"მაჩუქეო არც გეუბნება, იქნებ ყიდულობს"- გია ხუხაშვილი "ბუკზე"

ბროუდერი ვინ არის „დაგუგლონ“ მაინც, ვიდრე გამოვლენ და იდიოტობას იტყვიან, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ "მაგნიტსკის სიის" ავტორის უილიამ ბროუდერის განცხადებაზე გაკეთებულ კომენტარს, რომ „ბროუდერის განცხადება ლობისტური კამპანიის კომპონენტია“.

გია ხუხაშვილის თქმით, ბროუდერი თავად იყო დაზარალებული რეჟიმის მიერ და ის არავის დაქირავებული არ არის.

 

„ბროუდერის თემაზე მინდა ვთქვა, დღეს გამოიყვანეს ვიღაც ახალი ბრძენთა ბრძენი „ქართული ოცნებიდან“, გვარიც არ ვიცი ვინ არის, საიდან გაჩნდა ეს ხალხი საერთოდ, ღმერთმა უწყის, დეპუტატი, რომელმაც თქვა, რომ ბროუდერი თურმე ყოფილა ლობისტი და დიდი ფული უჯდება სააკაშვილს. ისიც არ იცის ბროუდერი ვინ არის, დაგუგლონ მაინც სანამ გამოვლენ და ამ იდიოტობას იტყვიან.

 

ბროუდერი იყო საერთაშორისო ინვესტორი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფინანსო ფონდის ხელმძღვანელი რუსეთში, გადაიხადა მოგების გადასახადი ძალიან დიდი ოდენობით და ეს ფული გაქრა და ამ საქმეზე მოკლეს მისი საქმის იურისტი. ამ ადამიანმა გადადო ყველაფერი და მიჰყვა ამ საქმეს. ლობისტი კი არაა კაცო, ის არის დაზარალებული ამ ტიპის რეჟიმების მხრიდან და ის ითხოვს მტკიცებულებებს, არ უნდა მყვირალა განცხადებები, არავის დაქირავებული არ არის ბროუდერი, თავის სახსრებით მუშაობს ამ სფეროში, იმას არ სჭირდება არავის დაფინანსება და ითხოვს მტკიცებულებებს მეორე მხრიდანაც, სწორსაც შვება, უპირობოდ ხომ არ ენდობა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

გია ხუხაშვილი გადაცემაში გივი მიქანაძის მიერ კასიანოვის განცხადებაზე გაკეთებულ კომენტარსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „კასიანოვის განცხადება შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული“.

 

„ომი არ გინდა ესაა ხელისუფლების მესიჯი ხომ? ის მაინც ხომ შეგიძლია, კორექტულად უპასუხო მეგობარს. „ომში ჩათრევა უნდა“ -თი კი არ უნდა უპასუხო, როდესაც გთხოვს, „შენ რომ ომში იყავი და მე რაღაც მოგეცი, ის მომეცი უკან“, მაჩუქეო არც გეუბნება, იქნებ ყიდულობს და შენ აქედან ამაზე ომში მყოფ ქვეყანას რომ უპასუხებ: „პროვოკატორი ხარ და ჩემი ომში ჩათრევა გინდა“, სამარცხვინო და უღირსი ხარ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

ცნობისათვის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

წაკითხვა 406 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.