"ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” სიმბიოზმა კიდევ ითამაშა ანტისახელმწიფოებრივი თამაში”

“ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი არჩევნები იყო, იმიტომ, რომ მისი მნიშვნელობა უფრო მეტი იყო, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლების არჩევა. ეს იყო ერთგვარი შანსი საქართველოსთვის, რათა ძალაუფლების უზურპაციის მუდმივი ციკლი გაგვერღვია და მულტიპარტიული ევროპული დემოკრატია დაფუძნებულიყო, მაგრამ ეს შანსი ამ წელს ხელიდან გავუშვით. ეს უდავოდ იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა და ყოველივე დანარჩენი, რაც ხდებოდა ამ წლის განმავლობაში, ამა თუ იმ ფორმით უკავშირდება არჩევნებსა და მის ლეგიტიმურობას, თუ რამდენად სამართლიან გარემოში ჩატარდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” სიმბიოზმა კიდევ ითამაშა ანტისახელმწიფოებრივი თამაში” / “სალომე ზურაბიშვილი ახლა რასაც აკეთებს, მაქსიმალური შედეგი, რაც შეიძლება მიიღოს, ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი ექნება”.

 

“რომ მოგვეხერხებინა ხალხის რეალური ნების არჩევნების გზით აღსრულება, აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვიქნებოდით. გაჩნდებოდა ხელისუფლების დაბალანსების პრეცედენტი, პოლიტიკური ურთიერთკონტროლის მექანიზმები, რაც უდავო წინსვლა იქნებოდა. ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ არჩევნებზე იგივე მამაძაღლობები ჩაატარა, ბოროტად გამოიყენა ადმინისტრაციული და ორგანიზაციული რესურსი, იძალადა თავისუფალ ნებაზე და მიიღო ის შედეგი, რაც მიიღო. რა თქმა უნდა, ამით ახალი არაფერი მომხდარა, რადგან ეს ბევრჯერ ვნახეთ, უბრალოდ, რეალობა იყო ისეთი და იმდენად დიდი იყო ჩვენი დასავლელი მეგობრების წვლილი ამაში, რომ შეგვექმნა ილუზია, ამჯერად მაინც შესაძლებელი იქნებოდა რაღაცის მიღწევა. ამის ნაცვლად კი ისევ გადავინაცვლეთ დაპირისპირების მორევში და შეიძლება ითქვას, დღეს ვითარება უფრო უარესია, ვიდრე არჩევნებამდე იყო - ერთი მხრივ, უფსკრული პოლიტიკურ ძალებს შორის და მეორე მხრივ, საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტას შორის უფრო გაიზარდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“ამას ემატება “კოვიდთან” დაკავშირებული პრობლემები, უმუშევრობის ზრდა, კატასტროფული ინფლაცია, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა, მაინცდამაინც კუპონს თუ არ გავიხსენებთ. ამას ემატება ისიც, რომ მართლმსაჯულება ისევ პოლიტიზებულია, ვნახეთ ტოტალური მოსმენების სკანდალი... ასე რომ, 2021 წელს ქვეყანას, ფაქტობრივად, პოზიტიური ნიუსი არ ჰქონია. დღეს ჩვენ კიდევ უფრო უკან ვართ, ვიდრე ამ წლის დამდეგს ვიყავით. სახელმწიფოებრივი დეგრადაციის პროცესი, სამწუხაროდ, გრძელდება”, - თვლის რესპონდენტი.

 

“მიშელის შეთანხმება საარჩევნოდ სამართლიან თამაშის წესებსაც გულისხმობდა, რაც არ შესრულდა - ანუ ხელისუფლებამ მხოლოდ დოკუმენტი კი არ დახია და 43%-იან ბარიერზე კი არ თქვა უარი, ტრადიციულად ძალადობრივი არჩევნები ჩაატარა, რომელიც არ გულისხმობდა პოლიტიკურ კონკურენციას. არჩევნები ჩაატარა აღვირახსნილი პროპაგანდის შტურმით, როდესაც თავს მართლმადიდებლობის დამცველად აცხადებდა და ყველა სხვას, ასე ვთქვათ, ეშმაკთან გარიგებაში ადანაშაულებდა. არჩევნები ძალიან არაჯანსაღ გარემოში ჩატარდა და მიშელის შეთანხმება ამასაც ეხებოდა, მართლმსაჯულებასაც და მხოლოდ 43%-იანი ბარიერი არ ყოფილა. ხელისუფლების განცხადებებიც იქით იყო მიმართული, რომ საზოგადოებაში სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი დაენერგა და ნაწილობრივ მოახერხა კიდეც. სააკაშვილმა კი თავისი ექსტრავაგანტური ქმედებით ხელისუფლებას სამაშველო რგოლი გადაუგდო”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

 

“ძალიან ბევრი სუბიექტური ფაქტორი იყო, რამაც 43%-იან ბარიერს აქტუალურობა დააკარგვინა. ყველამ ხელი ჩაიქნია, ხალხმა იფიქრა, რომ არც არაფერი შეიცვლებოდა და შესაბამისად, აქტიურობაც არ იყო მაღალი. საზოგადოდ, ოპოზიცია საქართველოში არჩევნებს დაახლოებით 60%-იანი აქტიურობით იგებს და როდესაც ის 50%-მდე და უფრო დაბლა ჩამოდის, ხელისუფლების შანსი მით უფრო იზრდება, რადგან მას ყოველთვის აქვს უპირატესობა, მინიმუმ, ადმინისტრაციული რესურსის გამო. ხელისუფლებას სააკაშვილის ჩამოსვლით არათუ არაფერი დაუკარგავს, არამედ შესაძლოა მოემატა კიდეც ხმები და ჯამურად ოპოზიციამ იზარალა. ამომრჩეველს ისევ გაუჩნდა განცდა ცუდსა და უარესს შორის არჩევნის პირისპირ ყოფნისა და შესაბამისად, ოპოზიციამ ხმების დაახლოებით 5-7% დაკარგა. ეს იყო ზუსტად ის კრიტიკული მასა, რასაც შეეძლო “ოცნება” 43%-იანი ბარიერის ქვემოთ ჩამოეყვანა და შესაძლოა დღეს სულ სხვა პოლიტიკურ რეალობაში ვყოფილიყავით. ასე რომ, “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” სიმბიოზმა კიდევ ითამაშა ანტისახელმწიფოებრივი თამაში. ისევ ჩაკეტეს პოლიტიკური სივრცე და ორივე მხარის ამოცანა შესრულდა - ერთმა ძალაუფლება შეინარჩუნა, ხოლო მეორემ - მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი. პოლიტიკური მოთამაშეები, რომელთა პრეცედენტიც თითქოს ჩანდა, თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს და რესურსები გადაინაწილეს”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

“მოგეხსენებათ, ამ ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის არის გადანაწილებული მთელი რესურსი და მათ შორის, მედიარესურსიც. ამ ყველაფერმა საზოგადოებას მომავლის არჩევანი არ დაუტოვა. ისევ ჩაგვითრია არჩევანში წარსულსა და აწმყოს შორის. ბუნებაშიც არსებობს ბუნებრივად ანტაგონისტი სიმბიოზები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ერთმანეთი აწყობთ და ამის გამო მშვენივრად თანაცხოვრობენ - ასეთ ანტაგონისტ სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ “ნაცმოძრაობა” და “ოცნება”. მიშა ამას იმიტომ კი არ აკეთებდა, რომ მისი ჩამოსვლით “ოცნებას” ესარგებლა. არა, იმისთვის გააკეთა, რომ თავისი პარტიისთვის მოეტანა შედეგი და ეს ხელს აძლევდა მმართველ პარტიასაც, საბოლოოდ კი სახელმწიფო დააზარალეს. ეს არის ორ ხელში ერთგვარი შულერული თამაში, როდესაც ორი კაცი იყოფს ყველაფერს და სხვას არ აკარებენ”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

 

 

“წლის ბოლოს, მაშინ, როცა სააკაშვილის შიმშილობიდან კარგა ხანი გავიდა, მისი პარტიის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. გასაგებია, რომ შიმშილობა პროტესტის რადიკალური ფორმაა და პოლიტიკაში მიღებულია. სხვა საკითხია, რა მოთხოვნა აქვთ. ამ შიმშილობის მოთხოვნა რომ იყოს სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მართლმსაჯულება, ამას გავიგებდი. პოლიტიკური პარტია თუ პერსონალურ დონეზეა დასული, რომ მისთვის მთავარი საკითხი ერთი კაცის გათავისუფლებაა, კი ბატონო. მაგრამ, ჩემი აზრით, მოთხოვნაა არასწორი. სააკაშვილს უპირობო გათავისუფლება კი არა, სამართლიანი სასამართლო უნდა სურდეს. თუ ამბობს, რომ უდანაშაულოა, მაშინ ეს ლაქა ხომ უნდა ჩამოირეცხოს და უპირობო გათავისუფლებით როგორ ჩამოირეცხავს? ადამიანები შიმშილობენ და მათზე გულიც შემტკივა, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური აქცია”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

 

“ეროვნული შერიგების ის პროცესი, რაც პრეზიდენტმა წამოიწყო, შესაძლოა პირადად მისთვის საინტერესო იყოს, მაგრამ რეალურად ეს არ არის შერიგების პროცესი. შერიგება ორკომპონენტიანია და მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ წარსული გადავხაზოთ. ეს თავისთავად რთულია, მაგრამ შესაძლებელი, თუმცა არასაკმარისი. უფრო მნიშვნელოვანია, ხვალიდან როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას. თუ ის პრობლემები, რაც გვაქვს, თუნდაც სამართლიანობის განცდა თუ არ გაჩნდა საზოგადოებაში, თუ სასამართლოში ისევ მურუსიძე იქნება, თუ ხალხს ექნება განცდა, რომ პოლიცია პოლიტიკურ დავალებას ასრულებს, თუ ტოტალური მოსმენები გაგრძელდება და ა.შ., შერიგებას რა აზრი აქვს? სალომე ზურაბიშვილი ახლა რასაც აკეთებს, მაქსიმალური შედეგი, რაც შეიძლება მიიღოს, ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი ექნება. ამ ყველაფერს ისეთი სისტემური მკურნალობა სჭირდება, რათა ხვალისთვის პრობლემები არ დაგვიტოვოს. თუ პრეზიდენტს მართლაც უნდა საზოგადოების გამთლიანება, მან უნდა დადოს საკანონმდებლო პაკეტი იმ ყველაფერზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ”, - დასძენს ხუხაშვილი.

 

“რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ გვჭირდება რეალური ინვესტირება ეკონომიკის რეალურ სექტორში, საამისოდ კი აბსოლუტურად არაფერი კეთდება. ინფლაციას ის ეკონომიკური ზრდა, რაც გვქონდა, უკვე “შეჭმული” აქვს. ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ ფასები იზრდება, არამედ ის, რომ მოსახლეობა არ არის გადახდისუნარიანი. ნებისმიერ ადამიანს ის კი არ ურჩევნია, რომ ვიღაც მათხოვრულად ეხმარებოდეს, არამედ თვითონ გამოიმუშაოს და თუნდაც გაძვირებული ტარიფის გადახდა შეეძლოს. დღეს ჩვენ მხოლოდ სოციალურად დაუცველი უმუშევრები კი არა, სოციალურად დაუცველი დასაქმებული მოსახლეობა გვყავს. ხელისუფლებას კი ამის გამოსწორების გეგმა და ხედვა არა აქვს. სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ 2022 წელი უკეთესი იქნება”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.

წაკითხვა 295 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.