"გახარია არ უნდა იყოს დიდად აღფრთოვანებული ამ ტვირთის აღებით"

"ისეთი განცდაა, რომ ოპოზიცია კვლავ ვერ გამოდის გახარიას პრემიერად წარდგენით გამოწვეული შოკიდან.

ამბობენ, რომ ეს წარმოუდგენელი თავხედობა და საზოგადოებისთვის სილის გაწნაა. ხვდებიან, რომ ამ პროცესს ვერ შეაჩერებენ, და ცდილობენ საპროტესტო აქციებითა და ბოიკოტით შეაფერხონ. “ოცნება” კი საპირისპირო მოცემულობას გვთავაზობს, გვარწმუნებს, რომ გახარიას წარდგენა საზოგადოების დაკვეთა იყო. კახა კალაძემ ისიც თქვა, “ვნახეთ გუშინ რამდენად დიდი აღფრთოვანება მოჰყვა გახარიას კანდიდატურის წარდგენას...” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნებაში” აცხადებენ, რომ გახარიას პრემიერად წარდგენას ხალხის აღფრთოვანება მოჰყვა.

 

“პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ გახარიამ ერთგვარად თავი შარში გაჰყო. “როდესაც საუბარი დაიწყო სამთავრობო ცვლილებებზე, ვამბობდი, რომ “ოცნებას” გაუჭირდებოდა პრემიერ-მინისტრის პოვნა, რადგან ერთწლიან ვადაში არავინ ისურვებდა ამხელა პასუხისმგებლობის აღებას. ახლაც ვფიქრობ, რომ გახარია არ უნდა იყოს დიდად აღფრთოვანებული ამ ტვირთის აღებით”, - თვლის საყვარელიძე და ამბობს, რომ ოპოზიციის სტრატეგია, ოპონენტები ავტომატურ რეჟიმში რუსეთის აგენტად მონათლოს, მისთვისვეა წამგებიანი. “ყველა არჩევნებს აგებს და დასკვნებს ვერ აკეთებს. ეს არის ოპოზიციის ინტელექტუალური პრობლემა”, - აცხადებს ის. პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებას ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. თანაც, აქცია “სირცხვილიას” წარმომადგენლები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველ გუნდს ბოიკოტი გამოუცხადეს. მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას, რომელიც 4 სექტემბერს დაიწყო, “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ ესწრებოდნენ, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო პროტესტი, რომელიც დღემდე გრძელდება, უფლებას უზღუდავთ ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენები. სამადაშვილის აზრს იზიარებს თინა ბოკუჩავა. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი არ გახდეს. “ევროპული საქართველოს”კიდევ ერთი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მათი პარტია არც იმ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრება, სადაც განათლების და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. საპირისპიროს ამტკიცებენ მმართველ გუნდში; “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება გახარიას პრემიერ-მინისტრად დასახელებით კმაყოფილია”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“გიორგი იყო ერთ-ერთი რეიტინგული მინისტრი “ქართული ოცნების” გუნდში. შესაბამისად, თქვენ ნახეთ გუშინ საზოგადოების დამოკიდებულება, როდესაც მისი კანდიდატურა იქნა გაჟღერებული, თუ რამდენად დიდი იყო კმაყოფილება. ვნახეთ გუშინ რამდენად დიდი აღფრთოვანება მოჰყვა გახარიას კანდიდატურის წარდგენას. თუმცა არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ამას ეწინააღმდეგება და ეს ნორმალურია. ყველა ვერ იქნება კმაყოფილი. ყველა ვერ იქნება კმაყოფილი იმ პროექტების, რეფორმების განხორციელებისას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ”, - აღნიშნა თბილისის მერმა, რომლის აზრით, “ეს უბრალოდ შეუძლებელია...” - დასძენს გამოცემა.

 

“პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, საყოველთაო-სახალხო განხილვის ორი საორგანიზაციო კომისია შეიქმნა. კომისიები იდენტური შემადგენლობით იმუშავებს. ცნობისათვის, უმრავლესობის 93 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილი კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. ამასთან, პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულია ჩანაწერი 3%-ანი საარჩევნო ბარიერისა და პოლიტიკური პარტიების ბლოკების შესახებ. ამასთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილებების საკუთარი ვარიანტი პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმაც შესთავაზა. მათი პროექტით, 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, თუმცა 3%-იანი ბარიერისა და პარტიების ბლოკების დაშვებით”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 667 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.