May 17, 2024

"პროპაგანდა, რომ ქართულ კანონსა და პარლამენტს დაარქვათ რუსული, ამით შეურაცხყოფა მიაყენოთ ქართველ ხალხს, დემოკრატიას, არავის აღარასდროს გაგივათ"

პროპაგანდა არავის აღარასდროს არ გაგივათ, რომ ქართულ კანონს დაარქვათ რუსული და ქართულ პარლამენტს დაარქვათ რუსული პარლამენტი, ამით შეურაცხყოფა მიაყენოთ და თავს დაესხათ ქართველ ხალხს, მის არჩეულ წარმომადგენლებს და ქართულ დემოკრატიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა უპასუხა ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მანიფესტაციაებთან დაკავშირებული კანონი, რომელსაც სხდომაზე განიხილავენ, რუსული კანონია.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი, სადაც სხედან ქართველი ხალხის არჩეული წარმომადგენლები, იღებს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ კანონებს.

 

„ჩვენ აქაც არაერთხელ მოვისმინეთ ტერმინი „რუსული კანონი“. მინდა, ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად განვაცხადო ერთი რამ, საქართველოს პარლამენტი, სადაც სხედან ქართველი ხალხის არჩეული წარმომადგენლები, იღებს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ კანონებს. ჩვენ რუსულ კანონთან დაკავშირებით, რაც ვიხილეთ მარტში, ეს იყო ტიპური „კაგებეს“ წიგნებიდან ამოკითხული ტაქტიკები პროპაგანდისა, რომ თეთრს დაერქვას შავი, ქართულს დაექრვას რუსული და პროპაგანდისტული საინფორმაციო შტურმით მომხდარიყო დისკრედიტაცია სადისკუსიო თემისა, რომელზეც შეიძლებოდა დისკუსია, მსჯელობა. ამისი იარლიყის მიკვრებით და ბრენდირებით არადემოკრატიულად, ზუსტადაც რუსული სტილით, „კაგებეს“ წიგნიდან ამოკითხული ტაქტიკებით ქართველმა და უცხოელმა აქტორებმა ჩირქი მოსცხეს საქართველოს პარლამენტს.

 

ამ საინფორმაციო შტურმში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი აქტორები და ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე. შესაბამისად, თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე. ამიტომ ნებისმიერი განცხადება იმაზე, თითქოს საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები, ამის უფლებას ამ დარბაზში არავის მოგცემთ. ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში იმის თქმის უფლებას, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, არ მოგცემთ. ეს პროპაგანდა არავის აღარასდროს არ გაგივათ, რომ ქართულ კანონს დაარქვათ რუსული და ქართულ პარლამენტს დაარქვათ რუსული პარლამენტი, ამით შეურაცხყოფა მიაყენოთ და თავს დაესხათ ქართველ ხალხს, მის არჩეულ წარმომადგენლებს და ქართულ დემოკრატიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 349 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.