რაზეა წამსვლელი კრემლის ლიდერი თუ კიევი ანექსირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს

“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ხელი უკვე მოაწერა, თუმცა ამის პარალელურად უკრაინა ახალი სტრატეგიული კამპანიის ფარგლებში ტერიტორიებს ისე სწრაფად იბრუნებს, რომ სამხედრო ანალიტიკოსთა გათვლებით, შესაძლოა ორ-სამ კვირაში ხერსონის გათავისუფლებაზე მიდგეს ჯერი და შემდეგ საკითხი ყირიმზეც დადგეს.

ამასთან, რუსეთში გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ, რასაც პუტინი ამდენი ხანი თავს არიდებდა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. მეტიც, როგორც გამოცემა “ფორბსის” რუსული რედაქცია კრემლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ამის შემდეგ ქვეყანა 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა. ამის მიუხედავად, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ მობილიზაციის ფარგლებში უკვე 200 ათასი ადამიანი მიიღეს და ნაწილები წვრთნებს გადიან, თუმცა, როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რუსეთში სამობილიზაციო მიმართულებითაც ელიტური კორუფცია ყვავის და ის რესურსი, რაც უნდა გამოეყენებინათ, ადგილობრივმა მაღალი თანამდებობის პირებმა მოიპარეს, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინის ახალი სამხედრო სტრატეგიული კამპანია - რაზეა წამსვლელი კრემლის ლიდერი თუ კიევი ანექსირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს.

 

“პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ოთხ კანონს, რომლებიც ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიას. ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ “ფედერაციის ახალი სუბიექტების საზღვრები” განისაზღვრება იმ საზღვრებით, რომლებიც “არსებობდა მათი ფორმირებისა და რუსეთის ფედერაციაში მიღების დღეს”. რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი რეგიონების “ხელმძღვანელების არჩევამდე”, მათ პუტინის მიერ დანიშნული დროებითი მოვალეობის შემსრულებლები უხელმძღვანელებენ. უკრაინის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ბათილად გამოცხადდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია მის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში და უკრაინის სუვერენიტეტი ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე, 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის შესაბამისად. ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ უკრაინამ ახალი სამხედრო სტრატეგიული კამპანიის ფარგლებში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა და შესაძლოა მალე ყირიმის გათავისუფლებაზე გადავიდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“უკრაინას ახალი სამხედრო სტრატეგიული კამპანია აქვს, რომელიც საკმაოდ მალე წამოიწყეს. დარტყმის ეპიცენტრი სამი მიმართულებით განავითარეს და გრავიტაციული ცენტრები საკმაოდ კარგადაა შექმნილი. შესაძლოა, უკვე იმაზე ვილაპარაკოთ, რომ უკრაინელები ოკუპირებული ყირიმის გათავისუფლებაზე გადავლენ. უკრაინელები განსაკუთრებით წარმატებით სამხრეთის მიმართულებაზე უტევენ და დაახლოებით ერთ-ორ კვირაში შესაძლოა ხერსონის აღებაზეც ვისაუბროთ. ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე ყირიმის დეოკუპაციის ოპერაციაზე გადადიან, რაც ყველაზე დიდი წარმატება იქნება. ფაქტობრივად, პუტინს ყველა იმ სტრატეგიულ გეგმას და ნეოიმპერიული ამბიციების რეალიზაციას ჩაუშლის. უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ნაბიჯებით პუტინის რეჟიმის დელეგიტიმიზაციას ახორციელებენ. რაზეც პუტინი ხელს აწერს, რომ ეს ტერიტორიები თითქოსდა რუსეთის შემადგენლობაში არიან, ეს ბრძანებულებები ფაქტიურად ფარატინა ქაღალდია, რომელსაც მნიშვნელობა მხოლოდ პუტინისთვის და მის გარემოცვისთვის აქვს. ამას ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით. საქმე უკვე იმ დონემდე მიდის, რომ უკვე ჩნდება საკითხი,იმასთან დაკავშირებით, თუ რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ პუტინი როდის უნდა გადააყენოს”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“რუსეთში სამობილიზაციო მიმართულებითაც ელიტური კორუფცია ყვავის, რაც ნიშნავს იმას, რომ სამობილიზაციო პოტენციალი, რომელიც “იქს-საათის” (საგანგებო ოპერაციისთვის მზადების დაწყების საათის) ამოქმედების შემთხვევაში უნდა გამოეყენებინათ, ეს ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკურმა და სამხედრო ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა და ოლიგარქიულმა ჯგუფებმა მოიპარეს. სამობილიზაციო რესურსების მოპარვა სახელმწიფოებრივი დანაშაულია და უკვე მაღალი დონის სახელმწიფო ელემენტებს ექმნებათ საფრთხე, ეს ძალიან საინტერესოა. მართალია შოიგუმ თქვა, რომ 200 ათასი ადამიანი გაწვეულიაო, მაგრამ რუსეთის შიარაღებული ძალები აქედან მაქსიმუმ 30 ათას ადამიანს მოამზადებენ, იმ რესურსებისა და მასშტაბურად მოპარული ქონებისა და მოწყობილობების კონტექსტში ამაზე მეტის მომზადება შეუძლებელია. 30 ათასი ადამიანი კი დაახლოებით ორი საარმიო კორპუსია და ომში მათი ჩართულობა უკრაინისთვის ზღვაში წვეთია”, - განაგრძობს ექსპერტი.

 

“ეს ორი მომენტი სამხედრო და პოლიტიკურ ძირითად პრინციპებს ძირს უთხრის და ამერიკული “ჰაიმარსებისა” და “ჰარპუნების” დარტყმების გარეშეც ბრძოლისუნარიანობისა და თავდაცვისუნარიანობის სისტემას ანადგურებს. ახლა საინტერესოა პუტინი რას იზამს ის შესაძლოა 1945 წლის აპრილი-მაისის დროინდელ ჰიტლერს დაემსგავსოს, როცა ამბობდა, რომ ჯადოსნური იარაღი ექნებოდა, რომელსაც ამერიკის, ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოიყენებდა ან დააშანტაჟებდა მათ. თუმცა, ჰიტლერისგან განსხვავებით, პუტინს საკმაოდ სერიოზული ბირთვული პოტენციალი აქვს. პუტინი ახლა ამ ერთი, მისთვის თავდაცვითი იარაღით რჩება და ეს შანტაჟი შესაძლოა არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ მის შიგნითაც ადგილობრივი რუსული პოლიტიკური ელიტების დასაშანტაჟებლად გამოიყენოს. პუტინმა ეს მომენტი უკვე აამოქმედა”, - დასძენს მაისაია.

წაკითხვა 171 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.