April 30, 2024

ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორში 320-ზე მეტი ობიექტი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის არმიამ დღეს დილით განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში იერიში მიიტანა 320-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე.

ისრაელის არმიის თანახმად, დაარტყეს „ტერორისტულ ობიექტებს“, მათ შორის გვირაბებს, სადაც „ჰამასის“ წარმომადგენლები იმალებოდნენ. ასევე - სამხედრო ბაზებს, სამეთვალყურეო პუნქტებს და ათეულობით ოპერატიულ სამეთაურო ცენტრს, სადაც „ჰამასის“ და კიდევ ერთი ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური ჯიჰადის“ წევრები იმყოფებოდნენ. ისრაელის არმიის ცნობითვე, იერიში მიიტანეს სამიზნეებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონში მყოფ მის ძალებს.

 

ღაზის სექტორის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის მასირებული დაბომბვის შედეგად, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში დაიღუპა 17 ადამიანი, ხოლო ცენტრალურ ნაწილში - 10. სამინისტროს მტკიცებით, დაიბომბა საცხოვრებელი სახლებიც. სხვა წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.

 

გასულ ღამით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამართა სამხედრო კაბინეტის და არმიის სარდლობის წარმომადგენელთა ოპერატიული თათბირი. BBC-ს მოჰყავს ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადება, რომ ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიას შესაძლოა, ერთი, ორი ან სამი თვე დასჭირდეს, მაგრამ საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ „ჰამასი“ აღარ იარსებებს.

 

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.

 

კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან, ორი კვირის განმავლობაში, ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 4600-ზე მეტი ადამიანი.

 

„ჰამასს“ მძევლად ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი.

 

გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა და ისრაელის ავიადარტყმების და ბლოკადის გამო, ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

 

18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.

წაკითხვა 111 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.