May 14, 2024

სამგზის ჩავარდნილი - როგორ დასრულდება საგამოძიებო კომისიის შექმნის ეპოპეა პარლამენტში

„პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი უკვე მესამედ არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაცია სამშაბათსაც არ გაიარა და ტაბლოზე მხოლოდ 52 ხმა დაფიქსირდა.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს პროცესი გაჭიანურდება და ახლო მომავალში კვლავ იქნება კომისიის შექმნის მცდელობები. შესაბამისად, ოპოზიცია ეცდება დასავლელი პარტნიორების დახმარებით ზეწოლა მოახდინოს „ოცნებაზე" და კომისიის შექმნა აიძულოს, ხოლო მმართველი პარტია კი დაელოდება მომენტს, როდესაც ოპოზიცია ვეღარ შეძლებს კომისიის შექმნისათვის საჭირო 50 ხმის მობილიზებას“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სამგზის ჩავარდნილი - როგორ დასრულდება საგამოძიებო კომისიის შექმნის ეპოპეა პარლამენტში.

 

„პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი არც 18 და 19 აპრილს შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის წინ არც მაშინ გაიარა. 18 აპრილს მხოლოდ 51 დეპუტატი დარეგისტრირდა და 19 აპრილს - 52. სამშაბათს დღის განმავლობაში პარლამენტში კეთდებოდა განცხადებები როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან. ოპოზიცია ხელისუფლების ქმედებას ევროპული მისწრაფების საბოტაჟად აფასებს. ხოლო მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნით სურს ის მიღწევები და რეფორმები დააზიანოს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად ხორციელდება. „ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. რა თქმა უნდა, დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხრიდან. შესაბამისად, დღესაც, ბუნებრივია, არ გავივლით რეგისტრაციას", - აცხადებდა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რეგისტრაციის წინ“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

„ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამ პროცესის ახლო მომავალში დასრულებას არ მოელის იმის გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს სურვილია და მისი დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება დადგეს ხელისუფლების დელეგიტიმაციის საკითხი. „რამდენ ხანს გაგრძელდება ამას ვერ გეტყვით. სადამდეც ეყოფა ოპოზიციას მოთმინების და გამძლეობის რესურსი, მანამდე დააყენებს ამ საკითხს. მით უმეტეს, რომ დღეს ფაქტიურად გაირკვა, რომ აშშ-ის საელჩოც არის გარკვეულწილად ყველაფერში ჩართული. მისი გარკვეული კურატორობით ხდება ეს ამბავი, თორემ არასდროს ოპოზიცია ასეთი სოლიდარული და ერთმანეთთან მოთანამშრომლე ჩვენ არ გვინახავს. „ამერიკის ელჩის განცხადებების შინაარსიდან და პათოსიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ეს საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას და საგამოძიებო კომისია რომ შეიქმნება, ამას მოჰყვება ის ნაბიჯები, რასაც მათი დათქმით უნდა მოჰყვეს ხელისუფლების დელიგიტიმაცია - რომ სასამართლო სისტემაში ასეთი პრობლემებია და დაიბარებენ გამოკითხვაზე სხვადასსხვა მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიტიკოსებს და ამაზე აეწყობა პოლიტიკური ცხოვრება. ეს, რა თქმა უნდა, არანაირად არ აწყობს „ქართულ ოცნებას", რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლებისთვის გაუთვალისწინებელი შედეგები", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ“, - განაგრძობს გამოცემა.

 

„ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიის შექმნას თვითონ ჩააგდებს, როცა ოპოზიცია პარლამენტში სრულად არ იქნება წარმოდგენილი. „ქართული ოცნება" აკონტროლებს ყველაფერს - სასამართლოს, პარლამენტს, პროკურატურას, ბიუჯეტს და უცებ ასეთ ისტერიკაში ვარდება და ხელს უშლის გამოძიებას. „რა არის „ქართული ოცნების" ამოცანა? დაღალონ ოპოზიცია, ან ჩაუსაფრდნენ - როდესაც ოპოზიციის რაღაც ნაწილი არ იქნება საქართველოში და დარწმუნებული იქნებიან, რომ ისინი არ არიან პარლამენტის სხდომაზე, ჩაატარონ უცებ რეგისტრაცია, უკვე თვითონ დააყენონ კომისიის შექმნის საკითხი და ჩააგდონ. ერთადერთი სამართლებრივი ლოგიკური გამოსავალი არის ეს, მათი გადასახედიდან", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა“, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 211 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.