May 12, 2024

„არსებობს შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ“ - კახა გოგოლაშვილი

ევროკომისიის მიერ შემუშავებულია 12 პრიორიტეტი, რომელიც გადმოგვცეს შესასრულებლად, იმისათვის რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, მოთხოვნა სრულიად სამართლიანია იმიტომ, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე პოლიტიკური და დემოკრატიული განვითარების სფეროში უმნიშვნელოვანესია მათთვის, - ამის შესახებ FirstNews.ge-თან საუბარში ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა ქვეყნის ინტეგრირება უნდათ, საჭიროა ქვეყანა დემოკრატიის კუთხით მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

 

„რაც შეეხება 12 პუნქტს, აუცილებელია ყველა ძალის გაერთიანება. ამაზე იყო საუბარი და ეს უნდა მომხდარიყო, თუმცა სამწუხაროდ პოლიტიკური ძალებისგან საკმარისი ნება და სურვილი ნაჩვენები არ იყო, განსაკუთრებით ამას მმართველ ძალაზე ვიტყოდი. მაგრამ, სხვა პოლიტიკური ძალებიც ვერ აღმოჩნდნენ მაღალ დონეზე. ყველა ამ პოლიტიკურ  ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად რომ ემუშავათ, პირველ რიგში ეს პოლარიზაციის პრობლემას მოხსნიდა. რომელიც ყველაზე მთავარი მოთხოვნაა ევროკომისიის მხრიდან.


შემდეგ, ძალიან გულახდილი მსჯელობა უნდა გამართულიყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობაა. ასევე, უმნიშვნელოვანესი საკითხია მედიათავისუფლება და ამასთან დაკავშირებით გათავისუფლება ერთ-ერთი მედია ხელმძღვანელის, რომელიც პრაქტიკულად უკანონოდ არის დაკავებული და გასამართლებული,“- აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.


როგორც ექსპერტი აცხადებს, სხვა ისეთ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თუ მოხერხდებოდა კონსენსუსის მიღწევა და მათთან ერთად ყველა პოლიტიკური ძალების მსჯელობა, ეს იქნებოდა მე-10 პუნქტის შესრულება.


„საარჩევნო რეფორმაზე საუბარი დიდი ხანია დაწყებულია. ის, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს არის აუცილებელი. მოქალაქეები დარწმუნებულები იქნებიან, რომ ისინი დემოკრატიულად ირჩევენ ხელისუფლებას და სრულად წარმოადგენს მათ ნებას. ეს ასახავს მოსახლეობის მხარდაჭერის სტრუქტურას.


აი, ეს ცვლილებები აუცილებლად იყო და რჩება გასატარებლად.


თუ ოქტომბრამდე მოხერხდება რეალური პროგრესის დაფიქსირება, საქმეც რომ არ იყოს ბოლომდე გაკეთებული, მაგალითად სასამართლოს რეფორმა არ იყოს დასრულებული, მაგრამ ევროკავშირიდან დაინახავენ რომ საზოგადოებაში მიმართულება, კონსენსუსი და მუშაობა არის, მაშინ შეიძლება კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ,“- განმარტავს ჩვენთან საუბარში კახა გოგოლაშვილი.

 

მისივე თქმით, თუ ეს ყველაფერი დარჩენილ რამდენიმე თვეში არ გამოჩნდება და ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს, მაგალითად, ისეთს როგორიც იყო რუსეთთან ფრენების აღდგენა, ან ახლანდელი მცდელობა იმისა, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობა ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუმორჩილონ, - (თუ ასეთი მიდგომები გაგრძელდება), არსებობს შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ.

 

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ რომ ეს არის საბოლოო და თუ ჩვენ ახლა არ მივიღეთ სტატუსი ამით ყველაფერი დასრულდება. ეს ასე არ არის. ჩვენ უკვე გვაქვს ევროპული პერსპექტივა, ვართ ევროკავშირის პოლიტიკის გაფართოების ნაწილი და ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ არის გარდაუვალი. ამ გზაზე ნაბიჯების გადადგმა საჭირო და აუცილებელია. კარი ღიაა, მაგრამ ნაბიჯი თუ არ გადადგი ვერ შეხვალ. ამ ნაბიჯების გადადგმა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მომთხოვნი და გათვითცნობიერებული იქნება მოსახლეობა,  თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მთავრობამ და აქტიურმა მოქალაქეებმა, რომლებზეც დამოკიდებულია პროცესის წინსვლა,“- აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

წაკითხვა 394 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.