May 18, 2024

"2012 წლამდე ჩადენილ "დანაშაულებს" ვიკვლევთ, ეს შერჩევითი სამართალია თუ პოლიტიკური დევნის იარაღი?"- თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელ ფრენებზე ინფორმაციის გავრცელების მიზანია, გადაიფაროს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი შვილის სამთავრობო თვითმფრინავით ევროპაში გადაფრენის ამბავი. მისი თქმით, ფრენები სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სრულდებოდა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით.

"უსუსური მცდელობაა, გადაფარონ ღარიბაშვილის ბავშვის სეირნობის ამბავი", - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

 

ის ასავე ამბობს, რომ პრეზიდენტი იყო უმაღლესი მთავარსარდალი, შესაბამისად მას ემსახურებოდა ბორტი N1, რომელიც რეგისტრირებული იყო თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. ჯანაშია აღნიშნავს, რომ ხელისუფლება შერჩევითად საჯაროს ხდის 2010-2012 წლებში სააკაშვილის მგზავრობის შესახებ ინფორმაციას მაშინ, როცა მისი პრეზიდენტობა თითქმის კიდევ ერთი წელი გრძელდებოდა.

 

"პრეზიდენტის უფლებამოსილება გრძელდებოდა 2013 წლის ნოემბრამდე - შესაბამისად, ასეთი გადაფრენები იყო ამ დროსაც, როცა ხელისუფლება იყო შეცვლილი, პრემიერი იყო ბიძინა ივანიშვილი. თუ ეს უკანონობა იყო, რატომ გაწევდა სახელმწიფო ამ ხარჯებს? ეს არის კითხვა, რომელიც მაქვს. 2012 წლამდე ჩადენილ "დანაშაულებს" ვიკვლევთ, ეს შერჩევითი სამართალია თუ პოლიტიკური დევნის იარაღი?" -  საუბრობს ჯანაშია.

 

დღეს, 14 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, საჯარო გახადოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მგზავრობასთან დაკავშირებით ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისთან" დადებული ხელშეკრულებები.

 

თავდაცვის სამინისტრო ამას "საზოგადოების მაღალი ინტერესით" ხსნის. ამ გადაწყვეტილებას კი წინ უსწრებდა "TV პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვილი ევროპაში ჩარტერული რეისით სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

 

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად", - წერია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ საუბარია 14 მილიონ ლარამდე ხარჯზე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან.

 

მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩარტერული რეისი, რომელსაც პრემიერი შვილთან ერთად მიჰყავდა თბილისიდან მიუნხენში, სამთავრობო თვითმფრინავით შესრულდა. მთავრობის სტრატკომის ინფორმაციით, ეს იყო კომერციული ჩარტერული რეისი.


„რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“, - განმარტა სტრატკომმა.
 

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.

 

12 სექტემბერს კი მხოლოდ ოთხ ტელევიზიას: "რუსთავი 2-ს", "იმედს", "პოსტვ-სა" და საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა შესაძლებლობა, ჩაეწერა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც ამ ფრენის ხარჯებზე ილაპარაკა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის ხარჯი ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა. ტარიელ ღარიბაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მამის სახელია.

წაკითხვა 162 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.