May 17, 2024

"ფილმის „იარე ლიზა“ მთავარი სათქმელი, როგორც ეს მე, ერთმა ადამიანმა დავინახე, არის ის, რომ რუსეთთან თანმიმდევრული, უკომპრომისო საგარეო პოლიტიკის პარალელურად აფხაზებთან და ოსებთან გულახდილი საუბარია საჭირო"

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში ფილმ „იარე ლიზას“ ირგვლივ გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „იარე ლიზა“ არ გადაუღია ავტორს იმისათვის, რომ ის პოლიტიკოსებისთვის სამომავლოდ გზამკვლევი გამხდარიყო.

როგორც ის ამბობს, ყველაზე დადებითი, რაც ამ ფილმმა უნდა მოიტანოს და რისთვისაც ფილმი შეიქმნა, არის ის, რომ საზოგადოებაში დაიწყოს ფიქრი, როგორ ვესაუბროთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს.

 

ამასთან, ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ პოზიციის დაფიქსირებისას, პოლიტიკაზე საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისგან თავს კვლავაც შეიკავებს.

 

„დიდი ხანია, რაც პოლიტიკაზე ჩემი მოსაზრებების გამოთქმისაგან თავს ვიკავებ და მომავალშიც არ ვგეგმავ ამ მიმართულებით აქტივობას, თუმცა დღეს თავი ვალდებულად ჩავთვალე, საჯაროდ, მოკლედ გამომეთქვა ჩემი აზრი არა იმდენად ფილმზე „იარე ლიზა“, არამედ იმ პროცესების ხასიათზე, რაც აღნიშნული ფილმის დღის შუქზე გამოსვლამ გამოიწვია. თავს ვალდებულად მივიჩნევ ორი მიზეზის გამო:

 

პირველი, რადგანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში და ამიტომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ანტისაოკუპაციო და შერიგების პოლიტიკა, საზოგადოებისთვის ჩემი პოზიციის თქმა მუდმივ მოვალეობად მიმაჩნია; მით უფრო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და პოზიტიური ინიციატივის, " ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის" ინიციატორი და ავტორი გახლდით თანაგუნდელებთან ერთად.

 

მეორე მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე საჯაროდ გამომეხატა პოზიცია, გახლავთ ჩემი მორალური ვალდებულება ფილმის ავტორის მიმართ, საჯაროდაც ვთქვა ის, რაც მას პირადად ვუთხარი, როცა მომეცა საშუალება, მენახა ფილმი კინოთეატრებში გამოსვლამდე, მითუმეტეს, ახლა, როცა რეჟისორის მიმართ ხორციელდება უპრეცედენტო და დაუმსახურებელი შეტევა. სანამ სათქმელს ვიტყოდე, მინდა გამოვხატო ტკივილის თანაზიარობა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ამ ფილმმა იარა და ტრაგედია განუახლა და მათ მიმართაც, ვისთვისაც ფილმის იდეა თუ მხატვრული ფორმა მიუღებელი აღმოჩნდა. არასოდეს მექნება იმის პრეტენზია, რომ ბოლომდე ვგრძნობ, რასაც იმ ჯოჯოხეთში გამოვლილი ადამიანები დღესაც განიცდიან და ალბათ, ეს ემოცია სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ. ვფიქრობ, რომ „იარე ლიზა“ არ გადაუღია ავტორს იმისათვის, რომ ის პოლიტიკოსებისთვის სამომავლოდ გზამკვლევი გამხდარიყო, არც ისტორიული ჭეშმარიტების დადგენის ამბიცია გააჩნია მის ავტორს. ყველაზე დადებითი, რაც ამ ფილმმა უნდა მოიტანოს და ვფიქრობ, რისთვისაც ფილმი შეიქმნა, არის ის, რომ საზოგადოებაში დაიწყოს ფიქრი, როგორ ვესაუბროთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. ის, რომ რუსეთია მომხდარი ბოროტების მთავარი აქტორი, რომელმაც ასევე საუბედუროდ შეძლო აემოქმედებინა საბჭოთა იმპერიის მიერ ათწლეულების განმავლობაში ჩადებული ყველა ნაღმი, ფილმს არცერთ მომენტში არ გაუხდია სადავოდ. არც ანტისაოკუპაციო და არაღიარების პოლიტიკას აყენებს ამ ფილმით ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ. ფილმის მთავარი სათქმელი, როგორც ეს მე, ერთმა ადამიანმა დავინახე, არის ის, რომ რუსეთთან თანმიმდევრული, უკომპრომისო საგარეო პოლიტიკის პარალელურად აფხაზებთან და ოსებთან გულახდილი საუბარია საჭირო - საუბარი, რომელიც დაფუძნებული იქნება როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და ოსების უდიდესი ტკივილის აღქმაზე და თანაზიარობაზე. უფრო ზოგადად კი, და ეს მარტო ამ ფილმს არ ეხება, არის ეროვნული დონის საკითხები, რომელთა ირგვლივაც თუნდაც კარდინალურად განსხვავებული პოზიციის ადამიანებმა თუ ვერ შევძელით დასხდომა და ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე არგუმენტებით მსჯელობა, რომელმაც შესაძლოა, ყოველთვის ვერც მიგვიყვანოს საერთო პოზიციამდე, მაშინ ჩვენ ვერასოდეს შევდგებით იმ საზოგადოებად, რომელიც საკადრისი იქნება ჩვენი ერის წარსულის და კაცობრიობის ცივილიზებული თანამედროვეობის და რომელიც უნდა გახდეს შემოქმედი ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის.

 

ვფიქრობ, ნანა ჯანელიძემ გამოიჩინა მოქალაქეობრივი გამბედაობა ასეთი (თუნდაც საკმაოდ პროვოკაციული) ფორმით ეთქვა თავისი, ერთი ადამიანის, რომელსაც უდავოდ სტკივა ეს პრობლემა, სათქმელი და ამისთვის ის ინკვიზიციას ნამდვილად არ იმსახურებს”, - წერს კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 385 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.