April 27, 2024

"სააკაშვილთან დაკავშირებით გამოსავალი არის სწორედ სამართლებრივი გზების გამოყენება"

ვფიქრობ, სააკაშვილის საკითხზე უნდა დაველოდოთ დასკვნის შედეგებს. ვიცი, რომ კვლევები ტარდება და თითქმის ბოლო სტადიაშია ამ ექსპერტიზის დასკვნები, ამიტომ კონკრეტულ დიაგნოზებზე მსჯელობისგან თავს შევიკავებ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და სასამართლომ შესაბამისი პროცედურით უნდა იმსჯელოს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

„ორი დღის წინ მოვინახულე პირადად, არ ვარ ექიმი და კონკრეტულ დიაგნოზს ვერ დავსვამ, მაგრამ ვიხილე ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფი, ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ვერც წარმომედგინა, არ ველოდი, რომ სიტუაცია იქნებოდა ასეთი მძიმე და ფიზიკურად იქნებოდა ასეთი დასუსტებული. თავად ექიმებიც ადგილზე აღიარებენ, რომ მისი დინამიკა არის ნეგატიური ანუ გაუმჯობესება არ შეინიშნება. ეს არის ავადმყოფი, რომელსაც აქვს ძალიან მკვეთრი შემცირება წონაში, რომელსაც არ შეუძლია მოძრაობა, უჭირს საუბარი, არის უენერგიოდ და აქვს სიცხეები. დამატებით საერთაშორისო კონსილიუმი რა დიაგნოზებს დასვამს არ ვიცი, მაგრამ ისედაც მძიმე დიაგნოზები აქვს დასმული, თუნდაც ნევროლოგიური მიმართულებით. ძალიან კარგად მესმის მისი გარემოცვის მოთხოვნების, მათ შორის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, რადგან ის ნამდვილად მძიმედ არის. სამართლებრივად რომ მივყვეთ, საქართველოს კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში როდესაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება და შეუძლებელია, გაუმჯობესდეს საპატიმრო პირობებში და მისი მდგომარეობა შეუთავსებელია საპატიმრო პირობებთან, ამ შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების თაობაზე. შესაბამისად, სხვა ალტერნატივები, რაზეც გუშინ იყო მსჯელობა, არ ვიცი, რა სამართლებრივ ნორმებში ჯდება. კარგია თუ უცხოელ ექიმებს შეუშვებენ, მაგრამ სამართლებრივ გზაზე თუ ვსაუბრობთ, ეს არის სამართლებრივი გზა. შესაბამისად, ეს სასჯელიდან გათავისუფლება იქნება თუ სასჯელის გადავადება, ორივე შემთხვევაში პატიმარს თავად შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება, სად გააგრძელებს მკურნალობას, საზღვარგარეთ თუ საქართველოში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, გამოსავალი არის სამართლებრივი გზების გამოყენება.

 

„სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. მე ველოდები სამედიცინო დასკვნას, თუმცა თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ არის სასჯელიდან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩვენ შეგვიძლია, მივმართოთ სასამართლო მეგობრის მოსაზრებით ან რეკომენდაციით შესაბამის უწყებებს, ეს გაგვიკეთებია მსგავს შემთხვევებში და არ გამოვრიცხავ, რომ თუ საჭირო გახდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაშიც“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

წაკითხვა 397 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.