May 17, 2024

"ყველას მოვუწოდებ, დაასვენონ ეს ქვეყანა - არეულობას, „მეორე ფრონტს“ სათანადო რეაგირება ექნება"

როდესაც ვიღაც რევოლუციის თემის აქტუალიზაციას ახდენს და მითუმეტეს, ეს უცხოური დაფინანსებით ხდება, ბუნებრივია, შემაშფოთებელია და ყველას მოვუწოდებ - დაასვენონ ეს ქვეყანა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „ინდიგოს“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით თემაზე - „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“, დისკუსიის გამართვა იგეგმება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალებას ვერავის მისცემს.

 

„ამ ქვეყანაში საზოგადოებას სიმშვიდე და მშვიდობა სურს. თუ ვიღაცებს საპირისპირო სურთ, არეულობა, „მეორე ფრონტი“ უნდათ, ამას სათანადო რეაგირება ექნება. ვერავის მივცემთ ქვეყანაში ასე მარტივად, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალებას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და არა ის უბედურება, რაც ვიღაცებს აქვთ ჩაფიქრებული“, - განაცხადა კობახიძემ.

 

კობახიძე მოუწოდებს საზოგადოებას, ნუ გადადგამენ ნაბიჯებს, რომელიც სიმშვიდის დარღვევისკენაა მიმართული.

 

„სათაური [დისკუსიის] უკვე შემაშფოთებელია - როდესაც ვიღაც რევოლუციის თემის აქტუალიზაციას ახდენს და ეს ხდება მითუმეტეს, უცხოური დაფინანსებით, ეს ბუნებრივია, შემაშფოთებელია და ყველას მოვუწოდებ - დაასვენონ ეს ქვეყანა, უზრუნველყონ სიმშვიდე ამ ქვეყანაში და ნუ გადადგამენ ნაბიჯებს, რომელიც სიმშვიდის დარღვევისკენაა მიმართული, ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი მოწოდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამასთან, ირაკლი კობახიძემ შეაფასა, მარტის მოვლენების დროს, აქციებზე დაკავებული აქტივისტების ნაცვლად „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ დაფუძნებული ფონდის მიერ ჯარიმის გადახდა და აღნიშნა, რომ „ეს არა მარტო სამართლებრივად არასწორია, ეს არის პირდაპირ ქართული სახელმწიფოს უპატივცემულობა, კონკრეტული დონორი ორგანიზაციების მხრიდან და გარდა ამისა, ეს ნიშნავს პირდაპირ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას“.

 

კობახიძის განცხადებით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რევოლუციური მიზნებისთვის დახარჯული თანხები გამჭვირვალე იყოს, თუმცა ძალებმა, რომლებიც ამ პროცესებს აფინანსებენ, შესაბამისი კანონის წინააღმდეგ პროტესტი დააორგანიზეს.

 

„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული თეთრი თუ ცენტი, რომელიც იხარჯება ასეთი მიზნით, იყოს გამჭვირვალე. ჩვენ გვქონდა მცდელობა, მიგვეღო შესაბამისი კანონი, მაგრამ სწორედ იმ ძალებმა დააორგანიზეს პროტესტი ამ კანონის წინააღმდეგ, რომლებიც აფინანსებენ რევოლუციურ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

გარდა ამისა, კობახიძემ უპასუხა კითხვას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებსა და პარტიიდან ნიკა მელიას შესაძლო გარიცხვაზე. მმართველი პარტიის თავმჯდომარე მოკლე პასუხით შემოიფარგლა.

 

„მივესალმებით შიდაპარტიულ კინკლაობას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ წარიმართება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 185 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 24 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.