მეგი არ არის ვაქცინის მსხვერპლი, ჩამოვთვლი რა შეცდომებიც დაუშვით - გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას აკრიტიკებს და მოითხოვს, იმ 82 ექსპერტის სია გამოქვეყნდეს, ვინც აღნიშნული გეგმის შექმნაში მონაწილეობდა. 

"სიმართლის მთქმელი არავინ დარჩა ქვეყანაში! ყველა არის გაბოროტებული, სამედიცინო სფეროში საერთოდ გაბოროტებულია უმრავლესობა, განსაკუთრებით – მმართველობის გუნდში! მთავარი ექიმები და მენეჯერები ისე უყურებენ საავადმყოფოს, როგორც კარტოფილის ბაზას! ასევეა სამინისტროც! ეს კომუნისტები რატომ ვერ გაუშვით სახლში?! მავნებლები! – უნდა გაუშვათ პენსიაზე! წავიდეს კერძო სექტორში. სახელმწიფო სამსახურში ერთი კომუნისტი არ უნდა იყოს! მე რომ მკითხო, არც პარლამენტში უნდა იყოს!

 

ხომ იცით, რაც მოხდა!.. ვინც ხართ დამნაშავე!

 

ჩამოვთვლი, რაც იყო შეცდომები: 82 ექსპერტო, რომლებმაც ე.წ. ვაქცინაციის გეგმა გააკეთეთ, ხომ გითხარით, რომ ეს არის „სადღეგრძელო“, არ არის მზად საავადმყოფოები, 551 მულტიპროფილური საავადმყოფო რომ იქნება საქართველოში, დაფიქირდით! ყოფილი მინისტრები რომ ხართ, ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარეები, თქვენ ხართ დამნაშავეები! – გაანადგურეთ ეს ქვეყანა! როცა იყავით სათავეში, რატომ არ გააკეთეთ, რაც იყო გასაკეთებელი?! უწყვეტი სამედიცინო განათლება განადგურდა 2004 წლიდან, მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა, დედა უტირა! „კარგი“ რეფორმა გააკეთეთ, გააგრძელეთ!.. ფულს აკეთებენ ბიჭები! გამოდიან და ამბობენ, ჯანდაცვის ექსპერტები ვართო, გადახედეთ ტელევიზიებს, ერთ ტელევიზიას თავისი ექსპერტი ჰყავს, მეორე ტელევიზიას – თავისი. ყველაფერი კორუფციაშია ჩაფლული! გაანადგურეთ ქვეყანა! 82 ადამიანის სია გამოაქვეყნოს ჯანდაცვის სამინისტრომ! 82 ადამიანი, ექსპერტი, ვინც იღებდა მონაწილეობას ვაქცინაციის პროგრამაში, ვინც დაწერა ვაქცინაციის პროგრამა, მაგათი სახელები, გვარები, თანამდებობა და განათლება გამოაქვეყნეთ! ერთი სადოქტორო მაინც თუ აქვთ?! ექსპერტი ნიშნავს, მინიმუმ, სადოქტორო უნდა გქონდეს დაცული. გეუბნებით – ეს არის დასასრულის დასაწყისი! მეგი არ არის ვაქცინის მსხვერპლი, ეს არის სისტემის მსხვერპლი! ეს არის კორუფციის მსხვერპლი! ეს არის დაუდევრობის მსხვერპლი! ეს არის პოლიტიზირების მსხვერპლი! ეს არის სუსის მსხვერპლი! ეს არის პოლიტიკური პარტიების მსხვერპლი! ყველანი ხართ დამნაშავე! ვაქცინა არაფერ შუაშია, საერთოდ არაფერ შუაში არ არის!

 

ერთი ადამიანიც კი, ვინც იტყვის, რომ ვაქცინის წინააღმდეგი ვარ, ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა! ერთ მშვენიერ დღეს ამოყოფთ თავს იქ, ზემოთ და რა პასუხს გასცემთ მეგის, რას ეტყვით?! ადამიანმა გააკეთა ის, რაც იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დღეს, მაგრამ მეგიმ ვერ გათვალა ის, რომ ენდო სახელმწიფოს, ენდო სისტემას, ის ენდო ადამიანებს, ვისიც სჯეროდა სულით და გულით, მაგრამ არავინ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას! საჯაროდ დაიდოს, ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე, იმ 82 ექსპერტის სახელები, გვარები, თანამდებობა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ვაქცინაციის პროგრამის შემუშავებაში. არაერთი წერილი იყო გამოგზავნილი ჯანდაცვის სამინისტროში და პასუხი იყო ზოგადი, ბუნდოვანი. წერილის გაგზავნას აღარ ვაპირებ. სანამ თავზე არ დაგემხოთ ყველაფერი, გონზე მოდით დროზე! კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, ცუდად არის საქმე, ძალიან ცუდად! – ვინ ხართ, რა ხართ, ამდენი ტყუილი როგორ შეიძლება?!

 

ხომ იცით, რასაც ვამბობდი, ყველაფერი მოხდა, რასაც ეხლა ვამბობ, ისიც მოხდება. ერთი რამ დაასახელეთ, რაც გიორგი ფხაკაძემ თქვა და ის არ მოხდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში. გეუბნებით – არც ვანგა ვარ და არც კაკულია – მეცნიერი ვარ, ვიცი, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება საქართველოში, ვუყურებ ამ ყველაფერს, სტრატეგიული ხედვა მაქვს და რა ვქნა?! ვეუბნები, – მივდივართ უფსკრულისაკენ და ამბობენ, ყველაფერი კარგად არისო! ხომ გაფრთხილებდით ნოემბრის თვეში რაც იქნებოდა! ვაქცინაციაზე ხელი არ გაგინძრევიათ, სანამ ფხაკაძე არ გამოვიდა და არ გაგლანძღათ და მერე? – მერე გაინძერით! შემდეგ დაიწყეს ფუსფუსი. მანამდე სად იყვნენ?! იჯდნენ და ელოდნენ. ყველაფერში შეცდომა დაუშვეს, ვაქცინაციის აპლიკაცია არასწორად შეავსეს, მოლაპარაკებები არასწორად აწარმოეს. დამირეკე, შემეკითხე! გაფუჭებულ საქმეს ხედავთ?! ვნერვიულობ და ემოციურად ვლაპარაკობ, – მაპატიეთ! მეც ადამიანი ვარ, არა ვარ რკინა და ფოლადი! შემიძლია ყველაფერი ავიტანო, მაგრამ როცა ვხედავ ასეთ უსინდისობას, უსამართლობას… კორუფცია კიდევ ჯანდაბას, ფული აქვს გასაკეთებელი ადამიანს, მაგრამ უსამართლობას და ტყუილს ვერ ვიტან!

 

მეგი ბაქრაძის გამო ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გადავარჩინოთ რაც შეიძლება ბევრი სიცოცხლე.

 

რამდენიმე დღის წინ მე დავაყენე საკითხი ზოგიერთ სახელმწიფო ინსტიტუტთან, როცა იყო საუბარი ვაქცინებთან დაკავშირებით. მინდა ჩემი პოზიცია ვაქცინებთან დაკავშირებით იყოს ძალიან მკაფიო. მე, გიორგი ფხაკაძე ფიზიკურად ვერ ვიქნები ვაქცინების წინააღმდეგი, ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება, – მორჩა, წერტილი! როცა ვამბობ, ვაქცინაციის პროგრამა უნდა გაკეთდეს, – უნდა გაკეთდეს სწორად, პროფესიონალურად არა კოპი-ფეისთად – შევარდნაძის დროინდელი კონსულტანტები რომ აკეთებენ სისულელეებს. არ შეიძლება ასეთი არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, კორუფცია და ყველაფერი იყოს ასე არეული.

 

ველოდებით 82 ექსპერტის სიას, პასუხისმგებლობა არის თითოეულ მათგანზე. როცა ვუყურებ ნებისმიერ საკითხს, ჯერ ვუყურებ ცუდის მხრივ, რა შეიძლება ცუდი მოხდეს, კარგი ისედაც მოვა და ისედაც კარგად იქნება. პირველი, რაც მე გავაკეთე – ყველას ვეკითხებოდი, ვთქვათ, ადამიანმა გაიკეთა ვაქცინა და მოხდა რამე, ჩემს ლაივებში ვსაუბრობდი… გახსოვთ ალბათ „ქალბატონი მარო“ – ჩემი ვირტუალური ქალბატონი მარო გახდა რეალური გმირი. მე დავსვი ორი საკითხი, პირველი – ადამიანი როცა გაიკეთებს ვაქცინას და დაემართა რაიმე გართულება, რას ვაკეთებთ?! რა არის გეგმა?! რა არის პროტოკოლი?! სუფთა სამედიცინო კუთხით დაცულები რომ ვიყოთ. ახლა გაახსენდათ თურმე, ხულოში არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება შესაბამისი პირობების უქონლობის გამო. არ იცოდით მანამდე? რაიონებში ფიზიკურად შტატი არ არის, ცარიელია საავადმყოფოები, ფიზიკურად არ ჰყავთ ექიმები! ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანი თუ დაინვალიდდა, ვინ არის პასუხისმგებელი?

 

თქვენ შეიძლება არ იცით, პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში შეიტანა ცვლილება – თუ ვაქცინა იქნება ცუდი და ვინმეს რამე დაემართება, მთელ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს სახელმწიფო და არა მწარმოებელი!

 

შეკითხვა მაქვს სახელმწიფოსთან: რატომ არ არის ეს ინფორმაცია საჯარო?

 

მე ბევრმა ექიმმა მომმართა, როცა ვაქცინაცია დაიწყო, ჰქონდა ტემპერატურა, ვერ მიდიოდა სამსახურში და საავადმყოფოს ხელმძღვანელობა ეუბნებოდა, რომ არ მისცემდა გაცდენილი დღეების ანაზღაურებას. ადამიანმა ვაქცინა გაიკეთა, აქვს ტემპერატურა და არ აძლევენ ბიულეტენს. არ გაქვთ სისტემა აწყობილი! ელექტრონული სისტემა ვერ გააკეთეთ! ეს არიან პენსიონერი კორუმპირებულები. გეუბნებით, ციხეში ამოყოფთ თავს საბოლოო ჯამში! წადით დროზე, დაანებეთ ხალხს თავი! ჯერ კიდევ გაქვთ საშუალება – „შუშა ტყდება ძალიან იოლად“ – გამგები გაიგებს! ბოდიში მოიხადეთ და წადით ისე.

 

ახლა შექმნეს კომიტეტი. კომიტეტები უნდა შექმნილიყო ერთი წლის წინ. როცა შენ გადაიხადე ფული გავ-ში (ვაქცინების გლობალური ალიანსი), სექტემბერ-ოქტომბერში, – აქამდე რას აკეთებდით და რას ელოდებოდით?! ამბობთ, ტრენინგები ჩაატარეთ, – კარგით რა, რა ტრენინგები ჩაატარეთ?! ტრენინგი არის მუდმივი პროცესი.

 

საქართველოში გაანადგურეს ექიმების მიმართ რწმენა! ექიმის მიმართ რწმენა რომ დაეკარგება ადამიანს, ავად რომ გახდება, ვიღას უნდა ენდოს?!

 

ვამბობდი, თუ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანი გარდაიცვალა, რა პროტოკოლი გაქვთ, რას ვაკეთებთ, რა სახის კომპენსაციებია და ა.შ. აზრადაც კი არ მომდიოდა, ეს თუ მართლა მოხდებოდა ქვეყანაში, ანაფილაქსიური შოკით დაიღუპებოდა ადამიანი. ანაფილაქსიური შოკით აფრიკაში აღარ კვდება ადამიანი. იქაც კი მართავენ პაციენტს. ამ კითხვაზე არ იყო პასუხი გაცემული.

 

მე ვთქვი, ვაქცინის შემდეგ ადამიანი თუ გარდაიცვლება, 1 მილიონი ლარი დადეთ კომპენსაცია, ძალიან ბევრი ხუმრობდა ჩემს ნათქვამზე.

 

შეკითხვა მაქვს, კომპენსაციის რა პაკეტი არსებობს, ადამიანი როცა გარდაიცვლება?! ეს უნდა იყოს დეტალური და საჯარო ყველასათვის. მე ვთქვი, ვაქცინაცია უნდა გაკეთებულიყო მხოლოდ და მხოლოდ მომზადებულ დაწესებულებებში. ბევრმა ექთანმა არ იცის პაციენტების ბაზისური მართვა.

 

რაც უფრო ბევრს ლაპარაკობთ, უფრო მეტად უთხრით თქვენს თავს მიწას. არავინ საუბრობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. სად არის საერთოდ გაწერილი გეგმა თავისი ფინანსური ინტსრუმენტებით. დაწერეს გეგმა და ახლა ამბობენ, მთლად კარგი არ არის! და ახლა აკრიტიკებ შენს გეგმას?! ზოგიერთმა ექსპერტმა ფულიც მიიღო ამ გეგმაში" - ამბობს ფხაკაძე. 

წაკითხვა 735 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.