რისკენ უბიძგებს კრემლი საქართველოს

”“რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიულ ქმედებებს არ წყვეტს. ბოლო პერიოდში კრემლის მხრიდან ზეწოლის გააქტიურებაც შეინიშნება;

ეს იქნება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეული პროვოკაციების მოწყობის მცდელობა, დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების მხრიდან ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოების განთავსება, თუ დეზინფორმაციის გავრცელება, რაც შესაძლოა იმით აიხსნას, რომ "კრემლი დასავლეთის თვალში საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს ", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რისკენ უბიძგებს კრემლი საქართველოს / “რუსეთის ზეწოლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად გააქტიურდება”

 


"დღეს უკვე ჩორჩანის ტყეში ორი ოსური დროშა ფრიალებს, იქვე ახლოს კი დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებები ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოებს აწყობენ. ამასთან, ოსური მხარე კვლავ დაჟინებით მოითხოვს ჩორჩანის ტყეში განთავსებული ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებას და ამის პასუხად, თვითონაც საგუშაგოებს აწყობს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდა რუსული დეზინფორმაციის მსხვერპლი - ორი დღის უკან რუსული მედია წერდა, რომ საქართველომ თავის ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო ხომალდები არ შეუშვა, რაც რეალურად ტექნიკური შეფერხების გამო ვერ მოხერხდა. ამის ფონზე ჩნდება კითხვები, რა არის ამ ზეწოლის გააქტიურების მიზეზი და საერთოდაც, რისკენ უბიძგებს კრემლი საქართველოს?“, - აღნიშნავს გამოცემა.

 


"ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას გამორიცხავს, თითქოს ორ მხარეს შორის ადგილი ჰქონდეს რაიმე ფარულ მოლაპარაკებებს, ან ულტიმატუმებს. საქართველოს ხელისუფლებას დღეს უამრავი პრობლემა აქვს, რაც მათთვის უფრო მეტად მწვავდება. ამ შემთხვევაში არ ვიგულისხმებდი ფარულ მოლაპარაკებებს; ერთი მხრივ არსებობს პრობლემები, როგორც ყველა ქვეყანაში, ასევე საქართველოშიც და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სწორედ ამ პრობლემების გადაჭრაა, თუმცა, თუ პრობლემები რთულდება, ბუნებრივია, ხელისუფლება ცუდ დღეში ვარდება. ჩვენ რომ რუსეთის მხრიდან ვხედავდეთ ისეთ ნაბიჯებს, რომლითაც ეს ხელისუფლება კარგ მდგომარეობაში იქნება, ვიფიქრებდით, რომ არსებობს მოლაპარაკება და რუსეთი ხელს უწყობს ამ ხელისუფლების ინტერესების გატარებას, მაგრამ არც სხვა ნაბიჯებიდან ჩანს ეს; გავრილოვის ვიზიტიდან დაწყებული, მიმდინარე მოვლენები ამ ხელისუფლების წისქვილზე წყალს არ ასხამს ", - აღნიშნა საყვარელიძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

 


"შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კრემლი ყველა შანსს იყენებს იმისათვის, რომ საქართველოს ავნოს, რაც საერთაშორისო არენაზე მისი დისკრედიტაციის მცდელობით გამოიხატება. რუსეთი ყოველთვის ასეთი აქტიური იყო; როგორც კი ჩაუვარდება შანსი, რომ საქართველოს სრულიად ყალბი იფორმაცია გაუვრცელოს, როგორც მაგალითად ლუგარის ლატობარატორიაზე აკეთებს, არ უშვებს ხელიდან. ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის აგრესია ახლა გაიფურჩქნა, მუდმივად ასე იყო. ვერ ვხედავ განსაკუთრებულ გააქტიურებას, მაგრამ, ჩანს რეგულარული, მუდმივი და თანმიმდევრული გააქტიურება და აგრესია. კრემლი ცდილობს საქართველო დასავლეთის თვალში დისკრედიტირებული იყოს; ცდილობს აჩვენოს, როგორ შეიძლება ნატო-ში მიიღო ის ქვეყანა, რომელსაც ასეთი პრობლემები აქვს და ა.შ. უნდა ველოდოთ, რომ არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, ეს აქტიურობა იქნება კიდევ უფრო მდგრადი, მყარი და შეუპოვარი. რუსეთი შეეცდება ქართულ საზოგადოებაში შემოიტანოს განსხვავებული აზრი; „არაფრად ვარგიხართ, როგორც სახელმწიფო და მე კი შევძლებ თქვენ დახმარებას," რაც აბსურდია. ვხედავთ, რომ ყველა ის სახელმწიფო, რომელიც ადრე უფრო ახლოს იყო რუსეთთან, მისგან დისტანცირებას ცდილობს და არ სურს კვლავ მისი გავლენის ქვეშ მოქცევა. ასე რომ, არავითარი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას, რომ რუსეთი იქნება მათთვის მისაღები ფაქტორი," - აცხადებს ზაქარეიშვილი”, - დასძენს გამოცემა.

 


"ზეწოლის გააქტიურებით, შესაძლოა თუ არა ვივარაუდოთ, რომ კრემლი მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოსგან განცხადებას ელოდება? თუნდაც, როგორია დღეს საქართველოს ხელისუფლების ხედვა და აქვს თუ არა ადგილი შედარებით ლოიალურ პოლიტიკას რუსეთის მიმართ? რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის სულერთია მოლაპარაკების კუთხით საქართველოს შეხედულება; რაც შეეხება ლოიალურ პოლიტიკას, აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან შედარებით დღევანდელი ხელისუფლება კრემლის მიმართ უფრო ლოიალურ პოლიტიკას ატარებს. „კრემლს დიდი ხანია ნათქვამი აქვს და გვაგრძნობინებს კიდევაც, რომ არ აინტერესებს საქართველოს მხრიდან იქნება თუ არა მოლაპარაკება. მას ეს ორი „რეგიონი" ხელში უკავია, თანაც საკმაოდ მყარად. სააკაშვილის ხელისუფლებასთან შედარებით, რომელმაც რუსეთთან ომი დაიწყო, ლოიალურია. შევარდნაძის ხელისუფლებასთან შედარებით, რომელსაც არ უნდოდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართვა, რომ რუსეთი არ გაებრაზებინა, უფრო მკაცრია, რადგან ეს ხელისუფლება ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიიწევს," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. პაატა ზაქარეიშვილი კი რუსეთის მიმართ არსებულ პოლიტიკას „ფრთხილს" უწოდებს, თუმცა, ასევე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა „ჩამოუყალიბებელია." „უფრო ფრთხილია ხელისუფლება, ვიდრე ლოიალური; ცდილობს, რომ აგრესიის განხორციელების მიზეზი არ მისცეს, თუმცა ჩამოუყალიბებელი პოლიტიკა აქვს. პროცესები გაჩერდა, რადგან კარასინი წავიდა. მოვიდა შედარებით ახალგაზრდა დიპლომატი ივანოვი, რომელიც ამბიციურია. ამიტომ მგონია, რომ მისი მოსვლა წარმატებული უნდა იყოს. „ჯერ არ შემდგარა ივანოვი-აბაშიძის შეხვედრა და ამიტომაც, პაუზას აქვს ადგილი. როგორ ჩაივლის პირველი შეხვედრა, იმის მიხედვით გამოჩნდება, უნდა ველოდოთ თუ არა ახალი პოლიტიკის შექმნას ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, თუ დარჩება ძველი. ერთ-ორ თვეში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ახალი კონტურები გამოიკვეთება," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გრიგორი კარასინი ევგენი ივანოვმა შეცვალა. კარასინი ამ პოსტიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 845 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.