"არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა"- ნიკა მელია
არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ის იმ ხალხთან ერთად იქნება, „ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება შესაძლებელია“.
„ჟურნალისტები მეკითხებიან პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა-არარსებობაზე, რაზეც მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პასუხი:
არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა.
სადაც არსებობენ ეს ადამიანები, არსებობს საზოგადოებაში მათი უმძიმესი რეპუტაციული პრობლემები, სადაც არსებობს მათი გავლენა პროცესზე - მათი დრომოჭმული და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებული ხედვები, ვერასოდეს მოვა გამარჯვება.
ვერ შეიქმნება დამოუკიდებელი, ხალხის ინტერესზე მორგებული ვერანაირი ბორდი, თუ არსებულ ვითარებაში, მენეჯმენტი სრული შემადგენლობით, სიმაღლის მიხედვით მწკრივში ეწყობა და ჯანსაღ რჩევებზე პარტიის დირექტორ კეზერაშვილს აკითხავს.
ერთიანობა ძალაა, თუ სწორ და უღალატო ხალხთან გაქვს ერთობა და მსგავსი ერთობის მომხრე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები.
ერთობა თუ ფულის გამომუშავებისთვის, სიისა და საპარლამენტო მანდატისთვის დგება, იქ არაფერი მესაქმება.
არაფერი მესაქმება, არსად სადაც ხალხის ინტერესი და მისი განხორციელება არაა მთავარი. ვიქნები იმ ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება არის შესაძლებელი.
სწორ ადამიანებთან, სწორი მიზნის გარშემო ერთობის და გამარჯვებისათვის ბრძოლის ყველა შანსს გამოვიყენებ. ერთადერთი პირობა კი, რომელიც მე მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არის არაფორმალური მმართველობის დასრულება პარტიაში, იმისთვის, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა დავასრულოთ.
სხვა ყველა შემთხვევაში, რა სახელიც არ უნდა ერქვას პლატფორმას, რომელიც გახლეჩაზე, ხალხის განსხვავებული აზრის გამო დევნაზეა ორიენტირებული, ვერასოდეს დაამარცხებს ივანიშვილს, თეორიულადაც კი.
ივანიშვილს დაამარცხებს მართალი, პრინციპული, შედეგზე და არა სკამზე, ფულსა და თანამდებობაზე, ორიენტირებული ხალხი“,-წერს ნიკა მელია.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე