რას ეძახდნენ ოჯახის წევრები და რაზე ოცნებობდა გურანდა გაბუნია?
თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსახიობი 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
გურანდა გაბუნიას "ბუბას" ეძახდნენ, მათ შორის ოჯახის წევრებიც. მამამისი სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, დედა - მსახიობი და ამიტომ ბავშვობიდან დაუახლოვდა თეატრს. სცენაზეც საკმაოდ პატარა ასაკში დადგა. უყვარდა ცეკვა და ბალერინობაზე ოცნებობდა. სკოლა სოხუმში დაამთავრა. შემდეგ დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ ქორეოგრაფიულის მაგივრად თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო
ფაკულტეტს მიაშურა. კარგად სწავლობდა, ოთხი წლის განმავლობაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდიას იღებდა. იმავე შენობაში გაიცნო თავისი ცხოვრების თანამგზავრი ოთარ მეღვინეთუხუცესი, რომლის გვერდით 56 წელი გაატარა...
ორი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაშინ გურანდა გაბუნია 19 წლის გახლდათ, ოთარი - მასზე 7 წლით უფროსი. შეუღლების შემდეგ რამდენიმე საცხოვრებელი
ადგილი გამოიცვალეს, ბოლოს ბინა მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს დაიდეს.
- თქვით, რომ ოთარი გვიანობამდე გარეთ გელოდათ, თქვენს ცეკვაზე არ ჰქონდა პრეტენზია?
- არა, ძალიან მოსწონდა ჩვენი ანსამბლი... ოთარი მაშინ უკვე ცნობილი მსახიობი იყო, მე - სტუდენტი. ის თეატრალურ ინსტიტუტში მოდიოდა ჩემს სპექტაკლებზე.
- თქვენი გაცნობის ისტორია ცნობილია...
- დიახ, სულ ამას ვყვები. მე და ოთარი ერთმანეთს ნუგზარ გაჩავამ გაგვაცნო და ამისათვის მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები.
- თქვენი მეჯვარეები ვინ იყვნენ?
- ირაკლი უჩანეიშვილი და იუზა ხუსკივაძე. ხელი რომ მოვაწერეთ, იმ დღეს წვიმდა და შენობაში, ლესელიძის ქუჩაზე, წყალი ჩამოდიოდა. ჩემთვის ვფიქრობდი, წვიმს, ეს ცუდის ნიშანია-მეთქი.
- მაშინ სად ცხოვრობდით?
- მე საიათნოვაზე, ირაკლი - ლერმონტოვზე, ოთარი კი ვაკეში კავშირის ქუჩაზე ნახევრად სარდაფში ცხოვრობდა. თავიდან 15 წლის განმავლობაში მე და ოთარი იქ ვცხოვრობდით და მახსოვს, წვიმის დროს მთელ კედელზე წყალი რომ ჩამოუყვებოდა ხოლმე. შემდეგ დიღმის მასივში გადავედით. მარჯანიშვილის მოედანზე ბინა კი გიგა ლორთქიფანიძემ გაგვიკეთა. ის რომ არა, ესეც არ გვექნებოდა.
- ბევრი აკვირდება ისეთ დეტალებს, როგორიცაა, რა თქვა მამაკაცმა გაცნობისას პირველად, რა ეცვა და ა.შ. თქვენ გახსოვთ?
- რა უნდა სცმოდა? ოთარი გაჭირვებაში გაზრდილი ბიჭი იყო. ეს ის პერიოდია, როცა ყველანი იმავე სიტუაციაში ვიყავით. ოთარი, ნოდარ მგალობლიშვილი, ირაკლი უჩანეიშვილი, მალხაზ მებურიშვილი სულ ერთად იყვნენ. ირაკლი რომ არა, მათ ტანსაცმელი არ ექნებოდათ. ის უკერავდა პერანგებს, შარვლებს, თავისთვის ფეხსაცმელებსაც კი. ხელის მოწერისთვის ოთარს ირაკლიმ შეუკერა შარვალი. ის უნიკალური პიროვნება იყო, არაჩვეულებრივად მღეროდა. ბევრ მხატვრულ და მულტიპლიკაციურ ფილმში ისმის მისი ხმა. მათ შორისაა: "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", სადაც ის ფოსტალიონის სიმღერას ასრულებს. მიკვირს, წლები ისე გადის, არავის მოსდის აზრად, ტელევიზიით ის კადრები გაუშვან, სადაც ირაკლი პატარა გოგონასთან ერთად საახალწლო სიმღერას მღეროდა. შეიძლება, დაკარგულია ეს ჩანაწერი. ბევრი რამ აღარ არსებობს, ისევე, როგორც კინოსტუდიაში ხანძრისას განადგურდა ბევრი ფილმი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი