"ბუხრიდან ნაცარი გამომიღია და მთელ ქუჩაზე დამიყრია, ნიკოს ფეხი რომ არ დასცურებოდაო" - როგორ უყვარდა "თავსაფრიანი დედაკაცის" ავტორს?

ცხოვრებაშიც ისეთივე ლაკონიური ყოფილა, როგორიც - ნაწერებში...


"- მოგიკლავს ადამიანი?


- არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი.


- გითქვამს ტყუილი?


- ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი... ბევრი.


- გიმრუშია?


- არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!


- გიგმია ღმერთი?


- არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ.


- თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს?- ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი - ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას".

 

ნიკო ლორთქიფანიძე, "გულთამხილავის მსჯავრი"
 
 
 
ვინ იყო, როგორ ცხოვრობდა და როგორ უყვარდა - "გულის", "თავსაფრიანი დედაკაცის", "საქართველო იყიდებას" ავტორს, იმერელ თავადთა შთამომავალ მწერალ ნიკო ლორთქიფანიძეს?
 
 
 

მისი წინაპრები იმერეთის მეფის, სოლომონის კარზე მიღებული ხალხი ყოფილა, მათ, თურმე, "ფიცის კაცებს" უწოდებდნენ. თავად მწერალსაც საინტერესო ცხოვრება გაუვლია: რამდენიმე სასწავლებელი გამოუცვლია, სხვადასხვა ქვეყანაში უცხოვრია და ორ დუელშიც მონაწილეობდა, ფაქტია - წარმატებით, რადგან ცოცხალი გადარჩა...

 

 

ნიკო ლორთქიფანიძის ერთადერთი შთამომავალი - შვილიშვილი თამარ ლორთქიფანიძე მწერალ ბაბუას არ იცნობდა, არასდროს შეხვედრია, თუმცა მასზე საუბარს მაინც დათანხმდა.

 



- თუ იცით, ბებიამ და ბაბუამ სად გაიცნეს ერთმანეთი?

 

- ბებო - თამარი ქუთაისელი იყო, ჩხეიძის ქალი. თათუშას ვეძახდით. 22 წლის იყო, ნიკოზე უმცროსი, ბაბუა რომ გაუცნია. ძალიან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონიათ - ბაბუა ფაეტონით აკითხავდა ხოლმე, თავადებს რომ შეეფერებოდათ, - ისე. მალევე დაქორწინებულან - 1914 წლის 14 ოქტომბერს. პატარა ქორწილი ჰქონიათ. მერე კარგა ხანს ქუთაისში ცხოვრობდნენ და თბილისში მოგვიანებით გადმოსულან.
 
 
 
ნიკო ლორთქიფანიძე
ფოტო: ნიკო ლორთქიფანიძე
 
 
 
 
თბილისში, ოპერის პირდაპირ, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მათ სამი ვაჟი ჰყავდათ: ნოდარი, მერაბი და მამაჩემი - გოგი. ბებო ამბობდა ხოლმე, ნიკო ძალიან ხელშესაწყობი კაცი იყოო. თურმე, როდესაც მუშაობდა, ყველა გასუსული უნდა ყოფილიყო, ხელი არ უნდა შეეშალათ, ზედმეტად ნიკოს ოთახში არ უნდა შესულიყვნენ. შეიძლება, თათუსთვის არც არაფერი ეთქვა, მაგრამ ბებო თვითონ არ შედიოდა, იცოდა, რომ ნიკოს არ ესიამოვნებოდა...
 
 
 
ნიკოს დღისით არ უყვარდა შინიდან გასვლა, საღამოს კი აუცილებლად გადიოდა და რუსთაველზე სეირნობდა, მერე რესტორან "ორიენტშიც" შეივლიდა ხოლმე და დიდხანს იჯდა იქ. ზამთარში, როდესაც ჭავჭავაძის ქუჩის აღმართი იყინებოდა, ბაბუა კი ტრადიციულად, სასეირნოდ გადიოდა, ბებო ძალიან ნერვიულობდა, თურმე. თვითონ მიამბო, - ხშირად ბუხრიდან ნაცარი გამომიღია, ვედროთი წამიღია და მთელ ქუჩაზე დამიყრია, ნიკოს ფეხი რომ არ დასცურებოდაო.
 
 
 
 
- ეს ნიკომ იცოდა?
 
- კი, იცოდა და ამას, თურმე, ჩვეულებრივად იღებდა. თუმცა ისიც ვიცი, რომ თათუსთან ძალიან ყურადღებიანი იყო. - ის რომ ოთახში შედიოდა, ნიკო ყოველთვის ფეხზე დგებოდა.
 
 
 

- მამა შვილებს, წინაპარ "ფიცის კაცებზე" ან თავის დუელებზე არ უამბობდა?

 

- ვიცი, რომ ნიკოს საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარდა. ვერც ქების მოსმენას იტანდა - ძალიან ღიზიანდებოდა, მაგრამ შვილებთან წინაპრებზე ხშირად ლაპარაკობდა. უყვებოდა, რომ სოლომონ მეფის კარზე ერთ-ერთ ლორთქიფანიძეს რომელიღაც ბრძოლაში გმირობა ჩაუდენია და მეფეს მთელი მისი გვარისთვის "ფიცის კაცობა" უბოძებია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნისთვის რთულ პერიოდში მეფე მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტას სწორედ მათ ანდობდა. სამაგიეროდ, როგორც ვიცი, ნიკო არასდროს ინტერესდებოდა შვილების სასკოლო ნიშნებით, არც გაკვეთილებს უმოწმებდა მათ, როგორ ჰქონდათ მომზადებული, ერთადერთი, თურმე, იშვიათად ჰკითხავდა ხოლმე, - როგორ სწავლობთო?
 
 
 
ნიკო ლორთქიფანიძე ოჯახთან ერთად
ფოტო: ნიკო ლორთქიფანიძე ოჯახთან ერთად
 
 
 
 
შვილებს არასდროს უბრაზდებოდა, არასდროს სჯიდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცელქები იყვნენ, განსაკუთრებით - მამაჩემი. მაგრამ შვილებს მამის მაინც ძალიან დიდი რიდი ჰქონიათ, - ოთახში რომ შემოდიოდა, ვისუსებოდითო. ამას წინათ წერილები ვიპოვე, შვილების დაწერილი, სადღაც დასასვენებლად იმყოფებოდნენ და იქიდან დედას ცალკე წერდნენ, მამას - ცალკე. დედისადმი მიწერილში მხოლოდ მოკითხვას სჯერდებიან, - როგორ ხარ? ჩვენ კარგად ვართ? და ა.შ. მამისადმი მიწერილში კი ყველანი ითხოვენ, კანფეტები გამოგვიგზავნეო. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ბებო შვილებთან ყოველთვის მკაცრი იყო, ჩემდამი კი, პირიქით - ძალიან თბილი. ბებოსთან ყველაფრის უფლება მქონდა. ჩემი მშობლები გაცილებულები იყვნენ და ყოველ შაბათ-კვირას, მასთან რომ მივდიოდი, თათუშა კატეგორიულად ითხოვდა, რომ მისი სამივე ვაჟი - ბიძაჩემები და მამაჩემი სადილისთვის შინ ყოფილიყვნენ.
 
 
 

- ნიკოზე არაფერს გიყვებოდათ ხოლმე?

 

- არა, არაფერს ჰყვებოდა.
 
 
 

- როგორ ფიქრობთ, რატომ?

 

- არ ვიცი, ვერ გეტყვით... სიმართლე გითხრათ, დიდად არც მე ვეკითხებოდი. ვიცოდი, რომ შენახული ჰქონდა ნიკოს პენსნე და ნიკოს ჭიქა - ეს ნივთები მუდამ ერთსა და იმავე ადგილას იდო. იმ სახლში ხშირად იყვნენ სტუმრები და არ მახსენდება, თუნდაც მაშინ მოეყოლა რაიმე ნიკოზე.
 
 
 

- რაიმე წერილიც არ შემორჩენილა, ერთმანეთისადმი მიწერილი?

 

- იცით, სიმართლე გითხრათ, თათუშამ რაღაც წერილები დაწვა, ოღონდ არ ვიცი, რატომ. ნიკოს დღიურიც ჰქონდა, მაგრამ აღარც ის დღიური არსებობს, გაქრა. სხვათა შორის, ბებოს არასდროს უთქვამს, ნიკო რისგან გარდაიცვალა. ბევრჯერ ვკითხე მასაც, მამასა და ბიძებსაც, მაგრამ პასუხი არასდროს გაუციათ. ჩემი ვარაუდით, სისხლის რაღაც დაავადება ჰქონდა, მაგრამ რატომ მიმალავდნენ, არ ვიცი.
 
 
 
ზოგადად, ბებოც ბაბუასავით სიტყვაძუნწი იყო. მისი მონათხრობი ერთი ამბავი გამახსენდა, 1937 წელს მომხდარა. ნიკო მწერალთა კავშირის შეკრებაზე მისულა და ერთ-ერთ მწერალს (ბებო გვარს არ ასახელებდა) უთქვამს: ჯერ ჩვენი რიგები გაწმენდილი არ არის, ვიდრე ნიკო ლორთქიფანიძე ჩვენს რიგებშიაო. ნიკო შინ რომ დაბრუნებულა, არალიტერატურული ხელნაწერები დაუწვავს, თათუშასთვის ბარგი ჩაულაგებინებია და უთხოვია, ბავშვები წაიყვანეო... მაგრამ მერე ჩვენი ერთ-ერთი ნათესავი - შალვა დადიანი ჩარეულა და ნიკო რეპრესირებისგან გადაურჩენია.
 
 
 
მარცხნიდან მე-2 ნიკო ლორთქიფანიძე, მე-4 მიხეილ ჯავახიშვილი კიევ-პეჩორის ლავრაში
ფოტო: მარცხნიდან მე-2 ნიკო ლორთქიფანიძე, მე-4 მიხეილ ჯავახიშვილი კიევ-პეჩორის ლავრაში
 
 
 
საერთოდ, ნიკო აქტიური კაცი არ ყოფილა, საკუთარი თავის წარმოჩენა სრულიად არ ჰყვარებია.
კიდევ ერთი შემთხვევა ვიცი, არ მახსოვს, თათუ ბებოსგან თუ სხვამ მომიყვა: დაახლოებით, 1920 წელი ყოფილა და ერთ-ერთი მათი ნათესავი, გვარად ფავლენიშვილი, რომელიც გადასახლებული იყო, მალულად ჩამოსულა, სხვა ნათესავთან მისულა და იქ, კარადის უკან ცხოვრობდა - იმალებოდა. ნიკოსთან შეხვედრა მოუთხოვია და ბაბუაც შეხვედრია - თურმე, კომუნისტური პარტიის დასამარცხებლად ნიკოს რაღაც ორგანიზაციის შექმნა და მის სათავეში ჩადგომა სთხოვეს. ამაზე ნიკოს უპასუხია, - ტყუილად დაიღუპავთ თავს, ჯერ კომუნისტების დამანგრეველი ძალა არ დაბადებულაო.

 

 

 


- რომ წამოიზარდნენ, შვილებს თავისი ნაწარმოებების შესახებ აზრს არ უზიარებდა ან მათი მოსაზრებით არ ინტერესდებოდა?

 

- თვითონ - ნაკლებად. ცხოვრებაშიც ისეთივე ლაკონიური ყოფილა, როგორიც - ნაწერებში. შვილები კი ეკითხებოდნენ რაღაც-რაღაცებს. განსაკუთრებით, მერაბი ინტერესდებოდა მამის ნაწერებით. ჟურნალისტი იყო და მამასთან შემოქმედებასა და ზოგადად, ლიტერატურაზე, ძირითადად, ის საუბრობდა. მამის არქივიც მან დაამუშავა. საერთოდ კი ბიძებისგან და მამისგან ვიცი, რომ ნიკო მათ არასდროს უბრაზდებოდა, თუმცა სამივეს მისი დიდი რიდი ჰქონდა. მახსოვს, შვილები ბებოსაც მორიდებითა და პატივისცემით ექცეოდნენ. ოთახში შემოვიდოდა თუ არა, სამივე ფეხზე დგებოდა...
 
 
 

იცით, რატომღაც მგონია, ბაბუას რომ ეცოცხლა, დავუახლოვდებოდი კიდეც, რადგან მასთან ახლოს იყო ბიძაჩემი - მერაბი, მე და მერაბი კი განსაკუთრებულად კარგად ვუგებდით ერთმანეთს, მამაზე ახლოსაც კი ვიყავი მასთან. დღეს სწორედ მის სახლში ვცხოვრობ და ბაბუას არქივიც მან მე დამიტოვა. ისე, ნიკო ახალგაზრდა - 64 წლისა გარდაიცვალა, უფროსი ვაჟი - ნოდარი კიდევ უფრო ახალგაზრდა იყო, 60 წლის. ნოდარი დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა, ქერჩთან იბრძოდა და მძიმედ დაიჭრა. იქვე დაუწვენიათ, ჰოსპიტალში. იმხანად მამაჩემი 19 წლის ყოფილა, მშობლებს გაჰპარვია, ძმისთვის ჩაუკითხავს და საქართველოში ჩამოუყვანია. ნოდარის გარდაცვალების შემდეგ თათუ ბებო ძალიან "ჩაიკეტა". მერე დანარჩენი ორი ვაჟიც გარდაიცვალა, ბებომ კი დიდხანს იცოცხლა და 86 წლისა გარდაიცვალა. ერთადერთი შთამომავალი მე დავრჩი და როგორც ხედავთ, მეც საკმაოდ სიტყვაძუნწი ვარ...

 

 

https://www.kvirispalitra.ge/

წაკითხვა 991 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 01 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.