November 21, 2024

„ფიფლ ინ ნიდ“-ის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვორკშოპი თემაზე - „მედიაწიგნიერება - ციფრული უნარები სასკოლო განათლებაში“ ჩატარდა

ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ვორკშოპი თემაზე: „მედიაწიგნიერება - ციფრული უნარები სასკოლო განათლებაში“ ჩატარდა. შეხვედრას საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრა მიზნად ისახავდა მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის თემაზე ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის გამოცდილების გაზიარებასა და OWIS-ის (One World in Schools – „ერთი მსოფლიო სკოლებში“) მეთოდოლოგიის გაცნობას. ასევე, დამხმარე სახელმძღვანელოებისა და დოკუმენტური ფილმების ვებ-მისამართების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.



შეხვედრაზე აუდიტორია გაეცნო ნიკოლას ვეულის დოკუმენტურ ფილმს „გამომიწერე,“ რომელიც ინფლუენსერებსა და ინსტაგრამის პლატფორმაზე ყალბი გამომწერების შესახებ გვიყვება. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

 


შეხვედრის შესახებ FirstNews.ge-ს უფრო ვრცლად პროექტის მენეჯერი თეონა ფურცხვანიძე ესაუბრა:

 

"სასკოლო განათლებაში მედიაწიგნიერების თემა მეტად აქტუალურია. უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვატარებთ ინტერაქტიულ ვორკშოპებს მედიაწიგნიერებაზე, ციფრულ მოქალაქეობასა და მის მნიშვნელობაზე. ვხდებით პედაგოგებს, საგანმანათლებლო სისტემაში მომუშავე პირებს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ი ადამიანის უფლებებისა და მედიაწიგნიერების საკითხებზე ფლობს უნიკალურ მასალებს, ჩვენ ვიყენებთ "OWIS" (One World in Schools)-ის მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს სწავლებას დოკუმენტური ფილმებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების მეშვეობით. სწორედ, აღნიშნული ონლაინ რესურსების და მასალების გაცნობა/გაზიარება ხდება ჩვენს შეხვედრებზე, რისი გამოყენებაც პედაგოგებს შეუძლიათ სასწავლო პროცესში," - განაცხადა თეონა ფურცხვანიძემ.

 

084A2352



შეხვედრა ასევე FirstNews.ge-თან საუბარში ვორკშოპის მონაწილეებმა შეაფასეს.



„მედიაწიგნიერების ვორკშოპი საინტერესოდ წარიმართა. პედაგოგებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ დეზინფორმაციასთან და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით. დავფიქრდი, იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის მეთოდები, რაც დაგვეხმარება ინტერნეტსივრცეში თავი დავიცვათ კიბერშეტევებისგან და საფრთხეებს თავი ავარიდოთ. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გავუზიარებთ ჩვენს მოსწავლეებს.


გარდა ამისა, შეხვედრაზე ბევრი საინტერესო ფილმი და სახელმძღვანელო გაგვიზიარეს, რომლებიც მედიაწიგნიერების სხვადასხვა საკითხებს ეხება და ღირებულ მასალას წარმოადგენს ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის,“- აღნიშნა სსიპ ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგმა ირმა ტოროშელიძემ.

 

ირმა ტოროშელიძეJPG



„მედია წიგნიერების საკითხზე რამდენიმე ტრენინგს ვესწრებოდი, თუმცა ამ ვორკშოპზე სიახლეები ნამდვილად იყო. ტრენინგზე ნაჩვენები ფილმიდან გამომდინარე, როგორც ვხედავთ ძალიან მარტივი გახდა ადამიანისთვის სირაქლემას პოზიციაში ყოფნა. ქვეყანა რომ იქცეოდეს, თუნდაც ომი იყოს, თუკი ინტერნეტი არის, იქ შეგიძლია იყო ფერად სამყაროში და გაერთო. ამისთვის არსებობს გარკვეული სოციალური ქსელები. ადამიანი, როგორც კი დაძაბულობას დაინახავს რეალურ სამყაროში, განტვირთვას ინტერნეტში პოვებს. არის უამრავი საიტი, რომლითაც შეგვიძლია ცრუ და მართალი ინფორმაცია გავარჩიოთ ერთმანეთისგან. ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მარტივად იჯერებს ინტერნეტ რეკლამებს და ვერ არჩევს სიმართლეს სიცრუისაგან. ვფიქრობ, ასეთი ვორკშოპი, პედაგოგებთან ერთად რიგით მოქალაქეებსაც უნდა ჩაუტარდეს.

 

ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, სასკოლო განათლებაშიც გამოვიყენებთ. მოსწავლეებს ეძლევათ ისეთი დავალებები, რომელსაც სჭირდება ინტერნეტში ინფორმაციების მოძიება. ინფორმაციის გადამოწმება კი, თუკი წყარო არ არსებობს, ძალიან ძნელია. როგორც ვიცით, ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია და ფაქტები დამახინჯებულია. პირადად მეც კი შემხვედრია ისტორიულად გაყალბებული ინფორმაციები, ამიტომ დღევანდელ ვორკშოპზე კიდევ ერთხელ დავფიქრდი ინფორმაციის გადამოწმების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში სსიპ ამბროლაურის, სოფელ ურავის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ფიქრია ბერიშვილმა.

 

ფიქრია ბერიშვილი. 1



პროექტი „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, რადიო მარნეულთან პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედია აქტორების ინფორმირებულობის გაზრდას დეზინფორმაციის, ყალბი ამბების თაობაზე, ასევე, ახალგაზრდების, პედაგოგებისა და განათლების სისტემაში მომუშავე სხვა აქტორების ცნობიერების ამაღლებას მედიაწიგნიერების მიმართულებით.

 

წაკითხვა 476 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 22 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.