May 14, 2024

"ბირთვული იარაღის გამოყენება არ შეცვლის უკრაინაში მიმდინარე ომის დინამიკას, მაგრამ ეს პუტინისთვის კატასტროფა იქნება" - ფრიდონ შუბითიძე

10 ოქტომბერი, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყო. დილიდან საჰაერო განგაშის სიგნალი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისმოდა. დაიბომბა კიევი, ლვოვი, ჟიტომირი, ხმელნიცკი და კიდევ რამდენიმე ქალაქი. მხოლოდ დედაქალაქში 10-მდე ადამიანი დაიღუპა.

მასშტაბური სარაკეტო დარტყმების მთავარი სამიზნე საცხოვრებელი დასახლებები გახდა. მასირებული შეტევის შედეგად დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, განადგურებული ან დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ეს კი პასუხი იყო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე, რასაც პუტინმა უკრაინის სპეც-სამსახურების მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტი უწოდა. რუსეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო მასშტაბური და მკაცრი ზომების მიღებით იმუქრება. საერთო ჯამში 10 ოქტომბერს რუსეთიდან უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პუტინის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ალაპარაკდა, მისი თქმით, „პუტინი არ ხუმრობს, როდესაც საუბრობს ბირთვული ტაქტიკური ან ბიოლოგიური თუ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ, რადგანაც მისი შეიარაღებული ძალები, შეიძლება ითქვას, საქმეს ვერ ასრულებენ".

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხზე FirstNews.ge-ს Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერი, - ფრიდონ შუბითიძე ესაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია, თუ არა, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს? და ამერიკისგანაც საპასუხო დარტყმები განხორციელდეს?

               

- რუსეთის პრეზიდენტ პუტინისაგან არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ როცა ცხადად გამოიკვეთა რუსეთისა და მისი ჯარების დამარცხება მისივე წამოწყებულ ომში უკრაინის წინააღმდეგ. პუტინი ყველანაირად ცდილობს შემოაბრუნოს ომის მიმდინარეობა რუსეთის სასარგებლოდ და აქტიურად დაიწყო საუბარი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის რუსეთის ომი მხოლოდ უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის რუსეთის ომი მთელი ცივილური სამყაროს წინააღმდეგ. რუსეთმა ამ ომის დაწყებით ხაზი გადაუსვა ყველა საერთაშორისო ვალდებულებას და მოახდინა თვითიზოლაცია საერთაშორისო საზოგადოებისაგან. საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების  ოკუპაციამდე რუსეთს განსაკუთრებული/თანასწორი ადგილი ეკავა მსოფლიოს ეკონომიკურ და სამხედრო განვითარებაში. დღეს მან ყველაფერი დაკარგა თავისი კარჩაკეტილი, იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებისათვის უკრაინაში დაწყებული ომით. ამ მდგომარეობიდან  გამოსვლის და რუსეთში სრული ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილების მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს და ეს არის რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის საზღვრებიდან.

დასავლეთის ქვეყნებისათვის, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის,  სრულად მიუღებელია ბირთვული სახელმწიფოს მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარიც კი, როდესაც ეს მიმართულია არაბირთვული (ამ შემთხვევაში უკრაინის) სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასეთი განცხადებები ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის სტრუქტურებში აღიქმება სრული სერიოზულობით და მიიღება შესაბამისი ზომები და ქმედებები. ასე, მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ამერიკის თავდაცვის გაერთიანებულ შტაბს მუდმივი კონტაქტი აქვს რუსეთის თავდაცვის წარმომადგენლებთან. ამერიკელები რეგულარულად გადასცემენ ზოგად ინფორმაციას რა ზომები შეიძლება იქნეს მიღებული უკრაინაში ბირთვული იარაღის  გამოყენების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მოსაზრებით, პირველ ეტაპზე ნატოსა და ამერიკის ჯარები მოახდენენ  რუსეთის შავი ზღვის ფლოტის, ბირთვული იარაღების საწყობებისა და უკრაინაში არსებული ყველა სამხედრო შენაერთის სრულ განადგურებას, თუმცა, არა ბირთვული იარაღით. რის  შემდეგ უკრაინის თავდაცვას გადაეცემა დამატებითი შეიარაღება, მათ შორის იქნება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ მიმართული პოტენციური ბირთვული იარაღის გასანადგურებლად.

საბედნიეროდ, დღევანდელი მონაცემებით რუსეთში არ შეიმჩნევა რაიმე გადაადგილებები ბირთვული შეიარაღების მოქმედებაში მოყვანის შესახებ. პრეზიდენტ პუტინმა კიდეც რომ მიიღოს ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების საბოლოოდ მოქმედებაში მოყვანას სჭირდება რუსეთის გენერალიტეტის თანხმობა. ჩემი აზრით, რუსეთის გენერალიტეტში გამოჩნდება  ადამიანი, ვინც გაითავისებს მოსალოდნელ საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლებას და უარს იტყვის ბრძანების შესრულებაზე.

- მედიაში აქტიურად საუბრობენ რუსეთის ბირთვულ იარაღზე, რომელიც საკმაოდ მოძველებულია და მისი აფეთქების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ. კერძოდ შეიძლება ბირთვულმა იარაღმა სამიზნემდე ვერ მიაღწიოს და სხვაგან აფეთქდეს.

რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ?

- ბირთვული იარაღი იყოფა ორ კატეგორიად: 1. სტრატეგიული ანუ შორ-მანძილზე მოქმედი ბირთვული შეიარაღება, რომლის  გადატანა ხდება კონტინენტალური რაკეტებით  რამდენიმე ათეული ათასი კილომეტრის მანძილზე, და 2) ტაქტიკური ბირთვული  შეიარაღება, რომლებსაც გააჩნიათ შეზღუდული შესაძლებლობები და ფუნქციები. საერთო ჯამში რუსეთს აქვს დაახლოებით 6300 ბირთვული იარაღი (ბომბი). თუ რუსეთი უკრაინაში გადაწყვეტს ბირთვული იარაღის გამოყენებას ის დიდი ალბათობით გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. რუსეთს თავის არსენალში აქვს დაახლოებით ორიათასამდე, (ამ რიცხვში შედის ყველა ტაქტიკური ბირთვული  იარაღი და არის ვარაუდი, რომ აქედან დიდი ნაწილი უკვე  გამოსულია მწყობრიდან) ტაქტიკური იარაღი. ბირთვული იარაღის მოქმედების არეა განისაზღვრება აფეთქების სიმძლავრით და იზომება კილოტონი ტრინიტროლუენით. შედარებისათვის ჰიროსიმასა და ნაგასაკში გამოყენებული ბირთვული იარაღის სიმძლავრე იყო 15 და 21 კილოტონა, ანუ 15  და 21 ათასი ტონა ტრინიტროლუენის ეკვივალენტი.

თავის მხრივ  ტაქტიკური ბირთვული იარაღიც იყოფა სხვადასხვა სახეობებად. ზოგი განკუთვნილია საზღვაო ძალებისთვის, ზოგი საჰაერო და  ზოგიც სახმელეთო ჯარებისათვის. ისინი გამოიყენებიან როგორც ხმელეთიდან-ხმელეთზე მოქმედი მცირე რადიუსის რაკეტებში ახლო მანძილებზე, ასევე  ხმელეთიდან საჰაერო თავდაცვისათვის. მათი ზომა და სიმძლავრე განისაზღვრება დასმული პრობლემის მიხედვით,  მაგალითად, მიწისქვეშა ბუნკერში შეღწევას უფრო მეტი სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული ბომბი გამოიყენება, ვიდრე საჰაერო თავდაცვისათვის. რუსეთს აქვს ყველა სახეობის ტაქტიკური ბირთვული  იარაღის მარაგი. ვარაუდობენ, რომ რუსეთის არსენალში არის 500-მდე საჰაერო ტაქტიკური  ბირთვული ბომბი, რომლის გადატანა ხდება ჰაერ-ხმელეთის რაკეტებით.  ამ რაკეტების გაშვება კი ხდება ისეთი ბომბდამშენებით,  როგორიცაა Tu-22  და Su-34. ეს ბომბდამშენები აქტიურად გამოიყენებოდა ომის დაწყებისას, მაგრამ ბოლო დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შედეგად რუსეთმა შეამცირა მათი გამოყენების სიხშირე და არეალი. ასეთი შეზღუდვების გამო, ყველაზე დიდი ალბათობით რუსეთი გამოიყენებს ისკანდერის სახმელეთო ბალისტიკურ სარაკეტო სისტემას ბირთვული იერიშის მისატანად. დღეისათვის რუსეთს არსენალში აქვს დაახლოებით ასამდე ბირთვული იარაღი, რომელიც გამოყენებადია ისკანდერის სახმელეთო სისტემებში. გარდა იმისა რომ  ამ ტიპის ბირთვული იარაღის დიდი რაოდენობა შესაძლებელია იყოს უვარგის, ისკანდერის ბალისტიკური რაკეტების  ფრენის დიაპაზონი არის 480 კმ-მდე. ასეთი მოკლე ფრენის დიაპაზონის გამო შესაძლებელია უკრაინელებმა აქტიურად გამოიყენონ დასავლეთ ქვეყნების თანამედროვე საშუალო დიაპაზონზე მოქმედი მაღალი სიზუსტის რაკეტები.

- რა მოხდება და როგორი იქნება მსოფლიო / დედამიწა თუკი პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს?

შეგიძლიათ აღგვიწეროთ სიტუაცია - რა პოლიტიკური გარემოებები შეიქმნება? რა საფრთხე დაემუქრებათ ადამიანებს? რა კლიმატურ საფრთხეს გამოიწვევს? რა შეიცვლება დედამიწაზე?

- ნებისმიერი ბირთვული იარაღის, ეს იქნება ტაქტიკური თუ სტრატეგიული,  გამოყენებას მოჰყვება როგორც დიდი უარყოფითი კლიმატური, ჰუმანური და გარემო ცვლილებები, ასევე მას მოჰყვება უარყოფითი მსოფლიო პოლიტიკური შეფასებები და ნაბიჯები. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება არ შეცვლის უკრაინაში მიმდინარე ომის დინამიკას, მაგრამ ეს იქნება კატასტროფა თვითონ პუტინისათვის, მის გარემოცვისათვის და რუსეთისათვის მთლიანად.

ბირთვული იარაღის გამოყენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები მეტნაკლებად პროპორციულია გამოყენებული იარაღის სიმძლავრის.  ზოგადად, რაც უფრო დიდია გამოყენებული იარაღის სიმძლავრე კილოტონებში, მით დიდია უარყოფითი მოქმედების რადიუსი თანაბრად (ერთგვაროვნად) განაწილებულ დედამიწის რელიეფზე. უნდა ვიცოდეთ, რომ დედამიწა ახდენს ყველაზე კარგად რადიაციული ნივთიერებების გაფილტვრას და არის ყველაზე ეფექტური რადიაციული გამოსხივების დამცველი. ასე მაგალითად, თუ აფეთქების ზონა გარშემორტყმული იქნება მთებით/ბორცვებით მაშინ რადიაციული ფონის გავრცელების და მოქმედების რადიუსი მცირდება მნიშვნელოვნად. გარდა ამისა თუ ტაქტიკური ბირთვული იარაღის აფეთქების შემთხვევაში ადამიანები იქნებიან მიწისქვეშა სარდაფებში გამორთული სავენტილაციო  სისტემებით, მაშინ 3-4 დღის შემდეგ მწვავე რადიაციის ფონი საკმაოდ დაეცემა და ადამიანები შეძლებენ გარეთ გასვლას და სუნთქვას, მაგრამ ლოკალურად რადიაციული დაბინძურების გამო მათ დასჭირდებათ სუფთა წყლითა და საკვებით მომარაგება.

საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვევს ლოკალურად მაღალ რადიაციულ გამოსხივებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ყველა ელექტრონული მოწყობილობების გათიშვას. რადიაციის ფონი  დროთა განმავლობაში შემცირდება და ადამიანებს შეეძლებათ ცხოვრების გაგრძელება.

იმედს ვიტოვებ, რომ რუსეთი გაიაზრებს მოსალოდნელ შედეგებს და საბოლოოდ არ გადადგამს ამ მეტად გაუაზრებელ, კატასტროფულ ნაბიჯს.

 

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

წაკითხვა 849 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 12 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.