May 19, 2024

ორი კვირა და რვა განსხვავებული წასვლა "ქართული ოცნებიდან"

თავიდან 3, ხოლო 13 დღეში უკვე 8 - ასეთია „ქართული ოცნების“ დატოვების არითმეტიკა. „მეტზე ლაპარაკის“ მსურველთა რიგში, პარლამენტის დეპუტატების სამეულის შემდეგ, რეგიონების საკრებულოების დეპუტატებიც დადგნენ.

რამდენად ცხადი და ნათელია „ოცნების“ დატოვების მიზანი?

 

ფაქტები და ვარაუდები

 

„მგონი ჯობს იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს“, - 11 ივლისს ამ სიტყვებით გამოეთიშა „ქართული ოცნების“ რიგებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ გოგინაშვილი. 5 მუნიციპალიტეტის საკრებულოებიდან ამ დღეს წასული წარმომადგენლების მსგავსად, გოგინაშვილიც „მეტის თქმას“ აპირებს, მაგრამ როდის და როგორ - უცნობია.

 

წასვლის შესახებ განცხადებები წერილობით გაკეთდა. ტექსტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი; დახატულია სურათი, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს შიდა პროცესებში ერევიან; ისინი და ოპოზიციურად განწყობილი ძალები, მათ შორის - არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს ომში ჩათრევას აპირებენ და "ოცნებიდან" წასული წევრები კი - „თანამოაზრეებთან ერთად“ არავის მისცემენ საშუალებას „კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში“.

 

კიდევ ერთი, რაზეც მმართველი პარტიიდან წასულები თანხმდებიან - ისინი პარტიისა და ძველი გუნდის ერთგულ გულშემატკივრებად და თანამოაზრეებად რჩებიან.

 

28 ივნისს „ქართული ოცნება“ დატოვეს უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატებმა - სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა.

 

11 ივლისს მმართველი პარტიიდან წავიდნენ: ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე; ჭიათურის საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ნიკა სამხარაძე; ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საბა კბილაშვილი; თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე - ომარ ჯიხვაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ გოგინაშვილი.

 

არაერთი სხვა ადრინდელი შემთხვევისგან განსხვავებით, პარტიიდან წასვლა ახლა სრულიად უხმაუროდ ხდება. აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელების საქციელს „ქართულ ოცნებაში“ არავინ აკრიტიკებს და ხმამაღალი განსჯის საგანი არც ლაგოდეხის საკრებულოს წარმომადგენლის მოწოდება გამხდარა, რომელმაც დაწერა, რომ მიესალმება, თუკი სხვებიც დატოვებენ მმართველ პარტიას. ის იქვე მიუთითებდა, რომ პროცესი "ქართული ოცნების" ინტერესების დაუზიანებლად უნდა მოხდეს.

 

"თუ კი ვინმეს, მუნიციპალიტეტებიდან, სურვილი აქვს შემომიერთდეს - მოხარული ვიქნები, თუმცა ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების - ნაცების საქმის გაკეთება გამოგვივა", - დაწერა ფეისბუკში გიორგი ღამბაშიძემ 11 ივლისს.

წაკითხვა 238 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.