ირაკლი ქარსელაძე და ზვიად შალამბერიძე რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, პარალელურად, ყველა გვირაბზე მიმდინარეობს. სულ, 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 37 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები უკვე სარგებლობენ. 97 ხიდიდან, სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 91 ხიდზე, საიდანაც 52 უკვე აშენებულია. 6 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 მონაკვეთად არის დაყოფილი (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი; ხევი-უბისას მონაკვეთი; უბისა-შორაპანის მონაკვეთი; შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი).
ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.
,, რიკოთის საავტომობილო გზის, ორი მნიშვნელოვანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები ფაქტიურად დასასრულს მიუახლოვდა, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მონაკვეთი გახდეს უფრიო გამტანუნარიანი. მომავალ წელს, როდესაც მთლიანად დასრულდება რიკოთის პროექტი და ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიზრდება ტვირთბრუნვა და გაიზრდება მგზავრთა ნაკადი, რაც პირდაპირ პროპორციულად იქნება ასახული იმერეთის რეგიონის განვითარებასთან“ - ზვიად შალამბერიძე.
„აქტიურად მიმდინარეობს რიკოთის საუკუნის პროექტი. მოვინახულეთ ყველა მონაკვეთი. გამორჩეულად დაწინაურებულია ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის მონაკვეთები, სადაც წლის ბოლოსთვის დაგეგმილი პროგრესი 87% და 83% გვექნება და შესაბამისად, ვგეგმავთ დაახლოებით 11კმ-დან 15კმ-მდე გზის მშენებლობის დასრულებას,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის ყველა მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მასშტაბურ პროექტებს ყოველთვის ახლავს სხვადასხვა ხასიათის გამოწვევები. ეს იქნება გეოლოგიური, მეწყრების სახით, მეტეოროლოგიური, ნედლეულის მიწოდების თუ სხვა.
„მაგალითად, მეტალის მოწოდებასთან დაკავშირებით შეგვექმნა გარკვეული პრობლემები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოვახერხეთ გადაწყობა, მაინც გვაქვს მეტალის მასალის დაგვიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, აისახება სამუშაოების მიმდინარეობაზე. ამასთან, ხარისხი არის ჩვენი პრიორიტეტი და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე, რათა უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის საფარის მოწყობა. შესაბამისად, სწორედ ამაზეა დამოკიდებული წლის ბოლოსთვის დავასრულებთ თუ არა 11 კმ-იან და 15 კმ-იან გზის მონაკვეთებს,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, რიკოთზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესი, საერთო ჯამში, იძლევა იმის თამამად თქმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელს რიკოთის პროექტი დასრულდება და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც საერთაშორისო, რეგიონულ ჭრილში, ისე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები პანდემიის პერიოდშიც არ გაჩერებულა. მაგისტრალის 2 კმ-იან ორ ზოლიან, ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი