May 14, 2024

"ახლა პარტია აღდგენის გზაზეა, ვიმედოვნებ, დავინახავთ რეალურ პროტესტს ქუჩაშიც" - ვანო მერაბიშვილი

ქართველებს ეშინიათ პუტინის, არ ვფიქრობ, რომ მათ უყვართ ივანიშვილი, თუმცა ამჟამად ივანიშვილი მათთვის არის მეხამრიდი პუტინისგან, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ არხს, Freedom TV-ს 

ვანო მერაბიშვილმა უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „ქართველი ხალხი ხომ არ არის რუსები, ეს ხომ არ არის მონების ერი, რომელსაც 20 წელი აჩუმებდნენ. როგორ თანაცხოვრობს ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობასთან, რამდენი ასეთი იდიოტური კანონი უნდა იყოს, რომ ქართველებმა გაიგონ, რამდენად უსიამოვნო სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდნენ“.

 

„მათ მართლა ეშინიათ პუტინის, რადგან სულ მცირე ყოველ მეხუთე ქართველს უნახავს რუსული ტანკები საკუთარი თვალით 2008 წელს და, რაც ყველაზე ცუდია, ყველამ გაიგო, რომ დასავლეთს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია, არ გაუპროტესტებია ეს ქმედება. მეტიც, გახსოვთ, დასავლური საზოგადოებრივი აზრი ხშირად საქართველოს ადანაშაულებდა ამ ომის გამო. ეს ქართელებმა დაინახეს და ამან მათზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ახლა მათ, რა თქმა უნდა, ეშინიათ პუტინის, მე არ ვფიქრობ, რომ მათ უყვართ ივანიშვილი, თუმცა ამჟამად ივანიშვილი მათთვის არის მეხამრიდი პუტინისგან, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ თუ საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება, თუ რუსეთი რეალურად არ დაესხმება თავს, სულ მცირე იქნება ის, რომ თუ უკრაინას ესვრიან 60 რაკეტას, 10-ს ესვრიან საქართველოს.  რა თქმა უნდა, ქართველებს ამის ეშინიათ“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

ვანო მერაბიშვილის თქმით, მთავარია ის, რომ ქართველებს აქვთ პუტინის შიში, ასევე მეორე ფაქტორია ოპოზიციის არააქტიურობა.

 

„საქართველოში არის მხოლოდ ერთი რეალური, სერიოზული ოპოზიციური პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის პარტია, რომლის რეიტინგი ორჯერ აღემატება ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის რეიტინგს. პარტიაში ჩატარდა რიგგარეშე შიდა არჩევნები ამ პარტიაში, რადგან ჩვენი პარტიის ყოფილი ხელმძღვანელობა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურად იქცეოდა, პრაქტიკულად არ რეაგირებდა არც უკრაინაში ომზე, არაფერზე. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ადამიანებმა ჩაატარეს რიგგარეშე არჩევნები და პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ წააგო ამ არჩევნებში. ჩვენ ჩავატარეთ ელექტრონული არჩევნები, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ელექტრონულად დარეგისტრირდა და მოქმედი თავმჯდომარე დამარცხდა ახალგაზრდასთან. ყველაფერი ძალიან შეიცვალა, თუ ბოლო კვირებში უყურებთ ტელევიზორს, მთელ საქართველოში ახლა ტარდება მრავალი აქცია. პარტია აღდგენის გზაზეა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობდნენ, არათუ არ გაემართათ საპროტესტო აქციები, ზოგჯერ ისინი ცდილობდნენ, სპონტანურად დაწყებული მიტინგები არ განევითარებინათ, მსუბუქად რომ ვთქვათ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენ დაინახავთ რეალურ პროტესტს ქუჩაშიც. აი ეს ორი მიზეზი დაემთხვა, მთავარი, რა თქმა უნდა, პუტინის შიში და მეორე – ოპოზიციის სისუსტე, სისუსტე არა, მოდით, ვთქვათ, არააქტიურობა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

წაკითხვა 239 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.