არსებობს თუ არა იმუნიტეტი COVID-19-ის მიმართ და რამდენ ხანს ნარჩუნდება იგი?

სამი ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი, შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდეს - ამის შესახებ გამოცემა CNN წერს. 

 

არიზონას უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ პაციენტების ორგანიზმი, რომლებიც კორონავირუსის ინფექციისგან გამოჯანმრთელდნენ, ანტისხეულებს გამოიმუშავებს. თავის მხრივ, ანტისხეულები ინფექციისგან დაცვას უზრუნველყოფენ, რომელიც, შესაძლოა 5-დან 7 თვემდეც კი შენარჩუნდეს.

 

ამასთან, ერთ-ერთ კვლევაში აღნიშნულია, რომ მართალია, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმი ანტისხეულებს წარმოქმნის, თუმცა, შესაძლოა, მათ ადამიანის ვირუსისგან დაცვა ყველა შემთხვევაში ვერ უზრუნველყონ. 

 

კიდევ ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, იმუნიტეტის გამომუშავების საფუძველზე რამდენიმე თვე დაცულები არიან. ამის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ მხოლოდ რამდენიმე თვე შეიძლება დაიცვას ადამიანები.

 

Science Immunology-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, კანადის მეცნიერთა გუნდის დაკვირვებით, კორონავირუსის ანტისხეულები გამოჯანმრთელებული პაციენტების ორგანიზმში დაახლოებით 115 დღის განმავლობაში რჩება.

 

გამოცემა The New York Times-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის მოსაზრებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ორგანიზმში ანტისხეულების არსებობა COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტს უზრუნველყოფს. 

 

Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში კორონავირუსით განმეორებითი ინფიცირების შემთხვევები ძალიან ხშირია,  შესაბამისად, სახელმწიფო მეთაურების მხრიდან საყოველთაო იმუნიტეტის გამომუშავების იმედად ყოფნა აზრს მოკლებულია. 

 

გამოცემა Science-ის კვლევის თანახმად, ვინაიდან განმეორებითი ინფიცირების შემთხვევები ხშირია, ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი შესაძლოა ხანმოკლე იყოს. გამოცემის ცნობით, აქამდე არსებული კორონავირუსული ინფექციების მიმართ ადამიანი იმუნიტეტს რამდენიმე თვის, საშუალოდ 12 თვის განმავლობაში ინარჩუნებდა, შესაბამისად, შესაძლოა, COVID-19-ის შემთხვევაშიც, ორგანიზმში იმუნიტეტი დიდხანს არ შენარჩუნდეს. 

 

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ამ საკითხის გარშემო მრავალი კვლევა ჩატარდა, თუმცა, ერთიანი მოსაზრება იმის თაობაზე გამოიმუშავებს თუ არა ადამიანის ორგანიზმი COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტს და რამდენ ხანს ნარჩუნდება იგი არ არსებობს. 

წაკითხვა 494 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.