გარდაცვალების შემთხვევათა ნახტომისებური ზრდა, ახალი შეზღუდვები და კორონავირუსთან ბრძოლოს ახალი სტრატეგია

“ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სრწაფი ზრდის ფონზე ნახტომისებურად მოიმატა გარდაცვალების შემთხვევებმაც.

ინფექციონისტთა ნაწილი ამას ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდით სხსნის და მოსახლეობას უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესების ზუსტად დაცვისკენ მოუწოდებს. ყოველივე ამის ფონზე ეპიდემიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭომ ხუთშაბათს ახალი შეზღუდვების შემოღების და უკვე მოქმედის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ეს შეზღუდვები ძირითადად აჭარას ეხება, რადგანაც ყოველდღიურად ინფიცირების ახალი შემთხვევების 60%-ზე მეტი სწორედ აჭარაზე მოდის. ცვლილებები შედის საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის რეჟიმშიც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გარდაცვალების შემთხვევათა ნახტომისებური ზრდა, ახალი შეზღუდვები და კორონავირუსთან ბრძოლოს ახალი სტრატეგია.

 

“აჭარის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 1-ლი ოქტომბრის შემდეგაც არ განახლდება. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქალაქებში, სადაც ეპიდემიის მასშტაბები არც ისე დიდია, 1-ლი ოქტომბრიდან სწავლა სრული ფორმატით განახლდება, სხვა ქალაქებში და მათ შორის თბილისშიც სკოლებში სწავლის შერეული ფორმატი იქნება. გარდა ამისა, ხუთშაბათს გაირკვა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგიას ცვლის. საავადმყოფოებში მხოლოდ მძიმე პაციენტების მკურნალობა მოხდება, შედარებით მსუბუქი შემთხვევების ეგრეთ წოდებული კოვიდ სასტუმროებში ან ბინაზე. ინფექციონისტები “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ეს გარდაუვალი იყო. ხუთშაბათს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნითა და აჭარაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ახალი შეზღუდვები დაწესდა. შეზღუდვების ვადები დამოკიდებულია აჭარის ეპიდვითარებაზე, რომელიც ცვალებადია. 25 სექტემბრიდან აჭარაში აღარ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მთლიანად გაჩერდება გარკვეული ეტაპი. აჭარაში რესტორნებს მუშაობა მხოლოდ 22:00 საათამდე შეეძლებათ. აჭარის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა 1-ლი ოქტომბრის შემდეგაც დისტანციურად გაგრძელდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში სწავლის შერეული რეჟიმი იმოქმედებს. 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან, მე-7 და უფრო მაღალი კლასების მოსწავლეები კი სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ. ხოლო ფოთსა და გორში სწავლა ყველა კლასში დაიწყება. ამასთან, მშობლებს უფლება ექნებათ სურვილის შემთხვევაში თავისი შვილებისათვის დისტანციური სწავლება აირჩიონ. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, აჭარაში ვირუსის მაჩვენებლი მაღალი იყო და ამიტომ გახდა შეზღუდვები საჭირო. “ახალი შეზღუდვები გახდება საჭირო თუ არა, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობაზეა დამოკიდებული - როგორ მოიმატებს და როგორ იქნება სხვა რეგიონებში. პროგნოზირება არ შემიძლია, ამას უფრო ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ, თუმცა ვერავინ განსაზღვრავს როგორი იქნება მატება. აჭარაში ესეთი სერიოზული მაჩვენებელი იყო და ამიტომ დაწესდა შეზღუდვები და ალბათ ეს დროებითია, როცა შეკავება მოხდება, ყველაფერი ისევ გაიხსნება”, - განაცხადა ენდელაძემ. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა იმედოვნებს, აჭარაში დაწესებული შეზღუდვები დროებითი და ლოკალურია”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ვიმედოვნებ, რომ სხვაგან არ იქნება ისეთი შეზღუდვები საჭირო, როგორიც აჭარაშია. იმედია აჭარაში ლოკალური და დროებითი შეზღუდვა დაწესდა არსებული ეპისიტუაციიდან გამომდინარე. ერთი კონკრეტული რეგიონის ჩაკეტვა არ არის კარგი, მაგრამ მაინც უფრო შესაძლებელია, ვიდრე მთლიანი ქვეყნის. ვთვლი, რომ აჭარაში რეგულაციების გამკაცრება ზუსტად იქითკენ არის მიმართული, რომ არ დაგვჭირდეს მთელ ქვეყანაში მსგავსი ღონისსიებების გატარება”, - განაცხადა გოგინავამ. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძის თქმით, სახელწიფომ შეზღუდვების დაწესებით სწორი პოზიცია დაიკავა. “თუ არ იქნება მძიმე შემთხვევები და მართვადი იქნება ინფექცია, შეზღუდვები არ გახდება საჭირო. ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსში თუ მოექცა, დიდი მნიშვნელობა არ ექნება ეს კორონავირურისის გამო მოხდა თუ შეზღუდვების. ამიტომ, სახელმწიფო სწორად ცდოლობს, რომ რაღაც შუალედური პოზიცია დაიჭიროს. აჭარაში ძალიან იმატა შემთხვევებმა. ეს რისი ბრალია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. თბილისში იგივე რაოდენობაა, რაც ადრე ფიქსირდებოდა”, - განაცხადა ხმალაძემ, რომლის თქმით, ძირითადად მომატებული რაოდენობები აჭარის რეგიონიდან მოდის”, - დასძენს გამოცემა.

 

“საქართველოში კორონავირუსის გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დაფიქსირდა. მას შემდეგ, დაახლოებით ხუთთვენახევრის განმავლობაში 21 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო ორ დღეში კი - 5. ენდელაძის განცხადებით, გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა ინფიცირებულთა რაოდენობის მატებამ გამოიწვია. “გარდაცვლილები რისკ ჯგუფებში იყვნენ. მაშინ გარდაცვლილების რაოდენობა ცოტა იყო, ახლა კორონავირუსის მაჩვენებელმა იმატა და გარდაცვლილთა რაოდენობამაც. ვინც გარდაიცვალა, ასაკოვნები იყვნენ და მძიმე ფონური დაავადებები ჰქონდათ. ბევრი მათგანი უკვე გამოჯანმრთელებული იყო კოვიდისგან, მაგრამ თანმდევმა მძიმე დაავადებებმა განაპირობა გარდაცვალება. ექვსი თვის განმავლობაში ბევრი ლეტალობა არ გვქონდა, მაგრამ ახლა შეინიშნება ლეტალობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიმატა გარდაცვლილთა პროცენტულმა რაოდენობამ”, - განაცხადა ენდელაძემ. გოგინავას განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში გარდაცვლილი ხუთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“სამწუხაროდ, ახალ შემთხვევებს ახლავს მძიმე შემთხვვებიც და კრიტიკული პაციენტებიც. ამიტომ სიკვდილიანობამ იმატა. არა ძალიან და მასშტაბურად, მაგრამ ფაქტია, რომ ორ დღეში ხუთი ადამიან დაიღუპა. ხუთივეს მდგომარეობა იყო მძიმე, ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები და კორონავირუსული ინფექცია ასეთ კონტიგენტში მიმდინარეობს საკმაოდ აგრესიულად. ჩვენ რაც შეიძლება უნდა შევზღუდოთ დაავადების გავრცელება და განსაკუთრებით დავიცვათ ის ადამიანები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და არიან ხანდაზმულები. მათ იმუნური სისტემის პრობლემა აქვთ”, - განაცხადა გოგინავამ. ირაკლი ხმალაძე კი გარდაცვალების შემთხვევების მატებას პირდაპირ არ უკავშირების ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას. მისი თქმით, კორონავირუსი იქ გაილაღებს, სადაც ორგანიზმს ბრძოლა არ შეუძლია და ამიტომ მივიღეთ ლეტალური შედეგები”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

 

“დასნეულდნენ ადამიანები, რომელთაც კორონავირუსის გარდა სხვა გვერდითი დაავადებები ჰქონდათ. ზოგი ინსულტიანი იყო, ზოგი დიაბეტიანი და ასაკოვანი. ყველამ ვიცით, რომ ასეთი შემთხვევები უმეტეს წილად ცუდად მთავრდება. იგივე გრიპოზული ინფექცია რომ ყოფილიყო, მგონია ზუსტად ისე დამთავრდებოდა. როდესაც იმუნიტეტი დავარდნილია, ორგანიზმს აღარ გააჩნია საბრძოლველი და მას კორონა ემატება, იქ გაილაღებს ინფექცია. ამიტოპმ გვაქვს ლეტალური შედეგი. ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც თითქმის გადადებული პაციენტები გადარჩნენ ჩვენი ექიმების ძალისხმევით, ცოდნითა და გამოცდილებით. გარდაცვალების შემთხვევებმა რომ მოიმატა, ეს არ არის იმის ბრალი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა. უბრალოდ მოხდა იმ ხალხის დასნეულება, რომელთა ინფიცირება კატეგორიულად არ შეიძლებოდა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

 

“ამის პარალელურად ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგიას ცვლის. თუკი აქამდე ყველა ინფიცირებულს სტაციონარში ათავსებდნენ, ამის შემდეგ საავადმყოფოში მხოლოდ მძიმე შემთხვევების მკურნალობა მოხდება, ხოლო შედარებით მსუბუქი შემთხვევების ე.წ. კოვიდ სასტუმროებში ან ბინაზე, სადაც მკურნალობისთვის სათანადო პირობები იქნება შექმნილი. მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტები დისტანციურად გადიან კონსულტაციას ოჯახის ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში ინფექციონისტებს უკავშირდებიან. ბინაზე ან კოვიდ სასტუმოში მკურნალობას ექიმები ჩაატარებენ, რომლებთაც უტარდებათ შესაბამისი ტრენინგები. პაციენტის მდგომარეობას ონლაინ შეაფასებენ, თუ რამდენად შესაძლებელია მათი ბინაზე დატოვება. მსუბუქ ან უსიმპტომო შემთხვევაში შეიძლება პაციენტი დარჩეს ბინაზე, თუ ის აკმაყოფილებს არა მარტო კლინიკური მდგომარეობას, არამედ საცხოვრებელი პირობებს. “რომელიმე პაციენტს ოჯახში თუ ჰყავს ვინმე, ვინც რისკ ჯგუფში შედის, ან მცირეწლოვანი ბავშვი, ამ შემთხვევაში გადაყვანილი იქნებიან კოვიდ სასტუმროებში, სადაც სამედიცინო პერსონალი გაუწევს დახმარებას. ყველა პაციენტს ეყოლება ოჯახის ექიმი, რომელიც ინფექციონის დაუკავშირდება. ამ სისტემაში ინფექციონისტებიც იქნებიან ჩართული”, - განაცხადა ენდელაძემ. გოგინავას განცხადებით, გარდაუვალი იყო ბინაზე ან კოვიდ სასტუმროში მკურნალობა მსუბუქი პაციენტებისთვის, რადგან ყოველდღიურად ასობით იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

 

“როდესაც დღის განმავლობაში ასეობით ახალი შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ საავადმყოფოში ყველა პაციენტის მკურნალობა შეუძლებელია. ამიტომ უნდა ამოხდეს მათი გადანაწილება. ზოგი თვითიზოლაციაში, კოვიდ სასტუმრობში, ან ბინაზე უნდა იყოს მონიტორინგის ქვეშ. როგორც ვიცი, გადამზადება გავლილი აქვთ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს. ამ მოდელმა საკმაოდ ეფექტიურად უნდა იმუშავოს. დანარჩენს დინამიკა გვიჩვენებს, თუ რამდენად კარგად და ეფექტურად მოხდება ეს ყველაფერი”, - განაცხადა გოგინავამ. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ეთანხმება ბინაზე ან კოვიდ სასტუმროში მკურნალობის მეთოდს და აცხადებს, რომ კორონავირუსის სახლში მკურნალობის დროს საჭიროა იმავე წესების დაცვა, რომელიც ჩვეულებრივი გრიპის დროსაა რეკომენდირებული. “ვირუსულ ინფექციას სახლში მკურნალობა როცა ენიშნება, მაშინ არ სჭირდება ბევრი არაფერი. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმ გართულებებს, რომელიც შეიძლება კოვიდ ინფექციას მოჰყვეს. სახლში მკურნალობა გულისხმობს იმ წესების დაცვას, რომელიც ჩვეულებრივ ვირუსული გრიპის დროსაა რეკომენდებული. არის შემთხვევები, როცა გარკვეული პრეპარატები ინიშნება მეთვალყურეობის ქვეშ. მსუბუქ ფორმას არ სჭირდება რეანიმაციაში წოლა”, - ამბობს ხმალაძე, რომლის განმარტებით, “ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა პაციენტს სჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 582 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.