April 26, 2024

რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დონბასის კონფლიქტები

გერმანულ გაზეთ „ტაგესცაიტუნგ“-ში («Der Tageszeitung») სათაურით „პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ ჩანს“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ კავკასიის საკითხების ექსპერტთან უვე ჰელბახთან, რომელშიც იგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპოირების გამწვავებაზე საუბრობს და მათ შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საფრთხეს არ გამორიცხავს.

 

კითხვაზე, „რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და  დონბასის, კონფლიქტები, როგორია სხვადასხვა ქვეყნების პოზიციები“, უვე ჰელბახი პასუხობს: 

 

„დონბასის მოვლენებამდე ყველა ჩამოთვლილი კონფლიქტები თითქოსდა გაყინული იყო, მაგრამ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა გვაჩვენა, რომ ეს ასე არ არის. გავიხსენოთ, რომ 2016 წელსაც მოხდა მსგავსი შეტაკება დაპირისპირებულ მხარეებს შორის. პოსტსაბჭოთა კონფლიქტების კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი  ისაა, რომ გარეშე ძალებს სხვადასხვა ინტერესები აქვთ.

 

რუსეთს, მაგალითად,სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს და ორივე მხარეს იარაღს აწვდის, მაგრამ, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისაგან  განსხვავებით, მთიან ყარაბაღში რუსი სამხედრო მოსამსახურეები არ იმყოფებიან. ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში მოსკოვს ნეიტრალური პოზიცია უკავია.

 

აშშ-სა და საფრანგეთის პოზიციები რუსეთისაგან დიდად არ განსხვავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში რუსეთსა და დასავლეთს შორის მკვეთრი გეოპოლიტიკური კონკურენცია არ ჩანს, როგორც ესაა, ვთქვათ, საქართველოს ან უკრაინის შემთხვევაში.

 

თურქეთი მთიანი ყარაბაღთან მიმართებით ერთადერთი გარეშე მოთამაშეა, რომელიც სოლიდარობას აუცხადებს მხოლოდ ერთ კონკრეტულ მხარეს - ანკარას მტკიცედ უკავია ბაქოს  მხარე და ახლაც მკაფიოდ განაცხადა, რომ სომხეთთან ომის შემთხვევაში მხარს აზერბაიჯანს დაუჭერს“.

 

კითხვაზე, „რამდენად შესაძლებელია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება და აქედან გამომდინარე, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული დაპირისპირების განმუხტვა“, უვე ჰელბახი პასუხობს:

 

„ყველა შემთხვევაში მხარეებისადმი მუდმივად უნდა იქნეს მიცემული გაფრთხილებები, რომ ისინი ომში არ აღმოჩნდნენ ჩათრეულნი. სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე ნამდვილად არსებობს. სამწუხაროდ, კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაძლებლობა ჯერ-ჯერობით ჰორიზონტზე არ ჩანს, მხარეებს შორის მძაფრი წინააღმდეგობების განეიტრალება  ჯერ კიდევ შეუძლებელია. აზერბაიჯანი ითხოვს, რომ თავდაპირველად სომხეთმა თავისი ჯარები იმ [ოკუპირებული რაიონებიდან] გაიყვანოს, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ფარგლებს გარეთაა, სომხეთი კი ამის სანაცვლოდ მთიანი ყარაბაღისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ელოდება. რადგანაც აზერბაიჯანი გარანტიებს არ იძლევა, სომხეთს თავისი ჯარები არ გაჰყავს. აზერბაიჯანს ასევე არ სურს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მთიანი ყარაბაღიც იყოს, სომხეთი კი სწორედ ამას ითხოვს. მოკლედ რომ ვთქვათ, ერევანსა და ბაქოს ერთმანეთის მიმართ გადაულახავი პრეტენზიები აქვთ“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://taz.de/Forscher-ueber-Konflikt-um-Berg-Karabach/!5695479/

წაკითხვა 588 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.