May 18, 2024

''პრეზიდენტი ცდილობს, არ იჯდეს იმავე ნავში, რომელშიც ზის „ქართული ოცნება“, რადგან ეს ნავი ცუდი მიმართულებით მიდის''

პრეზიდენტი ხაზგასმით ცდილობს, ჰქონდეს განსხვავებული პოზიციები. ყველა გონიერი პოლიტიკური ფიგურა ცდილობს, არ იჯდეს იმავე ნავში, რომელშიც ზის „ქართული ოცნება“, რადგან ეს ნავი ცუდი მიმართულებით მიდის, - ასე ეხმიანება „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არასწორ ნაბიჯებს დგამს, სწორედ ამიტომ პრეზიდენტის პოზიციები გასაკვირი არ არის.

„გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტი ხაზგასმით ცდილობს ჰქონდეს განსხვავებული პოზიციები, განსაკუთრებით ახლა, როცა კანდიდატის სტატუსზე უნდა იმსჯელოს ევროკავშირმა და არაერთი მწვავე საკითხია ქვეყნის შიგნით. „ქართულ ოცნებას“ აქვს იმდენად არასწორი ხაზი და გეზი, რომ ყველა გონიერი პოლიტიკური ფიგურა ცდილობს არ იჯდეს იმავე ნავში, რომელშიც ზის „ქართული ოცნება“, რადგან ეს ნავი ცუდი მიმართულებით მიდის, ამიტომ გასაკვირი არ არის ჩემთვის, როცა პრეზიდენტი ცდილობს განსხვავებული პოზიციები მოხაზოს. არც პირველი შემთხვევაა ეს. „ქართული ოცნება“ არის პარტია, რომელიც მისი დამფუძნებლების 90 %-მა დატოვა. ამას აქვს ობიექტური მიზეზები.

ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს რაც შეეხება, ნაცვლიშვილის თქმით, ამას ვერ მიიღებს და თუ პრეზიდენტს აქვს რაიმე ფაქტები, მაშინ ამაზე უნდა ისაუბროს.

„არ მიმაჩნია სწორი ოპოზიციაზე საუბარი, რომელიც არის მრავალფეროვანი, სხვადასხვა პარტიაა და ასეთ სერიოზულ ბრალდებებს უნდა მოჰყვებოდეს ფაქტები. სხვა შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ტალახი ყველას გვესხმება ფაქტების გარეშე. გავიხსენებ ამავე დროს, რომ ევროპარლამენტარები გამოეხმაურნენ თავად ღარიბაშვილის ბრალდებებს და თქვეს, რომ „ლელოს“ ერთადერთი პოზიცია იყო, რომ საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი მიუხედავად ყველაფრისა, ამიტომ მეტი სიცხადეა საჭირო, როცა მსგავსი ტიპის განცხადებები ჟღერდება, თუ ვინ იგულისხმება მასში“ ,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უმრავლესობიდან დაუფიქრებელი და არასაჭირო განცხადებები ისმის. „ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა“, - აღნიშნავს პრეზიდენტი და დასძენს, რომ „რაღაცები არ ითქმის, რადგან ზრდილობის საკითხია“. ამასთან, როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, ზელენსკი საქართველოს პარლამენტში უნდა მიეწვიათ. ზურაბიშვილმა მეორე ფრონტის თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ ჰგონია, ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. ოპოზიციასთან მიმართებით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „სარგებლობენ ხელისუფლების შეცდომებით და ბრიუსელში დადიან“, თუმცა, მთავარი პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლებას ეკისრება.

წაკითხვა 203 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 03 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.