May 2, 2024

"გადასახლება საქართველოში: ჩემი რუსი მეზობელი - მტერია თუ მოყვარე?" - Der Spiegel

გერმანულ ჟურნალ „შპიგელის“ (Der Spiegel) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გადასახლება საქართველოში: ჩემი რუსი მეზობელი - მტერია თუ მოყვარე?“ (ავტორი - მარკო კასანგი), რომელშიც განხილულია საქართველოში თავშეფარებული რუსი მოქალაქეების მდგომარეობა - იმ ადამიანებისა, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში მობილიზაციით გაწვევას გამოექცნენ.

„ამჟამად საქართველოში 100 ათასამდე რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს. ქვეყნის დედაქალაქ თბილისში ისინი ხსნიან წიგნის მაღაზიებს და კაფე-ბარებს და ადგილობრივი მოსახლეობის მიზიდვას ცდილობენ, მაგრამ ქართველები ძველებურად ეჭვის თვალით უყურებენ თავიანთ ახალ მეზობლებს“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასაწყისში.

 

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს დედაქალაქში რუსი ეროვნების მოქალაქეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის მომატებული, რის გამოც გარკვეული დაძაბულობა იქმნება. ისინი რუსეთიდან ომის დაწყების შემდეგ გამოიქცნენ – მაგალითად, გლებ კუზნეცოვი, რომელმაც თბილისში დეკორატიული ხელოვნების ქმნილებათა მაღაზია და პატარა ბარი გახსნა. 

 

„ჩვენ თავდაპირველად არ ვიცოდით, აქ დავრჩებოდით თუ არა, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტეთ მაღაზია და ბარი გაგვეხსნა. თავდაპირველად თითქოს საქმე კარგად წავიდა, მაგრამ შემდეგ პრობლემა გაჩნდა - ქართველებისა და რუსების დაპირისპირების გამო: მაღაზიის კედლებზე ანტირუსული ლოზუნგები მიაკრეს. ძალიან მოიკლო კლიენტების რაოდენობამ. ვიფიქრეთ, სიტუაცია იქნებ ქართველი გოგონას დასაქმებით გამოსწორებულიყო, სოციალურ ქსელში ვაკანსიაც გამოვაცხადეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ არ გამოგვხმაურებია“, - ამბობს გლებ კუზნეცოვი „შპიგელის“ ჟურნალისტთან საუბრისას.

 

თითქმის იგივე მდგომარეობაა ნიკოლაი კირეევის მიერ გახსნილ წიგნების მაღაზიაშიც: „თავდაპირველად რუსული აუდიტორიის იმედი გვქონდა, შემდეგ ქართველი კლიენტები მივიზიდეთ, მაგრამ მათი რაოდენობა მხოლოდ 10%-ს შეადგენს. მე თვითონაც დავიწყე ქართული ენის შესწავლა, გადავწყვიტეთ ინგლისურენოვანი მოქალაქეებიც მიგვეზიდა - იქნებ საქმე გამოსწორდეს. მე იმედი მაქვს“.

 

სტატიის ავტორი ესაუბრება მარიამ ნოზაძეს, ქართული ენის პედაგოგს, რომლის თქმით, მართალია, უფროსი ასაკის ქართველებს რუსული ენა კარგად ესმით, მაგრამ დღეისათვის რუსებს და ახალგაზრდა ქართველებს შორის, რომლებიც ძირითადად ინგლისურ ენაზე ლაპარაკობენ, უკვე ენობრივი ბარიერი შეიმჩნევა.

 

„რუსების ჩასვლამ საქართველოში და სომხეთში ადგილობრივი ეკონომიკური სიტუაცია მკვეთრად გააუმჯობესა, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში საზოგადოებრივი აზრი მაინც ძირითადად პროუკრაინული რჩება“, - წერს ავტორი, თუმცა იქვე დასძენს, რომ ბევრი ასევე თვლის, რომ საქართველომ თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რათა ომში ჩათრეული არ აღმოჩნდეს.

 

„თბილისის ქუჩებში ბევრ ადგილზე დაინახავთ ანტირუსულ წარწერებს. ამ საქმეში განსაკუთრებით ქართველი სტუდენტები აქტიურობენ, რომლებიც მომრავლებულ რუსებს ეჭვის თვალით უყურებენ“, - წერს ავტორი. იგი ესაუბრება სტუდენტებს ლადო კიკნაძეს და გიორგი დადუნაშვილს, რომლებსაც ნეგატიური პოზიცია აქვთ რუს მიგრანტებთან დაკავშირებით, თუმცა იქვე ამბობენ, რომ ყველა რუსი ერთნაირი არ არის.

 

ქართული ოპოზიციური ძალები ხელისუფლებისაგან ითხოვენ, რომ მთავრობამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი დააწესოს. რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა თბილისში საცხოვრებელი ბინების გაძვირებას იწვევს და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის უარყოფით დამოკიდებულებას," - ნათქვამია სტატიის დასასრულს.

 

წყარო

წაკითხვა 285 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.