May 15, 2024

ემუქრება თუ არა სამხედრო გადატრიალების საფრთხე ერევანს

აზერბაიჯანული გამოცემა „ჰაქინ.აზ“ (Haqqin.az) აქვეყნებს სტატიას სათაურით „სამხედრო გადატრიალების საფრთხე ერევანში“, რომელშიც თურქი პოლიტოლოგის, კავკასიის პრობლემების შემსწავლელი ცენტრის დირექტორის ჰასან ოქტაის მიერ გაანალიზებულია როგორც სომხეთში შექმნილი სიტუაცია და ხელისუფლების სტაბილურობის საკითხები, ასევე ერევნის დამოკიდებულება ზანგეზურის (იგივე მეგრის) დერეფნის მიმართ, თურქეთ-აზერბაიჯანის ინტერესები. მასალაში ავტორი საქართველოს შესახებაც მსჯელობს.

 

როგორც ავტორი წერს, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჯერჯერობით ვერ აკონტროლებს სიტუაციას არმიის სარდლობაში, მას ქვეყნის სამხედრო წრეებში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც ჯერჯერობით ჩუმად არიან. სავარაუდოდ, ისინი შესაფერის მომენტს ელოდებიან, რომ მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. პრემიერის ოპონენტი სამხედრო მაღალჩინოსნები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების - ქოჩარიან-სარგსიანის პრეზიდენტობის დროიდან - არიან შემორჩენილები თავდაცვის სტრუქტურებში.

 

თურქი პოლიტოლოგის აზრით, ოპოზიციური ძალები მოქმედებენ არა მარტო სომხეთის სამხედრო სტრუქტურებში, არამედ სახელმწიფო აპარატშიც. ისინი ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანთან ურთიერთობის დარეგულირებაში, რაც ამ დღეებში საზღვარზე მომხდარმა ინციდენტმაც დაადასტურა.

 

სომხეთის სამხედრო წრეებში თავმოყრილი რევანშისტები პრემიერ-მინისტრის პოზიციებს ასუსტებენ. ასეთი სიტუაცია ნიკოლ ფაშინიანს არჩევანის წინაშე აყენებს: ან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოს და რიგი მაღალჩინოსნები თადარიგში გაგზავნოს, ან იჯდეს და ელოდოს, როდის მოახდენენ მორიგ ინციდენტს მის მიმართ მტრულად განწყობილი სამხედროები. შექმნილი პოლიტიკური მომენტი სასარგებლოა რუსეთისათვის, რაც კრემლის სამშვიდობო მისიის მნიშვნელობას აძლიერებს.

 

სომეხი სამხედრო მაღალჩინოსნები ეწინააღმდეგებიან ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის რეალიზებას, რომელსაც თურქეთისა და აზერბაიჯანისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ანკარისა და ბაქოსთვის სხვა გამოსავალი არ არის, რადგან საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტი იმ პრობლემებთან არის დაკავშირებული, რომლებიც აღნიშნულ ქვეყანაში არასტაბილური ვითარებით არის გამოწვეული.

 

სომხეთთან ურთიერთობის მოგვარების ოპტიმალური ვრიანტი პირდაპირი მოლაპარაკების სამმხრივ ფორმატში გამოიხატება - ანკარას, ერევანსა და ბაქოს შორის. დიახ, სომხეთში დიდი ხანი იყო კულტივირებული თურქეთის მიმართ სიძულვილი, მაგრამ სომხეთის არსებობა და განვითარება თანამედროვე მსოფლიოში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადალახავს ერევანი თურქოფობია და მეზობლებთან ნორმალურ ურთიერთობას დაამყარებს.

 

უნდა იქნეს გათვალისწინებული ნიკოლ ფაშინიანის ფაქტორიც: ანკარა-ბაქო-ერევნის პოლიტიკური ფორმატის რეალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სომხეთის ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანი პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს. წინააღმდეგ სიტუაციაში შეტაკებები გაგრძელდება, ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის პროექტი კი განუხორციელებლი დარჩება.

 

ჰასან ოქტაის აზრით, სომხეთში და საქართველოში თურქეთისადმი სიძულვილის ჩანერგვა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პროპაგანდის მიზანს წარმოადგენდა, [რომელიც 1940-იანი წლებიდან დაიწყო]. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ შეძლო გათავისუფლებულიყო ანტითურქული პროპაგანდის სინდრომისაგან და ანკარასთან მჭიდრო თანამშრომლობა ააწყო. სხვათა შორის, სომხეთიც ცდილობდა იგივე გაეკეთებინა დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე - პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმაც მსგავსი გზა აირჩია, მაგრამ მისი ხელისუფლება დაემხო და სომხეთის სათავეში რობერტ ქოჩარიან-სერჟ  სარგსიანის კლანი მოექცა, რომლებმაც პოლიტიკაში ანტითურქული სტალინური პროპაგანდა დააბრუნეს, კარგად გამოიყენეს სომხურ საზოგადოებაში არსებული ტრადიციული სიძულვილის გრძნობა 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. იგივეს აკეთებს სომხური დიასპორაც, რომელიც ხელს უშლის სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზებას.

 

ამრიგად, დღეს სომხეთი დგას დილემის წინაშე - ან გამოვიდეს სიძულვილისა და ისტორიული-ეროვნული გადმონაშთების ტყვეობიდან, ნორმალური ურთიერთობა დაამყაროს მეზობლებთან და თვითმყოფადი პოლიტიკა განახორციელოს, ან დარჩეს რუსეთზე დამოკიდებულ სახელმწიფოდ. რაც შეეხება უშუალოდ ნიკოლ ფაშინიანს, იგი ასეთ სიტუაციაში თითქოსდა „უროსა და გრდემლს შორისაა მოქცეული“: მას სხვა არაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური ბალანსი შეინარჩუნოს. ასეთ დროს გამორიცხული არაა, რომ პრემიერ-მინისტრმა თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ განცხადებებიც გააკეთოს. იმავდროულად ნიკოლ ფაშინიანი იძულებული ხდება ქუჩის განწყობაც გაითვალისწინოს, რომელშიც სულ უფრო მკაფიოდაა გამოხატული ანტირუსული და ანტიპუტინური ხასიათი.

 

წყარო

წაკითხვა 282 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.