May 14, 2024

"სადაც უნდა იქ იყოს თავის ხმებით, შეზლონგებით და რუჯით" - გია ცაგარეიშვილი

როგორც ჩანს, ბატონი ვაშაძე გუშინ წამოდგა შეზლონგიდან, აქამდე გართხმული იყო და მზეს ეფიცხებოდა მთელი ამ თვეების მანძილზე, რაშიც ჩვენ ვიყავით ვითომდა ეჭვმიტანილები,- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის კრიტიკას, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციებს მიზანმიმართულად არ ასრულებს და მათ მიერ ინიცირებული ყველა კანონპროექტი ამ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ამ კანონპროექტებიდან, რომლებიც მათ დააინიცირეს, ერთ- ერთს ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერაც აქვს. გია ცაგარეიშვილის თქმით, ისინი პროცესს ბოლომდე მიიყვანენ და ყველა კანონპროექტს მიიღებენ.

 

"სამი თვე ვმუშაობდით ჯგუფებსა და კომიტეტებში. თუ დაესწრება ამ მუშაობას, საქმეს წინ წაიგდებს და ნახავს, რომ ძალიან ბევრი კანონპროექტი ინიცირებულია და ზოგიერთი მეორე მოსმენითაც განხილულია კომიტეტებზე. ვაშაძეს მინდა ვუთხრა, რომ მისმა კოლეგებმა ოპოზიციიდან, ფაქტიურად სრული შემადგენლობით, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობიდანაც", მხარი დაუჭირეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას შეეხება მთავრობაზე. შეუძლია სტენოგრამაც ნახოს, კენჭისყრის შედეგებიც და შეიძლება აღმოაჩინოს კოლეგა ოპოზიციონერები უხვად, ყველა ფრაქციამ მიიღო ამ კენჭისყრაში მონაწილეობა და მხარი დაუჭირა ჩვენს მიერ ინიცირებულ პროექტს. ეს რაც შეეხება მხოლოდ ერთ დოკუმენტს და ფაქტიურად ყველა რეკომენდაციის მიმართულებით მუშაობა დასრულებულია, ეს მოსწონს თუ არა ყიამყრალ ვაშაძეს ნაკლებად მაღელვებს, ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ, მათ შორის, თქვენ წარმოუდგინეთ ამ ვაჟბატონის ჩართულობითაც შევეცდებით, რომ ავირჩიოთ სახალხო დამცველი, 90 ხმა გვჭირდება, თუ მას წარმოუდგენია ამ 90- ში თავის ხმაც, კარგი იქნება, თუ არ წარმოუდგენია, სადაც უნდა იქ იყოს თავის ხმებით, შეზლონგებით, მზით, რუჯით და ბოდვითი წარმოდგენებით ქართულ პოლიტიკაზე",- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

წაკითხვა 181 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.