May 19, 2024

სადამდე შეძლებს დასავლეთი უკრაინის დახმარებას

“ზამთრის მოახლოვებასთან ერთად დასავლელი პოლიტიკოსების გარკვეულ ნაწილში უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით სკეპტიკური განწყობა ძლიერდება. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუ ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, აშშ-მა შესაძლოა უკრაინას დახმარება შეუწყვიტოს.

ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა კი უკრაინისათვის გარკვეული ლიმიტის შემოღების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს საკითხი უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში დიდი ხანია დგას და დაკავშირებულია როგორც კონკრეტული ქვეყნების შიდა პოლიტიკასა და შიდა რესურსებთან, ასევე იმასთან, ამ ქვეყნებში მოქმედ პარტიებსა თუ პოლიტიკურ აქტორებს უკრაინასთან და რუსეთთან რა ურთიერთობები აქვთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სადამდე შეძლებს დასავლეთი უკრაინის დახმარებას - რა აძლიერებს სკეპტიკურ განწყობებს და როგორ იყენებს ამას რუსეთი.

 

“თუმცა, როგორც ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, ყველაფრის მიუხედავად, სავარაუდოდ, დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები მაინც იმ მოცემულობიდან გამომდინარე მოქმედებენ, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში ცივილიზებული სამყარო საფრთხის წინაშე დადგება. აქედან გამომდინარე, აუცილებლად იქნებიან სახელმწიფოები, რომლებიც უკრაინას ამ ომში ბოლომდე გაჰყვებიან. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა უკრაინას 17,5 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება გამოუყო. რამდენიმე დღის წინ კონგრესის ქვედა პალატაში რესპუბლიკელების ლიდერმა კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ თუ რესპუბლიკური პარტია ნოემბრის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალ წელს უკრაინის დახმარება შემცირდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეები ჰყავს თავად რესპუბლიკურ პარტიაშიც. “დიახ, შეშფოთებული ვარ ამ საკითხის გამო, რადგან მათ თქვეს, რომ დახმარებას შეწყვეტენ”, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა პენსილვანიაში ვიზიტის დროს რესპუბლიკელთა ლიდერის განცხადების კომენტირებისას”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა კი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა უნდა განსაზღვროს უკრაინაში კონფლიქტის დაფინანსების ლიმიტები, რათა თავიდან აიცილოს ნატოს ღია დაპირისპირება რუსეთთან. “ჩვენ უკრაინას გულწრფელად უნდა ვუთხრათ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რა - არა. შეერთებულმა შტატებმა, ნატომ და სხვებმა ლიმიტი დამოუკიდებლად უნდა განსაზღვრონ იმ გათვლებით, რომ კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის შეიძლება გადაიზარდოს რუსეთს, აშშ-სა და ნატოს შორის ესკალაციაში”, - განაცხადა ობამამ. თუმცა ნაწილი დასავლელი პოლიტიკოსებისა დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებს - რომ დასავლეთს უკრაინის დასახმარებლად ფული ეყოფა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საბჭოს ორდღიანი სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროპული სახსრების გადაცემის პროცესში პოლონეთის მნიშვნელოვან როლს ხედავს, ვინაიდან, ევროკომისია ცდილობს უკრაინას სახსრები გადასცეს, მაგრამ ამ გადასახადების განხორციელების მექანიზმის მხრივ საჭიროა ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

მორავეცკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინისთვის საფინანსო დახმარებასთან დაკავშირებით პოლონეთის არგუმენტები მოისმინა. მან აღნიშნა, რომ ბრიუსელის მიერ საფინანსო დახმარების გამოყოფის მხრივ პრობლემები არ უნდა შეიქმნას. “კრემლმა უნდა იცოდეს, რომ აშშ-მა უკრაინისთვის მორიგი მრავალმილიარდიანი საფინანსო დახმარება დაადეკლარირა შემდეგი წლისთვის, ევროკავშირიც ასევე დაეხმარება, და ეს ფული საკმარისი იქნება უკრაინული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის”, - აღნიშნა მორავეცკიმ. როგორც კორნელი კაკაჩია აცხადებს, უკრაინის დახმარების საკითხი დასავლელი ქვეყნების ღის წესრიგში დგას და ზამთრის მოახლოვებასთან ერთად ძალიან ბევრიც წუწუნებს. თუმცა ასეთ შემთხვევაში ისინი დილემის წინაშე დგებიან, რადგან უკრაინის დამარცხებისთანავე ცივილიზებული მსოფლიო საფრთხის წინაშე დადგება”, - დასძენს გამოცემა.

 

“ეს ის სერიოზული საკითხია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორენის დღის წესრიგში კარგა ხანია დგას. ეს კი დაკავშირებულია როგორც შიდა პოლიტიკასა და შიდა რესურსებთან, ასევე იმასთან, თუ შიდა პოლიტიკის სხვადასხვა აქტორებს და პარტიებს უკრაინასთან და რუსეთთან რა ურთიერთობები აქვთ. აშშ-ის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან, როგორც ვიცით, ბოლო პერიოდში რესპუბლიკელებში იზოლაციონისტური ფრთა გაძლიერდა, რომელიც აშშ-ის მიერ ზოგადად ყველა ქვეყნის დახმარებას აშკარად ალმაცერად უყურებს. მათ შორის უკრაინისკენ უზარმაზარი თანხები მიდის და ბუნებრივია, ისინი შეეცდებიან, რომ ეს პროცესი ყველანაირად დააბრკოლონ. თუ ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა, ხომ საერთოდ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

 

“ეს სხვა ქვეყნებშიც ხდება. ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, ევროპაშიც ძალიან ბევრი წუწუნებს იმის თაობაზე, რომ ნავთობის და გაზის ფასები გაიზარდა, რაც გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს. დასავლელი ამომრჩეველი უკრაინის სამართლიან ბრძოლას ჯერჯერობით მხარს უჭერს, მაგრამ შესაძლოა ეს მხარდაჭერა მუდმივი არ იყოს და თუ ამ ზამთრის შემდეგ მომატებულმა ფასებმა და სიცივემ გადაწონა, შესაძლოა ამომრჩეველმაც საკუთარი აზრი შეიცვალოს. რუსეთი კი ზუსტად ამას ელოდება, რომ თუ საზოგადოებრივი აზრი შეიცვალა, მაშინ პოლიტიოკოსებიც იძულებული იქნებიან უკრაინის დახმარება რაღაცნაირად შეზღუდონ. მაგრამ არის ერთი დილემა, რომელიც ყველა დასავლური ქვეყნის წინაშე დგას, ხელისუფლებაში ვინც არუნდა მოვიდეს - რომ ეს მხოლოდ უკრაინა-რუსეთის ომი კი არაა, არამედ რეალურად რუსეთი წესებზე დამყარებულ საერთაშორისო სისტემას უქმნის საფრთხეს. მიუხედავად იმისა თუ ქვეყნის ხელისუფლებაში ვინ მოვა, თუნდაც უკრაინის დახმარების არმოსურნე, ის რეალობას ვერ შეცვლის და უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა რთული იქნება”, - ამბობს ანალიტიკოსი.

 

“უკრაინა თუ დაეცემა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მომავალი მსხვერპლი შეიძლება საერთოდაც ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს. მაინც მგონია, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დამოკიდებულებას შეცვლიან და უკრაინისადმი მხარდაჭერა ორპარტიული იქნება. ამის კარგი მაგალითი იტალიაა. ხელისუფლებაში მემარჯვენეები მოვიდნენ, რომლებიც ზოგადად პრორუსულებად ითვლებოდნენ და ყველას ეშინოდა, თუმცა სინამდვილეში როგორც ჩანს ასე არაა. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, უკრაინის მხარდაჭერა არ შეუწყვეტიათ. მთლიანობაში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას მიჰყვებიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ცვლილების დროს გარკვეული ტაქტიკური ცვლილებები იქნება. მაგალითად, ტრამპი ისეთ საგარეო პოლიტიკას არ გაატარებს უკრაინასთან მიმართებაში, როგორც ბაიდენს აქვს. წესით, უკრაინას დახმარების კუთხით ანგლოსაქსური ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ბოლომდე უნდა გაჰყვნენ, მაგრამ ესეც შიდა პოლიტიკაზეა დამოკიდებული. დემოკრატიულ ქვეყნებში სულ ერთი ხელისუფლება არაა და ესაა მათი „სისუსტე", თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ. მაგრამ, სამაგიეროდ, მათი მიღებული გადაწყვეტილებები ავტოკრატიებისგან განსხვავებით, ყოველთვის უფრო მოზომილი და რაციონალურია”, - თვლის კაკაჩია.

წაკითხვა 171 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.