May 17, 2024

"ფარცხალაძის დასანქცირება გაუგებარია"- პრემიერი

სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფარცხალაძის სანქციერებულთა სიაში შეყვანა გაუგებარია.

 

„ოთარ ფაცხალაძე ათ წელზე მეტია, აღარ არის საჯარო მოხელე. ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური. მინდა, გაკვირვება გამოვხატო, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება. პირადად ჩემთვის გაუგებარი, აუხსნელია და ამის თაობაზე ჩემს აზრს ღიად ვამბობ. ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ყველა ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ჩემს თვალში არის მოღალატე. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება, ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი. ჩემთვის და სამსახურებისთვის, სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც სანქციების აღსრულების წესს ეხება.

 

„ფარცხალაძეზე არ იყო, საუბარი იყო მოქალაქეზე. ჩემთვის სასაცილოა ნამდვილი ჯაშუშების, ქვეყნის გამყიდველებისა და მოღალატეების კომენტარების მოსმენა.  ყველაფერს სჭირდება მტკიცებულება. მოსამართლეები რომ დაასანქცირეს და თქვეს, კორუფციის ფაქტების გამო მოხდაო, ვინმემ ნახა მტკიცებულება? ფარცხალაძის ადვოკატი არ ვარ, არც სჭირდება ჩემი ადვოკატობა, ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ, როგორც მოქალაქეზე, გუნდის ყოფილ წევრზე. ათი წლის წინ პროკურორი იყო და ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ. აუცილებელია, ასე ბრმად არ მივიღოთ გადაწყვეტილება. გასაგებია ჩვენი პარტნიორის პოზიცია, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ, მათთან გვაქვს დისკუსია და კომუნიკაცია. მინდა, წუხილი, გაკვირვება გამოვხატო, რომ ფარცხალაძის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არცერთ სამსახურს არასდროს მოუმართავს. მათ რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში – ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნეს საქმიანობა ჰქონდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ფარცხალაძეს გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე. როგორ არის ფარცხალაძე ოლიგარქი, კაცი ათ წელზე მეტია, წასულია ხელისუფლებიდან, აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია, რატომ აიღო პასპორტი. ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია. დღეს განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკური ძალები, რომელთა ლიდერები დღესაც რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგალითად, კობა ნაყოფია, პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და სააკაშვილის მარჯვენა ხელი, გრიგოლ ვაშაძე, პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი – ომის შემდეგაც რომ არ დაუტოვებიათ რუსეთის მოქალაქეობა. თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო, ვისზე გაქვთ სალაპარაკო, როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს. რიგითი რომ ყოფილიყო, ქალბატონი ია გულიაშვილი რომ ყოფილიყო დასანქცირებული, ასევე დავიცავდით. თქვენ ხვალ რომ დაგასანქცირონ, ასევე დაგიცავთ. აუცილებელია მტკიცებულებები“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

წაკითხვა 298 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.