ყველა მიზნის ასრულება შესაძლებელია, თუ საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებ - ლიკა კილაძე
პროფესიის არჩევა რთული და მრავალმხრივი პროცესია, რომელზეც მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. იგი განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ცხოვრებასა და საქმიანობას. პროფესიის სწორად არჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნული ზრდისა და კარიერული წინსვლისათვის.
მეცნიერები თვლიან, რომ პროფესიის არჩევისას ადამიანზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს – უნარები, ინტერესები, მოტივაცია, ღირებულებები, ოჯახი.
FirstNews.ge გთავაზობთ რუბრიკას - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“. ჩვენი რუბრიკის სტუმარია ლიკა კილაძე განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. ის საკუთარი ცხოვრებისა და წარმატების შესახებ გვიყვება და აღნიშნავს, რომ წარმატება მუდმივი განვითარება და მონაპოვარის ღირსეულად შენარჩუნებაა, რისთვისაც სისტემატური და დაუღალავი შრომაა საჭირო.
- საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, სოხუმში დავიბადე და თოთხმეტ წლამდე ოჯახთან ერთად აფხაზეთში ვცხოვრობდი. სამწუხაროდ, 1992 წელს ჩვენ სახლი დავტოვეთ და საცხოვრებლად ქუთაისში გადმოვსახლდით. ოჯახის ყველა წევრს გულწრფელად გვჯეროდა, რომ ჩვენი ადგილმონაცვლეობა დროებითი იყო.
ქუთაისმა ჩემი ოჯახი გულთბილად მიიღო. მე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები და უახლოესი მეგობრები მაკავშირებს ამ ქალაქს.
რაც შეეხება ბავშვობას, ძალიან ჩვეულებრივი, „საბჭოთა ბავშვი“ ვიყავი, რომელიც სკოლაში თეთრი წინსაფრით, ყელსახვევით და მუდამ მოწესრიგებული მიდიოდა. კარგად მქონდა ჩაბეჭდილი გონებაში ,,ძია ლენინის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი რვეულის“ ისტორია.
დავდიოდი მუსიკალურ სასწავლებელში, ხატვის წრეზე და უცხო ენაზე. ეს მაშინდელი ,,სრულყოფილი ბავშვობის“ აუცილებელი შემადგენელი იყო. განსაკუთრებით მეზარებოდა მუსიკაზე სიარული, თუმცა წარმოსახვაშიც კი ვერ დავუშვებდი, რომ მუსიკალური სასწავლებლის მიტოვების უფლებას მომცემდა დედა.
- რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია?
- ორი პროფესია მაქვს. ინჟინერ-ბიოტექნოლოგი, დიპლომი მეღვინეობაში დავიცავი და მეორე, ბიზნესის ადმინისტრირება.
პირველი პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ ბიოტექნოლოგიას მომავლის პროფესიად ვხედავდი. ძალიან მომწონდა სამეცნიერო ქიმია და ბიოლოგია. 90-იანმა წლებმა დამანახა რომ ამ დარგის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში წლები დასჭირდებოდა და ის ბევრად აცდებოდა ჩემი პროფესიული განვითარების წლებს. შესაბამისად, მოგვიანებით კიდევ ერთი საინტერესო პროფესია: ბიზნესის ადმინისტრირება ავირჩიე და უმაღლეს საფეხურზე სწავლა კიდევ ერთხელ, თავიდან დავიწყე. დღესაც ვსწავლობ. ამჟამად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ და ნაშრომს თემაზე: ,,მრავალფეროვნების გავლენა სოციალური საწარმოს მართვის ეფექტიანობაზე“ ვამზადებ.
რაც შეეხება კარიერას, მე ის მთლიანად სამოქალაქო სექტორს დავუკავშირე. 1998 წელს ფონდი აფხაზინტერკონტის საქმიანობებში მოხალისეობრივად ჩავერთე, მოგვიანებით საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს, შემდეგ ვოლდ ვიჟენ საქართველოს. ამ წლებმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ეს ის სფერო იყო, რომელიც განვითარების შესაძლებლობას და რაც მთავარია ჩემთვის სასიამოვნო საქმის კეთების საშუალებას მაძლევდა.
ძნელია ემსახურებოდე რაიმე იდეას ან საქმეს, თუ ის არ მოგწონს, მისი არ გჯერა და წარმატების მიღწევით კმაყოფილებას ვერ აღწევ. სამოქალაქო სექტორი ჩემთვის თავისუფლების, სიახლეებისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების კეთების ადგილია. აი, ამიტომაც ვარ იქ, სადაც ვარ და ჩემი საგანმანათლებლო მიზნებიც მჭიდრო კავშირშია იმ სფეროსთან, რომელშიც ვმუშაობ.
- ეს პროფესია თქვენი ბავშვობის ოცნებაა?
- არა, ეს ჩემი ბავშვობის ოცნების პროფესიები ნამდვილად არ ყოფილა. ზოგადად, თუ შევხედავთ მსოფლიო მოსახლეობის გამოცდილებას, საშუალო სტატისტიკური მონაცემით, ადამიანები ცხოვრებში 2-3-ჯერ მაინც იცვლიან პროფესიას და ეს ცვლილებები მათი შეხედულებების, ინტერესების, საცხოვრებელი ადგილის და სხვა გარემოებების ცვლილებას უკავშირდება. ამიტომ ვინ იცის, იქნებ ჩემი მთავარი არჩევანიც ჯერ წინ არის და იქნებ ამიხდეს ბავშვობის ოცნება.
- როგორ მიაღწიეთ წარმატებას? რა ხერხები ან რა თვისებები დაგჭირდათ ამისთვის?
- წარმატება ძალიან პირობითი განსაზღვრებაა. მე არ ვთვლი, რომ წარმატებას მივაღწიე ან ცხოვრებაში რაიმე ეტაპი დავასრულე. პირიქით, ყოველდღე ვისწრაფვი იმისკენ, რომ ის საქმე, რასაც ვემსახურები, იყოს წარმატებული. ზოგადად ჩემთვის, წარმატება მუდმივი განვითარება და მონაპოვარის ღირსეულად შენარჩუნებაა, რისთვისაც სისტემატური და დაუღალავი შრომაა საჭირო.
- რა არის თქვენი პროფესიის მთავარი მიზანი? რას ემსახურებით?
- იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ საზოგადოებისთვის ბევრი სიკეთე მოაქვს. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვისი დახმარება სჭირდება. ამასთანავე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ტიპის ორგანიზაციები, ხშირად სახელმწიფო მმართველობის სისტემაში ეფექტიანი მიდგომებისა და ინოვაციური მოდელების დანერგვას ითვალისწინებს. მე მეამაყება ყველა ის წარმატებით დასრულებული პროექტი, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ თვალსაჩინოდ შეცვალა.
- თქვენი აზრით, რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას, რომ თქვენს პროფესიას დაეუფლოს?
- გამიჭირდება ჩემს პროფესიასთან კავშირის გაკეთება, ვინაიდან ეს, ჩემი აზრი, ძალიან ინდივიდუალურია. თუმცა საკუთარ შვილს, პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით ყოველთვის ვურჩევ, რომ არჩევანი გააზრებულად და სიყვარულით გააკეთოს. მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, უნდა ეცადოს, რომ მის საქმეში პროფესიონალად იქცეს და იმ პროფესიის განვითარებაში საკუთარი კვალი დატოვოს.
- რას ურჩევდით მომავალ თაობას, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ თქვენი პროფესიის არჩევა?
- ახალგაზრდებს დღეს, საოცრად საინტერესო გარემოში უწევთ ცხოვრება, რომელიც უსაზღვრო შესაძლებლობებითაა გაჯერებული. გლობალიზაციისა და ტექნოლოგიების განვითარების ფონზე წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობები აქვთ ახალგაზრდებს, როგორც განათლების, ისე დასაქმების კუთხით.
ერთადერთი თუ რაიმეს რჩევა ამ მიმართულებით შემიძლია, არის ის, რომ დააფასონ დრო, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება. არც ერთი წუთი არ გაფლანგონ და არასოდეს თქვან უარი ამბიციურ მიზნებზე. ყველა მიზნის ასრულებაა შესაძლებელი, თუ ეს ძალიან გინდა და საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"