May 17, 2024

"ვიქნები იქ, სადაც ქუთაისს დავჭირდები" - ირაკლი შენგელია

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

 

"პოლიტიკაში ყოფნის ოთხი წლის თავზე, უფრო ნათლად იაზრებ საჯარო სივრცეში ყოფნის სირთულეს და პასუხისმგებლობას. ეს პასუხისმგებლობა ერთიათად იზრდება მაშინ, როდესაც ემსახურები მშობლიურ ქალაქს, სადაც შენს უკან არის ოჯახის, მშობლების სახელები, ადამიანები, რომლებსაც არასდროს გადაუხვევიათ იმ პრინციპეპისგან, რასაც წესიერება, ადამიანების პატივისცემა და ქალაქის ღირსეული სამსახური ქვია. 

 
მიუხედავად იმისა, რომ მქონდა შესაძლებლობა პროფესიული კარიერა საზღვარგარეთ გამეგრძელებინა, მიღებული ცოდნით და გამოცდილებით დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, რათა მემსახურა ჩემი თანაქალაქელებისთვის. მაშინ ბევრი გამოცდილი ექიმი, მოღვაწე და თავისი საქმის პროფესიონალი დამიდგა გვერდით, რაც დამატებით განცდას და მოტივაციას მძენდა, რომ დამენერგა და ახალგაზრდა თაობისთვის გადამეცა კვლევების თანამედროვე მეთოდები. განვითარება და ადამიანების მხარდაჭერა, სწორედ ეს გახლდათ პოლიტიკაში ჩემი შემოსვლის მთავრი მიზეზი. 
 
ჩემთვის, ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობა, პირველ რიგში, არის ჩემს ქალაქზე ზრუნვა და უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ქუთაისელის წინაშე. ეს ოთხი წელი არ ყოფილა მარტივი, შეიძლება ითქვას, რომ რთულ ტურბულენციაში მიწევდა იმ პრინციპების დაცვა, რასაც ქვია თავისუფლება, დემოკრატიული ღირებულებები, წარმომადგენლობითი ორგანოს გაძლიერება და განვითარებისთვის თანასწორი გარემოს უზრუნველყოფა. ამ პრინციპებით იყო ნაკარნახები ჩემი ყველა საჯარო განცხადება თუ განხორციელებული პროექტი. 
 
ამ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენი პრიორიტეტი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და დეცენტრალიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, მოქალაქეთა მხარდაჭერა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა, ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და სხვა მრავალი. 
 
მადლობა მათ, ვინც ჩვენთან ერთად იზიარებდა ამ პოზიციებს. მადლობა მათაც, ვინც ჯანსაღი კრიტიკით მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდა. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია არგუმენტაცია და განსხვავებული პოზიციების შეჯერება. სწორედ ამიტომაც, მიმაჩნია, რომ ჯანსაღი ოპონირება არის დემოკრატიის ფუნდამენტი, მათ შორის, მედიის და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა. 
 
დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ქვეყნის განვითარებისთვის მიმართული რეფორმირების მხრივ, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება სოციალური მდგომარეობა და დასაქმება, რაც პანდემიამ განსაკუთრებით დაამძიმა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ადგილობრივ დონეზე მაქსიმალური უნდა შევძლოთ და გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევქმნათ ბიზნესის განვითარების ახალი შესაძლებლობები, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ქალაქის ინფრასტრუქტურის განახლებას და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას. 
 
ამავდროულად მნიშვნელოვანია ახალი სოციალური თუ ჯანდაცვითი პროექტების შემუშავება, არსებულის გადაფასება მოქალაქეთა საჭიროებების შესაბამისად. განვითარებისთვის პოლიტიკურ ნებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. სწორედ ახალმა თაობამ, თანამედროვე მიდგომებით და გამოცდილ ადამიანებთან თანამშრომლობით უნდა შექმნას ჩვენი ქალაქის მომავალი. 
 
გამარჯვების ოლქის თითოეულ მაცხოვრებელს მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის. ამ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი თქვენ გვერდით, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ის დამოკიდებულებები და ურთიერთობები, რაც ამ ხნის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა. 
 
ვიცი და მესმის თითოეული საცხოვრებელი სახლის, ქუჩის და უბნის საჭიროებები, მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, რათა მეტის გაკეთება შევძლო აქ მცხოვრები თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის. 
 
მეორე წელია მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას თავისი უმძიმესი შედგებით. ამ ბრძოლაში წინა ხაზზე, რა თქმა უნდა, არის სამედიცინო პერსონალი. ბოლო ერთი წელია მეც, მათთან ერთად, ჩემი წვლილი შემაქვს, როგორც ექიმს, დიაგნოსტიკის ნაწილში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს იმ გმირული თავდადებისთვის, რასაც თითოეული ადამიანის გადასარჩენად იჩენენ. 
 
ამ ბრძოლაში არაერთი ექიმი, სამედიცინო პერსონალის წევრი და ძვირფასი მოქალაქე დავკარგეთ, დავკარგეთ მეგობრები და ოჯახის წევრები. უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მშობლებს, შვილებს და მეგობრებს. 
 
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად სქესისა, ეროვნული კუთვნილებისა და აღმსარებლობისა გვაკავშირებს თანადგომის და ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის გვერდით დგომა და სამოქალაქო პასუხიმგებლობის გამოჩენა. ეს გულისხმობს რეკომენდაციების გათვალისწინებას, სოციალური დისტანციის დაცვას და პირველ რიგში, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობას. მხოლოდ ასე შევძლებთ პანდემიის დამარცხებას. 
 
ბოლოს, როგორც რიგითმა მოქალაქემ, ექიმმა, და ქუთაისის მკვიდრმა, მინდა გითხრათ რომ მე ვიქნები იქ, სადაც მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვიქნები იქ, სადაც არის ჩემი ოჯახი, მისი წარსული და მომავალი, ჩემი შვილების სახით, იქ, სადაც არიან ჩემი კოლეგები და ჩემი ქუთაისელები, რომელთაც უდიდეს პატივს ვცემ, ვიქნები იქ, სადაც ჩვენს თანაქალაქელებს დახმარება დაჭირდებათ, ვიქნები ის, სადაც ქუთაისს დავჭირდები. 
 
ეს არის ჩემი პოლიტიკაში ყოფნის და ექიმობის მიზანი" - წერს ირაკლი შენგელია.
წაკითხვა 292 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 01 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.