April 27, 2024

„რატომ არ აძლევს დასავლეთი უკრაინას რუსეთზე გამარჯვების ნებას“ - The Wall Street Journal

ამერიკული გაზეთი „უოლ-სთრით ჯორნელი“ (WSJ – The Wall Street Journal) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ არ აძლევს დასავლეთი უკრაინას რუსეთზე გამარჯვების ნებას“, რომლის ავტორია ჯონ ბოლტონი, ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს: ახალმა სადაზვერვო მონაცემებმა, რომ რუსეთის გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებაში რომელიღაც „პროუკრაინული დაჯგუფების კვალი ჩანსო, ევროპაში მოულოდნელი პოლიტიკური გამოძახილი პოვა. ამჟამად მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკური რყევების ფონზე გაჩნდა შეშფოთება, რომ კიევის მონაწილეობა აფეთქებაში, პირდაპირი ან ირიბი, თუ ეს მართლაც ასეა, დაარღვევს უკრაინისადმი საერთაშორისო მხარდაჭერას რუსეთთან ომში. კიევი თავის მონაწილეობას უარყოფს... მაგრამ თუნდაც უკრაინამ ნამდვილად მოაწყო დივერსია, რატომ უნდა დაამუხრუჭოს ამ წარმატებულმა ფაქტმა კიევისადმი დახმარების პროცესი? ასეთი მიდგომა არა მარტო პოტენციურად მავნეა, არამედ უფრო მასშტაბურ პრობლემასაც აშიშვლებს, რომელიც არაერთხელ შეგვახსენა თავი რუსეთის არმიის შეჭრის დროიდან. ნატო, შეიძლება ითქვას,  შეშინებული იყო მოსკოვის მუქარებით კონფლიქტის ესკალაციის თაობაზე, თუ ბრიუსელი კიევს თავის ნებაზე მიუშვებდა. მართალია ჯო ბაიდენმა ომის თავიდან აცილება ვერ მოახერხა (თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, ამას არც მაინცდამაინც არ ცდილობდა), ვლადიმერ პუტინმა მოახერხა და ნატო გადამწყვეტი საპასუხო ნაბიჯებისაგან შეაკავა. არადა, ალიანსს შეეძლო ომი სწრაფად და გამარჯვებით, ძლევამოსილად დაესრულებინა. ახლა კი ამ პრობლემის გადასაწყვეტად დრო სულ უფრო ცოტა გვრჩება.

 

მოსკოვმა ნატოს დაშინებით გამოააშკარავა ვაშინგტონის უუნარობა იმაში, თუ როგორ უნდა იყოს ჩამოყალიბებული მკაფიოდ ომის მიზნები და როგორ უნდა შემუშავდეს მისი წარმატებით დასრულების სტრატეგია. ჯო ბაიდენს სურს, რომ რუსეთმა „ომი წააგოს“, მაგრამ იმავდროულად ეჭვი შეაქვს იმაში, რომ უკრაინა ნამდვილად გაიმარჯვებს. თუ მას გულწრფელად სჯერა  აშშ-ის ოფიციალური პოზიციისა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დარღვეული სუვერენიტეტის აღდგენის თაობაზე, მაშინ პრეზიდენტმა ამაზე ყველასათვის გასაგონად უნდა განაცხადოს, ყოველგვარი ეჭვების გარეშე.

 

არადა, რუსეთისადმი შიშებმა ჩვენ სამხედრო ჩიხში შეგვიყვანა. ჯო ბაიდენმა ომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინაში არ გაიგზავნებიანო, რასაც კრემლზე ვერ იტყვი. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჯო ბაიდენმა აღიარა - „არავინ არ თვლიდა, რომ სანქციები ომს თავიდან აგვაცილებდაო“. 2022 წლის მაისში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავიანთ რუს კოლეგებს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვეს, რაც აშშ-ის სისუსტისა და გაუბედაობის დამაჯერებელი ნიშანია.

 

ამერიკა ძალიან მოტყუვდა იმაში, რომ უკრაინას თავიდანვე არ მიაწოდა შემტევი იარაღი და მძიმე ტექნიკა. გარდა ამისა, ვაშინგტონი კიევს უკრძალავს დარტყმები მიაყენოს ყირიმის ნახევარკუნძულს, რომელიც უკრაინის კუთვნილ ტერიტორიას წარმოადგენს. ასევე ვაშინგტონი კიევს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს რუსეთის სიღრმეში დარტყმებისაგან და ეს მაშინ, როცა კრემლი უკრაინის მთელ ტერიტორიას ბომბავს. დამკვირვებლები, რომლებიც ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების კატასტროფულ გამოსვლას იხსენებენ, შეუძლიათ დაასკვნან, რომ ვაშინგტონს ან ვერ წარმოუდგენია რა გააკეთოს, ანდა თავს არიდებს ზედმეტ ზეწოლას მოსკოვზე. 

 

დღეს თეთრი სახლის პოლიტიკა ასეთია: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის თავდაცვას, მაგრამ არ გვსურს, რომ ეს თავდაცვა და რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევა ნამდვილი და მკაცრი იყოს. გაჭიანურებული ომი რისკიანია როგორც ამერიკისათვის, ისე უკრაინისათვის. ამერიკა საბრძოლო მასალების დამზადებას ვერ ასწრებს, რეზერვები ილევა. ჯო ბაიდენის პოლიტიკა წყალს ასხამს იზოლაციონისტების პოზიციას, რომლებსაც, პრინციპში, უკრაინისადმი დახმარება არ სურთ.

 

ერთი რამ ნათელია: რუსეთისადმი შიში და ომის ესკალაციის საფრთხე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. ჩვენმა დაზვერვამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების შეფასებაში, ხოლო ბოლო თვეების ბრძოლებმა გვაჩვენეს, რომ კრემლის ბრძოლისუნარიანობა მცირდება. სადაა რუსეთის ის საიდუმლო ძლევამოსილი არმია, რომელიც ნატოს ემუქრებოდა? თუ ის მართლაც არსებობს, რატომ ვერ ვხედავთ [„ციმბირულ დივიზიებს“] უკრაინაში? 

 

აშკარაა, რომ ნატო ვლადიმერ პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის „ჟღარუნმაც“ შეაშინა. არც ამ შიშს არ აქვს მტკიცე საფუძველი: ვფიქრობ, რომ კრემლის ბირთვული მუქარები მხოლოდ ბლეფია და მეტი არაფერი. ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ ყველაზე უკიდურესი მომენტების დროს შეიძლება იქნეს განხილული - ან ბრძოლის ველზე განცდილი სრული კრახის დროს, ან იმ დროს, თუ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს დამხობა დაემუქრება. ჩვენ უნდა შევძლოთ ხოლმე პუტინისებური ბლეფის გამოცნობა.

 

შესაძლოა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უნებლიედ - ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდება - თავისი ეჭვებით, ყოყმანითა და გაუბედაობით მხოლოდ ხელს უშლის სამხედრო ძალისხმევას. ანდა თეთრი სახლი ვერ აცნობიერებს, რომ თავისი ქმედებით კარს უღებს ამერიკული დახმარების პრინციპულ მოწინააღმდეგეებს. აქედან გამომდინარე, მომწიფდა დრო, მკაფიოდ იქნას ფორმულირებული უკრაინის ომში ჩვენი მიზნები. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის მომხრეებს კვლავ დააბრალებენ, რომ ისინი თავიანთი დახმარებით კიევს „კარტ-ბლანშს“ აძლევენ დაუსრულებელი ომის საწარმოებლად (კიდევ კარგი, რომ ამ ომში ჩვენ ერთ წლის განმავლობაში ერთი ჯარისკაციც კი არ დაგვიკარგავს). მართალია, დახმარების საკითხი ჩვენი შიდაპოლიტიკური საკითხია, მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების სფეროს ეხება. ასე რომ, ჯო ბაიდენმა დროა ჭკუას მოუხმოს და წესრიგი დაამყაროს.

 

 

წყარო

წაკითხვა 283 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.