May 17, 2024

"პრეზიდენტისგან სტატუსის თაობაზე უპირობო განცხადებების ნაცვლად, მოვისმინეთ საყვედურნარევი განცხადება, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს"- შალვა პაპუაშვილი

Ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტის ვიზიტს, რომელზეც მას მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა, ერთადერთი შედეგი ჰქონდა, ლატვიის მხრიდან მოწოდება მივიღეთ – ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციები დავაწესოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლატვიის  პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

პაპუაშვილის განმარტებით, სანქციების დაწესება რუსეთთან ესკალაციის ახალ ფაზას გამოიწვევს.

 

„რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ – პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს. ამ საკითხზე საუბარი უკვე ბევრჯერ იყო და ბოლო პერიოდში პარტნიორების მხრიდან ამაზე საუბარი აღარ ყოფილა. ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტის ვიზიტს, რომელზეც მას მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა, ერთადერთი შედეგი ჰქონდა, ლატვიის მხრიდან მოწოდება მივიღეთ – ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციები დავაწესოთ.

 

ყველას შევახსენებ, რომ მიზეზი, რის გამოც საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს, არაერთხელ ავხსენით. სანქციების დაწესება რუსეთთან ესკალაციის ახალ ფაზას გამოიწვევს. სანქციების ომში შესვლით ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურ ზიანს და დარტყმას მიიღებს. რა თქმა უნდა, რუსეთთან ასეთ ესკალაციაში შესვლა, საბოლოო ჯამში, ჩვენი უსაფრთხოებისთვის რისკებს ქმნის. ამიტომ ვინც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ სანქციები დავაწესოთ რუსეთის მიმართ და ამავე დროს უარს გვეუბნება, რომ მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური მხარდაჭერის გარანტიები, რა თქმა უნდა, ესკალაციისკენ გვიბიძგებს. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამდენად სწორი იყო მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ვიზიტების განსახორციელებლად თანხმობა არ მიეცა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, საერთო ჯამში, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები დამაზიანებელია.

 

„ვხედავთ, რომ პრაქტიკაშიც, საერთო ჯამში, დამაზიანებელია მისი ვიზიტები და ვნახეთ, რომ საერთოდ არსაიდან გაჩნდა სანქციების დაწესების საკითხი, რომელიც დიდი ხანია, დახურულია და მათ შორის გარკვეულია ყველა მხრივ როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-ს წევრ ქვეყნებთან. საქართველოში სანქციების კოორდინატორები იყვნენ ჩამოსულები ევროკავშირიდან, აშშ-იდან და არავის არანაირი შენიშვნა არ ჰქონია იმაზე, თუ რა პოლიტიკას ატარებს საქართველო სანქციებზე.

 

ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ზუსტად ის ვიხილეთ, რის გამოც მთავრობა პრეზიდენტს თანხმობას არ აძლევდა. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე უპირობო განცხადებები მოგვესმინა, მოვისმინეთ რაღაცნაირი საყვედურნარევი განცხადება, რომ საქართველომ რუსეთის მიმართ სანქციები უნდა დააწესოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ლატვიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

წაკითხვა 312 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 28 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.