"უსამართლოდ მივიჩნევ ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ფიგურის გაძევებას პოლიტიკური სივრციდან"

ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მოკლედ, რისთვის ვიბრძვი:

 

1. დამოუკიდებელი სასამართლო - ხელახლა დაკომპლექტებული ყველა ინსტანცია, უზენაესი და საკოსტიტუციო სასამართლოების ჩათვლით. დააკომპლექტოს მხოლოდ არასამთავრობო სექტორისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ. ნულოვანი ბმა პოლიტიკოსებთან.

 

2. დეპოლიტიზირებული პოლიცია - შსს განახორციელებს მხოლოდ ლოჯისტიკურ ზედამხედველობას, როგორც თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბის ურთიერთმიმართება. პოლიციის უფროსი დაინიშნოს პარლამენტის მიერ, ოპოზიციის სავალდებულო ჩართულობის პირობით (ვეტოს უფლება ან რამე სხვაგვარი მექნიზმი). ინიშნება კონკრეტული ვადით და არავითარი ბმა საარჩევნო ციკლებთან არ აქვს. ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

 

3. დეპოლიტიზირებული პროკურატურა - სამ ნაწილად დაიშალოს პროკურატურა: ანტიკორუფციული, სამართალდამცავ და ძალოვან სისტემაში ჩადენილი დანაშაულების და დანარჩენ დანაშაულებზე მომუშავე. სამივე პროკურატურის ხელმძღვანელი დაინიშნოს პოლიციის უფროსისთვის ზემოთ განსაზღვრული წესით.

 

4. სუსის გაუქმება და არც ერთ ფორმატში პოლიტიკური პოლიციის არდაშვება.

 

5. თავისუფალი და სამართლიანი პროპორციული არჩევნები 3%იანი ბარიერით - საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ზემოაღნიშნული წესით დანიშვნდა და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის უმრავლესობაში ან პრივილეგრებულ მდგომარეობაში ყოფნის გამორიცხვით. არჩევნების ჩატარება ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე ადმინ რესურსთან, მოსყიდვასთან და გაყალბებასთან დაკავშირებით.

 

6. სრული პოლიტიკური ამნისტია - ყველა პოლიტდევნილის გათავისუფლება პატიმრობიდან და ქვეყანაში დაბრუნება. ასევე, ახალი პოლიტდევნილების გაჩენის არდაშვება. ვერ შევადარებ ნაცმოძრაობის პოლიტდევნილებს ოცნების დანაშაულებრივი რეჟიმის დამქაშებს, თუმცა ქვეყნისთვის ასე ჯობია და დანაშაულის შემთხვევაშიც - პოლიტიკური ამნისტია. ყველას მიერ თავისუფალი არჩევნების მეშვეობით იმის გარკვევა, ვის რა მანდატს აძლევს ხალხი.

 

7. დეოლიგარქიზაციის აქტი - სრული გამორიცხვა და პოლიტიკაში მონაწილეობისთვის ყველა კარის ჩაკეტვა ოლიგარქისთვის (მოქმედი და პოტენციური). აკრძალვის მიუხედავად პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა მკაცრად უნდა აღიკვეთოს, მათ შორის, ამნისტირებული დანაშაულების უკან შებრუნების და სასჯელის დადგენის გზით.

 

8. რამდენიმე წლით მედიის გათავისუფლება გადასახადებისგან - ქართულმა ოცნებამ რ2ის ჯინაზე დაანგრია სარეკლამო ბაზარი და ვიდრე ის აღდგება, ტელევიზიებს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მოიპოვონ ფინანსები და არ დაჭირდეთ ე.წ. ჩასხმა და მას მოყოლებული სარედაქციო პოლიტიკის კორექტირება. დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობისთვის ეს გარდაუვალი აუცილებლობაა.

 

დანარჩენი, ვინ, სად, როგორ, რანაირად, საერთოდ არ მაინტერესებს, მეგობრებო. მე იდეისთვის და ჩემი სამშობლოსთვის ვიბრძვი და ტყუილად გგონიათ, რომ ვინმეს პერსონალურად ვემსახურები. ზემოთ მოყვანილი პირობების განხორციელება, სამუდამოდ გამორიცხავს ახალი მეფის გაჩენას. შესაძლებელი იქნება მხოლოდ კარგი ან ცუდი მთავრობა გვყავდეს, მაგრამ არა შეუცვლელი ან ავტოკრატიული.

 

რაც შეეხება სააკაშვილთან ჩემს დამოკიდებულებას, დიახ, ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად მასზე სერიოზულ მოკავშირეს ვერ ვხედავ. ასევე, დანაშაულებრივად და უსამართლოდ მივიჩნევ ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ფიგურის გაძევებას პოლიტიკური სივრციდან და მხოლოდ დევნილობიდან მის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში. პლიუს, სუფთა პრაგმატულადაც ვეპყრობი ამ საკითხს. აბა, მითხარით, რომელია სხვა პროდასავლური ძალა, რომელსაც შეუძლია 800.000 ხმის აღება და იმასთანაც დიდებულად ვითანამშრომლებ, როგორც მთავარ მოკავშირესთან."- წერს ნიკა გვარამია.

წაკითხვა 1057 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.