“გახარია ძალიან მოლიპულ გზაზე დადის” - გია ხუხაშვილი

“აშშ-ს იმ ქვეყნებთან, რომელთაც პარტნიორებად მიიჩნევს, ორი ტიპის ურთიერთობა აქვს.

ერთი არის სტიმულირების მეთოდი და ტექნოლოგია, მეორე - იძულების. საბედნიეროდ, ათწლეულების განმავლობაში აშშ ჩვენთან ურთიერთობისას სტიმულირების მეთოდს იყენებდა, ამ ბოლო დროს კი იძულების მეთოდზე გადავიდა. მსგავსი რამ ხდება მაშინ, როდესაც აშშ-ის პოლიტიკური ელიტა ხედავს, რომ სტიმულირება ეფექტიანი აღარ არის. ეს პროცესი არ დაწყებულა ამ აქტით - ჩვენ, კარგა ხანია, ვხედავთ, რომ კეთდება კრიტიკული, თითქმის მუქარანარევი განცხადებები არა მხოლოდ აშშ-დან, არამედ ევროპიდანაც და ამან შედეგიც გამოიღო - რომ არ ყოფილიყო ეს იძულების პოლიტიკური შტურმი, ჩვენ დღეს შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა არ გვექნებოდა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გახარია ძალიან მოლიპულ გზაზე დადის”.

 


“გვახსოვს ხელისუფლების პოზიცია, როცა არაფრის გაგონება არ სურდათ, მაგრამ ამ იძულების შტურმით დასავლეთმა თავისი გაიტანა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. აშშ-ის პოლიტიკურმა ელიტამ დაინახა რა, რომ ეს მეთოდი მოქმედებს, და უკვე სისტემური საკითხების მოგვარებაზე გადავიდა, რაც უფრო რთულია. თუმცა ეს არ არის წითლის ანთება, ეს არის ე.წ. ყვითელი, გამაფრთხილებელი ნიშანი, მაგრამ უკვე ქაღალდზე გადატანილი, რომელშიც იკვეთება ოფიციალური პოზიცია - საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის პოლიტიკური ელიტა უნდობლობას უცხადებს და მისგან სისტემურ ცვლილებებს მოითხოვს. ყველაზე კარგი ის არის, რომ ისინი ამას თავისთვის კი არ აკეთებენ, არამედ - ქართველი საზოგადოებისთვის. ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, მმართველ ძალას ვერაფერი გავაგონეთ, რადგან ადგილობრივი საზოგადოების მიმართ ეს ხელისუფლებაც ყრუ და ცინიკური გამოდგა. სწორედ ამიტომ ისინი ასეთი მკაცრი მეთოდებით ჩვენს ქვეყანას ეხმარებიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 


“მესმის ხოლმე აბსოლუტურად გაუგებარი განცხადებები, ვინ ეკითხება ამერიკელებსო... შეიძლება ამერიკელებს არ ეკითხებათ, მაგრამ მოდი, შინაარსზე დავფიქრდეთ. რას ითხოვენ ისინი? კორუფცია რომ არ უნდა იყოს, ეს ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება? ან პირობას რომ დებ და ის უნდა შეასრულო, განა ჩვენც არ ვიცით?! გასაგებია, რომ ჩვენთან არიან დასავლეთისადმი სკეპტიკურად განწყობილი ძალები, რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ხელისუფლებაც ფარულად ამ ხაზს ატარებს, ანუ ანტიამერიკული განწყობის პროპაგანდას ეწევა, მაგალითად, იმით, რომ ამბობს, ამერიკის პოლიტიკური ელიტა ნაყიდი ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას” და ეს ლობირებული თემებიაო... რა არის ლობირებული, რომ საქართველოში ჩრდილოვანი მმართველობაა? განა ეს ყველამ არ ვიცით?” - განაგრძობს რესპონდენტი.

 


“განა ქვეყანაში მოიძებნება საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტყვის, რომ გახარია მართავს ქვეყანას და არა ბიძინა ივანიშვილი? თუმცა, მიუხედავად ამისა, ამგვარი რიტორიკა, ფარული თუ აშკარა ანტიამერიკული განცხადებები საზოგადოების ნაწილზე უდავოდ ახდენს გავლენას. ლაპარაკი იმაზე, რომ არავინ ეკითხება ამერიკელებს, რომ თურმე ამერიკული დიქტატის ქვეშ ვართ, რუსული საქმეა. მერე ამ რიტორიკას, როგორც წესი, ემატება რელიგიური მოტივები, ერთმორწმუნეობის შეხსენება, საბჭოთა ცხოვრების მონატრება... ასეთ ნოსტალგიურ-ანტიიმპერიალისტურ აჯაფსანდალში ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობენ და ფეხის ხმას ადვილად ჰყვებიან, ამ პროპაგანდის მარწუხებში ექცევიან, თუმცა ჯერჯერობით ეს განწყობა შემაშფოთებელია, მაგრამ არა სახიფათო. საქმე ის არის, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ის ადამიანებიც კი, ვისაც დასავლეთი ძალიან აღიზიანებს, ამას ვერ გაურბიან. ამიტომაც ამ მხრივ მნიშვნელოვან პრობლემებს ჯერჯერობით არ ველი”, - დაასკვნის ექსპერტი.

 


“ნებისმიერი არჩევნებისას დასავლეთი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ის ამ არჩევნებში მხარე გახდება. ოპოზიცია სწორედ ამას ელოდება და დიდ შეცდომასაც უშვებს. ამ შეცდომის გამოვლენა იყო ის, რომ მათ მონაწილეობა არ მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, იმ საკითხის მიღებაში, რომლისთვისაც თითქოს მთელი წელი იბრძოდნენ და ამასთან, არაკორექტული, მეტიც - სკანდალური შეტევა წამოიწყეს გერმანიის ელჩის წინააღმდეგ (მიუხედავად იმისა, ელჩმა სწორად თქვა რამე თუ არა). ეს გააკეთეს იმიტომ, რომ გაუჩნდათ განცდა, დასავლეთი უკვე ჯიბეში გვყავს და ყველაფერი გვეპატიებაო, თუმცა ასე არ მოხდა. მათაც კი, ვისაც დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, არ ესმით, რა არის რეალურად დასავლეთი და მიიღეს კიდეც შესაბამისი პასუხი, რაც ხელისუფლებამ ძალიან კარგად გამოიყენა. დასავლეთი ამ არჩევნებში ჩაერევა მხოლოდ იმ დოზით, რომ არჩევნები ჩატარდეს კონკურენტულ გარემოში და შედეგმა ქართველი საზოგადოების რეალური განწყობა ასახოს”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

 


“დღეის მდგომარეობით ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიცია უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ხელისუფლება. ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ. როდესაც დასავლეთი მხარს გიჭერს, ეს ლამაზი თვალების გამო კი არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ რაღაცას სწორად აკეთებ, მათ კი უმნიშვნელოვანეს კენჭისყრაზე ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და აბსურდად აქციეს - ვინც ცვლილებებს ითხოვდა, ის კენჭისყრას არც კი დაესწრო და ვინც კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მან ეს საკუთარ გამარჯვებად მიითვალა. საპარლამენტო ოპოზიციის ასეთ დამოკიდებულებას ვერც ერთი ევროპელი თუ ამერიკელი ვერ გაიგებს. ეს იყო არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რადგან ეს კოდექსი სწორედ სახელმწიფოს სჭირდებოდა! კიდევ უფრო გაუგებარი იყო ზემოთ ხსენებული შეტევა გერმანიის ელჩზე. სწორედ ამგვარი ოპოზიციაა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენის მთავარი შანსი”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

 


“ხელისუფლებაც სისტემურად ვერაფერს ცვლის, სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ პოსტპანდემიურ პერიოდში ოთხი თვე დაიკარგა, არადა, მთელი ეს ხანი გაიძახოდნენ, ტურიზმიო და შუა ტურისტულ სეზონში აღიარებენ, რომ წელს ტურიზმი ჩავარდა. ამის პროგნოზირება ხომ შეიძლებოდა... ტურიზმზე ლაპარაკის ნაცვლად აუცილებელი იყო ეკონომიკური პროცესის მოდერნიზება. დღემდე არ იციან, რა გააკეთონ და ასე უნდათ არჩევნების გადაგორება - ხალხი გაღატაკებული იქნება და ადვილად ვიყიდითო”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ყველა ელოდება მმართველი პარტიის საარჩევნო სიას. რამდენიმე დღის წინ პრემიერ გიორგი გახარიას ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიაში და მან განაცხადა, შესაძლებელიაო...” - პასუხობს:

 


“თუ ასე მოხდა, ეს იქნება ლოგიკური და სწორი ნაბიჯი, მით უფრო ვითარებაში, როცა ხვალ და ზეგ ივანიშვილს შეიძლება რეალურად გაუჩნდეს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების პრობლემა. ერთადერთი, რამაც შეიძლება მას გარკვეული პერიოდით იმუნიტეტი შეუქმნას, არის მისი ინსტიტუციონალიზაცია, ანუ მისი რეალური სტატუსის ფორმალიზება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მართვის ეფექტიანობა გაიზარდოს, ამისთვის კი საჭიროა ფორმალური მმართველობის დასრულება. არ შეიძლება მუდმივად იმაზე იყოს ლაპარაკი, სად და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. ასეთი მანკიერი, ანაქრონისტული მართვის ფორმა, როგორიც აქ გვაქვს, აღარსად დარჩა - ყველაზე დიდი დიქტატორებიც კი ფორმალიზებული არიან - 21-ე საუკუნეში კულისებიდან მართვა დიდი სირცხვილია...”

 


“რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის იქცა ძალიან საინტერესო ფაქტორად. გახარია გამორჩეული პოლიტიკოსია, გამოავლინა სახელმწიფოს მართვის განსაკუთრებული უნარი, საღი აზრი და გახდა ავტორიტეტი, რაც, ბუნებრივია, ჩამოყალიბებულ მანკიერ სისტემას ნაწილობრივ არღვევს, შესაბამისად, მის მიმართაც გაჩნდა გაორებული დამოკიდებულება. ერთი მხრივ, ის არის ძალიან საჭირო და აქვს პოტენციალი, მეორე მხრივ კი ამ მმართველობით სისტემას საფრთხეს უქმნის - ივანიშვილის შექმნილ რელიგიაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ლამის მის სიმაღლემდე ავიდა. გახარია ერთი მხრივ პერსპექტიულია, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მოლიპულ გზაზე დადის. ვფიქრობ, არჩევნებამდე მას არაფერი ემუქრება, მაგრამ მერე რა მოხდება, საკითხავია...

წაკითხვა 848 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.