April 26, 2024

„ოცნებაში“ ივანიშვილის გარეშე არსებობაზე ალაპარაკდნენ

“შეძლებს თუ არა “ოცნება” ივანიშვილის გარეშე არსებობას და აპირებს თუ არა თავად ივანიშვილი ისეთი ახალი ლიდერის პოვნას, რომელიც მის ჩანაცვლებას შეძლებს?

ივანიშვილს ამის მცდელობა ორჯერ უკვე ჰქონდა, როდესაც პოლიტიკიდან წავიდა და ქვეყანამ მის არყოფნაში ორი სხვადასხვა პრემიერი გამოიცვალა. თუმცა ბოლოს სიტუაცია იმდენად აირია, რომ მას უკან ოფიციალურად პოლიტიკაში დაბრუნება მოუწია. “ქართული ოცნების” დეპუტატი რომან კაკულია ფიქრობს, რომ ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა უნდა, თუმცა ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა არ აქვს. იზიარებენ თუ არა “ოცნებაში” კაკულიას მოსაზრებას, ამის გარკვევას “რეზონანსი” მმართველი გუნდის დეპუტატებთან შეეცადა. მათი აზრით, ივანიშვილი პოლიტიკაში ჯერ ახლა დაბრუნდა და მან ის უნდა გააკეთოს, რაც საზოგადოებას დაპირდა. ამიტომაც პოლიტიკიდან მის შესაძლო წასვლაზე საუბარი 2020 წლამდე გამორიცხულია. თუმცა, რა იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს რთული სათქმელია. ჯერჯერობით პარტიის შიგნით არ მიდის იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილის ჩამნაცვლებელი უნდა მოიძებნოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „ოცნებაში“ ივანიშვილის გარეშე არსებობაზე ალაპარაკდნენ.

 


“ის, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშიც შედის. არ არსებობს, რომ არ შედიოდეს. ამ ადამიანს პოლიტიკიდან წასვლა უნდა, აქედან გასვლა უნდა მას. ორჯერ სცადა - ვერ შესრულდა, ის მოცემულობა ვერ დაიდო, რომლის შემთხვეაშიც მას წასვლა შეეძლება. ეს “ქართულმა ოცნებამ” უნდა უზრუნველყოს. ვეძებ იმ “ქართულ ოცნებას”, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გარეშე არსებობა შეუძლია”, - განაცახადა კაკულიამ. დეპუტატი და “ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ რთულია საუბარი იმაზე, მომავალში რა მოხდება და შეძლებს თუ არა პარტია ბიძინა ივანიშვილის გარეშე არსებობას. ქუცნაშვილი ამბობს, რომ 2020 წლისთვის პარტიას ახალი ლიდერშიპი არ ეყოლება და ის ისევ პარტიის ძველი თავმჯდომარითა და შემადგენლობით წარსდგება საზოგადოების წინაშე. დეპუტატი აცხადებს, რომ საეტაპო ცვლილებების პერიოდი ალბათ 2024 წლის არჩევნებისთვის მოვა. “დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელს ივანიშვილს საპარალმენტრო არჩევნებში ვერავინ დაამარცხებს და გუნდი მისი ლიდერობით კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. მის მიერ დაწყებული საქმეები ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, განათლების და სხვა სფეროებში ლოგიკურ დასასრულს ითხოვს. ვფიქრობ, შემდეგი არჩევნები კიდევ ერთი საშუალება იქნება იმისთვის, რომ ივანიშვილმა თავის პარტიასთან ერთად ბევრი დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს”, - ამბობს ქუცნაშვილი, რომლის თქმით, “ძალიან რთულია იმაზე საუბარი, 2024 ან 2028 წლისთვის “ოცნება” ივანიშვილის გარეშე საერთოდ იქნება თუ არა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 


“ეს ყველაფერი ჯერ 2020 წლის არჩევნებზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ შეიძლება ივანიშვილი ჩაანაცვლოს ან პარტიის თავმჯდომარედ ვინ იქნება არჩეული. ასევე, ვინ გახდება მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის მეთაური. ახლა ამ ყველაფერზე რაიმე პროგნოზირება ან კატეგორიულად გადაჭრით რამის თქმა შეუძლებელია. ეს უფრო მკითხაობას დაემსგავსება“, - აცხადებს ქუცნაშვილი. დეპუტატის თქმით, მას ნამდვილად შეუძლია დაადასტუროს და გადაჭრით თქვას, რომ 2020 წლისთვის პარტიის ლიდერშიპში თვისობრივი ცვლილებები არ იქნება. ქუცნაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილს პარტიის და ქართველი საზოგადოების სრული ნდობა აქვს, ამიტომაც მისი პოლიტიკიდან წასვლა ჯერ არ იგეგმება. “ოცნების” კიდევ ერთი წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ რთული და წარმოუდგენელია ვინმემ ბიძინა ივანიშვილის მაგივრად ისაუბროს და გადაჭრით თქვას, მას რა სურს. მისი თქმით, ივანიშვილი უკან პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ საქმე აკეთოს და სანამ ის თვლის, რომ ამ საქმის გაკეთება შეუძლია, პოლიტიკაშიც მანამდე დარჩება, რადგან როდესაც საჭიროება დადგა და ქვეყანას დასჭირდა, მან პოლიტიკაში მოსვლაც გადაწყვიტა”, - განაგრძობს გამოცემა.

 


“ივანიშვილს გაქცევა არ ახასიათებს. მით უმეტეს, როდესაც ხედავს, რომ მის ქვეყანას და ხალხს სჭირდება. რთულია მის მაგივრად ვინმემ რამე პროგნოზი გააკეთოს და თქვას სამომავლოდ რას გადაწყვეტს. რადგან მან ჩათვალა, რომ უკან უნდა დაბრუნებულიყო, ესე იგი კონკრეტული გეგმა აქვს და იცის რა ეტაპამდე უნდა მივიდეს. ალბათ ამის შემდეგ გადაწყვეტს მის გარეშე პარტია შეძლებს ფუნქციონირებას, თუ როგორ იქნება. მისი შეცვლა თუ ჩანაცვლება რომელიმე ლიდერით ბუნებრივად და დინამიურად უნდა მოხდეს. ამაზე ნაჩქარევად არც გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო და არც ამის აუცილებლობა ჯერჯერობით არ დგას. ივანიშვილი უკან სწორედ იმიტომ დაბრუნდა, რომ გუნდშიც და ქვეყანაშიც რადიკალური ცვლილებები განახორციელოს. ჯერ სულ ერთი წელია რაც ამ საქმეს შეუდგა და სადმე წასვლაზე საუბარი ნაადრევია. რაღაცეები ლაგდება, იგეგმება ცვლილებები და ყველგან ახალი ეტაპი დაიწყება”, - დასძენს ქანთარია „რეზონანსთან“.

 


“ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტოს. პირიქით, ის ახლა საკუთარი გავლენების აღდგენას ცდილობს. მისი აზრით, ივანიშვილს წასვლა რომ ნდომოდა, კვირიკაშვილს მისცემდა საშუალებას ის ჩანაფიქრი სისრულეში მოეყვანა, რასაც ძალაუფლების ხელში აღება ჰქვია. თუმცა, მან ყოფილ პრემიერს და მის გუნდს ამის საშუალება არ მისცა და პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ლიდერის უნარების მქონე “ოცნებაში” ორი ადამიანია - ესაა კახა კალაძე და გიორგი გახარია, თუმცა დამოუკიდებლად ბიძინას ჩამნაცვლებლად ჯერჯერობით როგორც ლიდერი ვერც ერთი ვერ ჩამოყალიბდება. მისი აზრით, გახარიას კი აქვს ძალაუფლება, მაგრამ მას პოლიტიკური კაპიტალი და გუნდის შიგნით მოკავშირეები არა ჰყავს. რაც შეეხება კალაძეს, ამ კუთხით ის უფრო მეტი პრივილეგიით სარგებლობს. ის ქალაქის არჩეული მერია და პოლიტიკური კაპიტალი გახარიაზე მეტი აქვს. თუმცა არც ერთი მათგანი საზოგადოებაში იმ წონის მატარებელი არ არის, რომ ივანიშვილის მსგავსი პასუხისმგებლობა აიღონ. ძაბირაძე ამბობს, რომ ყველაფერი 2020 წლის არჩევნებზე იქნება დამოკიდებული. ქართველ ამომრჩეველზე, რომელსაც შეუძლია, რომ ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა აიძულოს”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 1105 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.