April 26, 2024

"7 წლის მანძილზე "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად არ სჯის დამნაშავეებს " - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"რაც შეეხება საარჩევნო სისტემის თემაზე (ელჩების თანამონაწილეობით) მიმდინარე მოლაპარაკებათა ფორმატს. ჩვენი პოზიცია ცნობილია დიალოგში ჩართული ელჩებისთვის. მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებები მისაყვანია ბოლომდე და რესურსიც არაა ამოწურული, ამიტომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებდით და ვიმოქმედებთ. ამ თემაზე აუცილებლად შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს".

 

დამნაშავეების დასჯას, სააკაშვილის ჩათვლით, ჩვენ ვითხოვთ არა 2012 წლიდან, არამედ ჯერ კიდევ 2005 წლიდან. ყველა დამეთანხმება, რომ ამ მოთხოვნაში ჩვენ ვიყავით და ვართ თანმიმდევრულები.

 

რატომ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას? ეს შურისძიებაა? რა თქმა უნდა, არა! დამნაშავეების დასჯას და ფუნდამენტურ გამოძიებას, პირველ რიგში, იმიტომ ვითხოვთ, რომ დამნაშავეების დაუსჯელობა ახალი თაობისთვის ნიშნავს ცუდ, ძალიან ცუდ მაგალითს: შეიძლება დანაშაული ჩაიდინო და მერე ბედნიერად იცხოვრო. მეტიც, პოლიტიკურ ასპარზზე შემოიჭრა და გვასწავლო, რა არის ცუდი და რა არის კარგი. ამავე კონტექსტში განვიხილავთ უგულავას საკითხს.

 

და არა მარტო უგულავას საკითხს.

 

სხვა თემაა, რომ 7 წლის მანძილზე "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად არ სჯის დამნაშავეებს და როცა ალაგ-ალაგ სჯის, მართლმსაჯულების შედეგი იმდენად გაუგებარ დროს, მოცემულობას და სიტუაციას ემთხვევა, რომ აუხსნელი ხდება, რატომ მაინც და მაინც დღეს და არა 6 თვის წინ ან 3 თვის შემდეგ? ეს აუხსნელობა რომ არა, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი არც და ვერც იქნებოდა. იგივე უგულავას საქმე ძიებაშია ჯერ კიდევ 2013 წლიდან. ასეთი სტანდარტული, არართული საქმის გამოძიებას და მართლმსაჯულების შედეგს მაინც და მაინც 2020 წლის თებერვლამდე მოღწევა რატომ დაჭირდა? თუ ბიუჯეტიდან 48 მილიონის წაღების თემაზე გამოძიებას 7 წელს ანდომებ, სხვა, გაცილებით რთულ საქმეებს რა ვადებში გამოიძიებ, 2024 წლის არჩევნების წინ? ამ დროისთვის ან შენ სად იქნები და ან ქვეყანა რა ვითარებაში იქნება?

 

აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო 7 წლის მანძილზე "ქართული ოცნების" მხრიდან ბევრჯერ გვინახავს სწორედ დროსა და კონტექსტს მოწყვეტილი ნაბიჯები, თუ გადაწყვეტილებანი. მაგალითად, წინასარჩევნოდ ნაცმოძრაობის ორივე ფრთაზე სიტყვიერი შეტევა, "ფაშისტებო"-ს ძახილი და მერე რეზოლუციის ჩადგება, რომელიც სისტემური დანაშაულებების გამოძიებას და კონკრეტული დამნაშავეების დასჯას გულისხმობს. სხვა მაგალითებიც მრავლადაა. გონიერი ადამიანი ლოგიკას ეძებს, მაგრამ რეალობა გვაჩვენებს, რომ არანაირ ლოგიკას ეს ნაბიჯები არ ექვემდებარება, ამიტომ არც მე მინდა ფუჭი ანალიზით დავიკავო გონება და არც თქვენ დაგაკარგინებთ დროს.

 

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის თემაზე (ელჩების თანამონაწილეობით) მიმდინარე მოლაპარაკებათა ფორმატს. ჩვენი პოზიცია ცნობილია დიალოგში ჩართული ელჩებისთვის. მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებები მისაყვანია ბოლომდე და რესურსიც არაა ამოწურული, ამიტომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებდით და ვიმოქმედებთ. ამ თემაზე აუცილებლად შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს,"- წერს ირმა ინაშვილი.

წაკითხვა 784 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.