"შარლ მიშელის განცხადებიდან ჩანს, რომ ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და კანდიდატის სტატუსს მაინც მოგვცემენ „ქართული ოცნების“ ჯინაზე"- პაატა ზაქარეიშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გუშინდელი განცხადებიდან ჩანს, რომ ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და კანდიდატის სტატუსს მაინც მოგვცემენ „ქართული ოცნების“ ჯინაზე, - ასე აფასებს პოლიტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ნაკლებია შანსი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის მოწოდება გაიზიაროს, ვინაიდან პირიქით, ხელისუფლება „სპეციალურად, შეგნებულად და გააზრებულად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ“.

 

„კანდიდატის სტატუსის მიღება კი, ნიშნავს დამოუკიდებელ სასამართლოს, მართლმსაჯულებას, დეცენტრალიზაციას, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების უფლებებს ანუ ადამიანის უფლებების მთელ პაკეტს, ასევე კანდიდატის სტატუსის მიღება გულისხმობს იმას, რომ მთელ რეგიონში უნდა გავხდეთ დემოკრატიული რეფორმების ჩატარების მხრივ ლიდერი და ა.შ. მეტი პასუხისმგებლობაა. ამიტომ „ქართული ოცნება“ ამას არ გააკეთებს, საქართველოს ჩიხში შეგნებულად შეიყვანს, იმიტომ, რომ არ დაუტოვოს არანაირი შანსი ევროკავშირს მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ გუშინდელი განცხადების შემდეგ ევროკავშირი რაღაცებზე თვალს დახუჭავს, რადგანაც მან თვალი დახუჭა მოლდოვაზე და უკრაინაზე ანუ ასეთი ფაქტი უკვე გვაქვს. [გუშინდელი განცხადებით] მათ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ანუ ჩათვალეს,რომ საქართველოს უფრო სჭირდება კანდიდატის სტატუსი, ვიდრე „ქართული ოცნება“ ამას იმსახურებს. ამიტომ, ამ განცხადების შემდგომ პოზიცია უფრო მეტად განმტკიცდა იმ მხრივ, რომ ისინი რაღაცებზე თვალს დახუჭავენ და მაინც მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს „ქართული ოცნების“ ჯინაზე, შეიძლება ასე ითქვას", - განაცხადა ექსპერტმა.

 

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, თუკი ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს მისცემს საქართველოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისცემს ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“. მისივე განმარტებით, ეს პროცესი ამგვარად შეიძლება დაიყოს, თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საბოლოო ჯამში, მთავარი არის ის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

 

„თუ მაინც მოგვცეს და ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს, „ქართული ოცნება“ ამ მხრივ ქულებს აუცილებლად დაიწერს, აშკარად გაძლიერდება და არჩევნებში ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ თავზე დაგვაყრიან პუნქტებს და ის 12 პუნქტი სანატრელი გვექნება. თავზე დაგვაყრიან პუნქტებს, რაც ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ. ათეულობით პუნქტი იქნება, რომელიც უნდა შევასრულოთ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ და 2030 წლამდე საქართველომ მიიღოს ეს უნიკალური და სანატრელი საჩუქარი. რუსეთის აგრესიამ აჩვენა, რომ დღეს მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპა არის ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე, ამიტომ, ახლა არ არის საჭირო თამაში და ზედმეტი პირობების წაყენება. მიგვიღონ როგორმე“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს. „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“ ,- აღნიშნულის შესახებ მან სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე.

 

„გასულ წლის ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, - აღნიშნა მიშელმა. მისივე განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

წაკითხვა 421 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.