May 14, 2024

"დასავლური ფრონტის მთავარი ხაზი ახლა „მთავარის“ ყოფნა-არყოფნაზე გადის"- ნიკა გვარამია

„მთავარი არხის" პატიმრობაში მყოფი დამფუძნებელი ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის შემდეგ პირველ წერილს ავრცელებს. გვარამიას წერილი მისმა ცოლმა სოფო ლილუაშვილმა წაიკითხა.

გვარამია მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს ტელეარხის დახმარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, დასავლური ფრონტის „მთავარი ხაზი" ახლა „მთავარის“ ყოფნა-არყოფნაზე გადის.

 

„მთავარარხელებო“, ბიჭებო და გოგოებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. ცხადია, ჩემი პირადი მხარდაჭერა იგულისხმება, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანიც, მორალური პრეცედენტი, რომელსაც საკუთარი მაგალითით ამკვიდრებთ და აჩვენებთ ყველას. გაძლება და თან ღირსეული გაძლება ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. თავდადება და ბრძოლა ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. ერთგულება და სიყვარული ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ.

 

მე თავს კარგად ვგრძნობ, ჩემზე არ იდარდოთ, არხს მიხედეთ. დასავლური ფრონტის მთავარი ხაზი ახლა „მთავარის“ ყოფნა-არყოფნაზე გადის და არა ჩემ გათავისუფლებაზე, როგორც ბევრი მცდარად მიიჩნევს. არხი უნდა გადარჩეს, სხვა გზა არ გვაქვს, არხი უნდა გადარჩეს. ამას თქვენ გასაგონად არ ვამბობ, თქვენ ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ამას ყველას გასაგონად ვამბობ, ვისაც არხის გადარჩენა ხელეწიფება. თუ რამე მიზნის გარშემო არის გაერთიანება აუცილებელი, ეს „მთავარი არხის“ გადარჩენაა.

 

ძალიან გთხოვთ ყველას, დაეხმარეთ მთავარს. იმათაც, ვისაც ჩემი გულშემატკივრობა ამოძრავებს, ვეტყვი, რომ ამ გულშემატკივრობის მთავარი ფორმა „მთავარი არხის“ დახმარებაა.

 

დაეხმარეთ „მთავარს“, ამას გთხოვთ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით. გადაარჩინეთ „მთავარი“, ამას გთხოვთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლის სახელით", - ნათქვამია ნიკა გვარამიას წერილში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე (მითვისება ან გაფლანგვა) მუხლის "ა", "ბ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, დაკვალიფიცირდა სს კოდექსის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლით და ნიკა გვარამია ცნობილ იქნა დამნაშავედ სს კოდექსის 220-ე მუხლით - ორ ეპიზოდში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად, 2015 წლის ეპიზოდში დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და ექვსი თვის ვადით.

 

3 წელი და ექვსი თვე განუსაზღვრა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკა გვარამიას 2019 წლის, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდშიც:

 

"სს კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით", - ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლოს პირველ ინსტანციას ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა გამოტანილი. ეს ეხებოდა 2015 წლის ეპიზოდს, სადაც ბრალდების მტკიცებით, ზიანმა 6 763 509 ლარი შეადგინა და საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სასჯელის სახედ 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა განუსაზღვრა.

 

ხოლო 2019 წლის ეპიზოდზე, ავტომობილის საქმეზე, სადაც ბრალდების მტკიცებით, ზიანმა 66 271 ლარი შეადგინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვის ვადით ჰქონდა მისჯილი პატიმრობა.

 

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას მანქანის ნაწილში სასჯელად კვლავ დაუტოვა პატიმრობა 3 წლითა და 6 თვით, თუმცა, 2015 წლის ეპიზოდში, ნაცვლად ჯარიმისა, მას ასევე მიუსაჯა პატიმრობა 3 წლითა და 6 თვის ვადით.

 

სასამართლო კოლეგიის განცხადებით, სასჯელის მოხდის ვადა ნიკა გვარამიას დაეწყო 2022 წლის 16 მაისიდან.

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე კოალიცია მედიაადვოკატირებისთვის.

წაკითხვა 207 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.