May 17, 2024

რატომ დაუპირისპირდა გახარია ივანიშვილს - პირველი კრიტიკული განცხადება ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ

“ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი და მოქალაქეების ნდობა არ გაამართლა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე იგი ოპოზიციონერის ამპლუაში ივანიშვილის მკვეთრი კრიტიკისგან თავს იკავებდა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ამ განცხადების მიზანი წინასაარჩევნოდ მისი პიროვნული თუ პარტიული რეიტინგის მომატებაა, თუმცა, აბაშიძის პროგნოზით, გახარიას “მწარე წარუმატებლობა ელის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ დაუპირისპირდა გახარია ივანიშვილს - პირველი კრიტიკული განცხადება ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ.

 

“ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში სტუმრობისას გახარიას 2021 წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადება გაახსენეს. რამდენიმე თვის წინ ის ამბობდა, რომ “ქართული ოცნების” მიმართ ნდობას აქვს თავისი ახსნა, რაშიც, ივანიშვილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ეს ის როლია, რომლითაც ქვეყანამ, “ბოლო 8 წლის განმავლობაში, მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას და ქართული პოლიტიკის ცენტრში, განსაზღვრა ადამიანი და მისი ღირსება”. ჟურნალისტის კითხვაზე, ისევ მოაწერდა თუ არა ხელს საკუთარ სიტყვებს, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა თქვა: “არა. ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა. მარტო ჩემი არა, მოქალაქეების”. აბაშიძის აზრით, გახარიამ ყოფილ თანაგუნდელებთან და ივანიშვილთან დაპირისპირება არა ამ განცხადების მერე, არამედ გადადგომის დღიდან დაიწყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“გახარია დღიდან გადადგომისა მრავალვერსიული პოლიტიკოსი გახდა, რომელიც ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს. ახლა, როგორც ჩანს, მისი გათვლა ისაა, რომ რადგან მის პარტიას და მის კანდიდატურას დაბალი რეიტინგი აქვს, ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკით დამატებით ელექტორატს მოიპოვებს. ეს მას არანაირ პოლიტიკურ წონას ნამდვილად არ შესძენს. პირიქით, სრულიად საპირისპირო მოხდება, ელექტორატს კიდევ უფრო დაკარგავს. თუ ბიძინა ივანიშვილი გასაკრიტიკებელი იყო, ეს თავიდანვე დაეწყო... მაგრამ ახლა ამ კრიტიკით მისი დაბალი რეიტინგის ხელოვნურად აწევას ცდილობს. საკუთარ თავს ჰკითხოს, თავად გახარიამ ნდობა რამდენ ადამიანში დაკარგა? ეს უფრო მთავარი კითხვაა. ნდობა კი იმდენ ადამიანში დაკარგა, რომ ეს უკვე მის დაბალ რეიტინგზე აისახება, რომელიც ორნიშნა ციფრიც კი არაა. მას არჩევნებში ძალიან მწარე წარუმატებლობა ელის. არაა გამორიცხული, რომ ივანიშვილზე კიდევ რაღაც თქვას და იმ კოლექტიურ ეკა ბესელიებს და დავით ჭიჭინაძეებს დაემსგავსოს, რომლებიც შიდა სამზარეულოდან ვითომ რაღაცას ლაპარაკობენ და ამ დროს მითებისა და ზღაპრების ჟანრში არიან გადასულები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

 

“გახარიამ კი ეტყობა თავად გადაწყვიტა, რომ უპროცენტო ბესელიას და ჭიჭინაძის პოლიტიკურ გზას დაადგეს. ეს მისი და მისი გუნდის გადაწყვეტლებაა. ლოგიკურად სხვა ვერაფრით ვერ აიხსნება მისი ასეთი განცხადებები. გახარია ივანიშვილსა და “ქართული ოცნების” გუნდს გადადგომის დღიდან დაუპირისპირდა. როცა ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იდგა, მან მიატოვა ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პოსტი, გუნდს და ქვეყანას უღალატა. ეს დაპირისპირება ზუსტად მაშინ დაიწყო და შემდეგ გარკვეული მრავალვერსიულობითა და თვალთმაქცობით ის ივანიშვილის პირდაპირ გაკრიტიკებას თავს არიდებდა. ივანიშვილის წერილი კარგად გვახსოვს, როცა გახარიაზე თქვა, რომ მოღალატეაო. ეს ნამდვილადაც ასეა, დაპირისპირება კი სწორედ 18 თებერვლიდან იწყება. გახარია მრავალვერსიულია, ერთი და იგივე ფაქტსა და მოვლენაზე დღეს ერთი ვერსია აქვს, ხვალ - სხვა, ზეგ სულ სხვა ექნება, ეს მისი პიროვნებიდან გამომდინარეა, ადამიანი დროთა განმავლობაში თავს ამჟღავნებს ხოლმე. გახარიამ თავისი რეალური პიროვნება გამოამჟღავნა”, - დასძენს აბაშიძე.

წაკითხვა 343 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.