟი ისეთი ტოპაბსურდების რიცხვშია, პასუხის გაცემაც რომ გერიდება. შემდეგ ინტერვიუში, ალბათ, ეს იქნება: „საქართველო შევიდა სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში“.

 

– საბჭოთა კავშირი ახალი იმპერია გახლდათ, სწორედ რუსეთის ძალისხმევით შექმნილი. მისი შემოქმედნი რუსეთის მორიგ იმპერიას აშენებდნენ და განამტკიცებდნენ. ამიტომაც, წმინდა რუსული პოლიტიკური ტიპაჟების – სტალინისა და ბერიას წარმოჩენა ლამის ქართველ ნაციონალისტებად („აფხაზეთი საქართველოს შეუერთეს“, „აფხაზები ხოცეს“) კიდევ ერთი პოლიტიკური და ისტორიული თავხედობაა. იქნებ გაგვეხსენებინა, რომელი სახელმწიფო იყო „ვა ვრემია სტალინა“ და დღეს რომელი სახელმწიფოა მისი მემკვიდრე?

 

– ბერიამ აფხაზეთში საშინელებები დაატრიალაო. როგორ, დანარჩენი საქართველო დაინდო ამ რუსეთის იმპერიის (დიახ, რუსეთის!) ჯალათმა? ან სხვა, ეთნიკურად რუსმა თუ არარუსმა ჯალათმა დაინდო ვინმე, ვინც კი იმპერიას (დიახ, რუსეთის იმპერიას!) რაიმეთი გადაეღობა?

 

– ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმაო (გამსახურდია იგულისხმა) ყველა ავტონომია გააუქმაო! მორიგი უტიფარი ტყუილი! მეტი დამაჯერებლობისთვის დაამატა – აჭარისა და აფხაზეთისაო! ტყუილი! ეს ავტონომიები შექმნის შემდეგ არც არავის გაუუქმებია.

 

. . . . . . . . . . . .

​ერთი ფრაზა კი ნაღდად მომეწონა პუტინის მარგალიტებში: „ამის დავიწყება არ შეიძლებაო“.

 

დიახ, ქართველებო, განსაკუთრებით – მოკლე მეხსიერების მქონენო, ამ ამბების დავიწყება ნამდვილად არ შეიძლება”, – წერს ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 122 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.